"დაღლილი მშობელი კი ცდილობს, მაგრამ ზოგჯერ ნერვების მართვა არც ისე ადვილია. აი, ეს არის სიმართლე", "დავგეგმავ რაღაცებს და რა თქმა უნდა, ვერ ვაკეთებ, დრო გარბის, იზრდებიან ბავშვები..." - ყველაზე მეტად რა პრობლემები აქვთ თანამედროვე მშობლებს - მშობლები

"დაღლილი მშობელი კი ცდილობს, მაგრამ ზოგჯერ ნერვების მართვა არც ისე ადვილია. აი, ეს არის სიმართლე", "დავგეგმავ რაღაცებს და რა თქმა უნდა, ვერ ვაკეთებ, დრო გარბის, იზრდებიან ბავშვები..." - ყველაზე მეტად რა პრობლემები აქვთ თანამედროვე მშობლებს

2024-02-26 17:15:53+04:00

რა გიქმნით ყველაზე დიდ პრობლემას შვილების აღზრდისას, რა არის თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ყველაზე დიდი სირთულე? - საიტმა mshoblebi.ge-მ ამ შეკითხვებით მშობლებს მიმართა.

გამოკითხვაში 250 მშობელი ჩაერთო. როგორ აღმოჩნდა, დღევანდელი მშობლების დიდ უმრავლესობას შვილის აღზრდაში მთავარ პრობლემად და სირთულედ გაჯეტები და ინტერნეტი მიაჩნია.

"კი ბატონო, არ მივცემ ტელეფონს, მაგრამ კლასში 25 ბავშვს რომ ტელეფონი უჭირავს და ერთი შენია ტელეფონის გარეშე, თუ ფიქრობთ იმას, რას განიცდის ამ დროს ბავშვი. რაც არ უნდა უხსნა, რომ იმიტომ არ გაძლევ ტელეფონს, რომ დამოკიდებული არ იყო, ამას ბავშვი ვერ გაიგებს, როცა მის გარშემო ოცდახუთივე ბავშვს ტელეფონი უჭირავს.

ამის შემდეგ გამოკითხულთა დიდი ნაწილი დროის ნაკლებობას ასახელებს და წუხს, რომ სამსახურების და საოჯახო საქმეების გამო შვილებთან საკმარის დროს ვერ ატარებენ.

"ყველაზე დიდი პრობლემა აღზრდაში არის დროის სიმცირე და ყურადღების ნაკლებობა. იმიტომ კი არა, რომ მშობელს შვილი არ უყვარს. იმიტომ, რომ უმეტესი დრო სამსახურს ეთმობა და რაც არ უნდა თავები ვიტყუოთ, შვილებს დროს ვაკლებთ. დაღლილი მშობელი კი ცდილობს, მაგრამ ზოგჯერ ნერვების მართვა არც ისე ადვილია. აი, ეს არის სიმართლე".

"კარგი იქნებოდა, დედა მხოლოდ შვილების აღზრდით იყოს დაკავებული და მილიონი საოჯახო საქმე არ ჰქონდეს დამატებით საკეთებელი. იმდენი საქმეა სახლში, ბავშვებს ვერ ვუთმობ დროს, რომ ვეთამაშო, დავგეგმავ რაღაცეებს და რა თქმა უნდა, ვერ ვაკეთებ, დრო გარბის იზრდებიან ბავშვები".

"დღეს ყველაზე მეტად მშობლების მიერ ყურადღების ნაკლებობაა შვილების მიმართ, რადგან იმდენს შრომობენ, შრომობენ. დაღლილები მიდიან სახლში და ამ დროს ისე მალე იზრდებიან შვილები, რომ... ანაზღაურება კიდევ მინიმალურია! შვილებს კი სჭირდებათ ათასი რამ... მომზადება,წრეები და ა.შ.პირველ რიგში ანაზღაურება და შესაბამისი გრაფიკი უნდა იყოს ისეთი, რომ ოჯახთან მეტი დრო გაატარონ."

ასევე ბევრი მშობლის პრობლემა აღმოჩნდა განათლების სისტემა, სკოლა, მასწავლებლები.

"იდიოტური სასწავლო პროგრამა. ტელეფონი არ ჰქონდა, მაგრამ იძულებული გავხდი, მეყიდა. დავალებები ინტერნეტში, მასალის მოძიება ინტერნეტით, დახაზვა, დახატვა, თემების დამუშავება და მოძიება ინტერნეტით. რა პირობებსაც ვუქმნით ბავშვებს, იმ შედეგებს ვღებულობთ."
"სახელმძღვანელოებს და ზოგადად, რა სისტემაცაა, არ ვეთანხმები და მასწავლებლებს - როგორ ლანძღვენ და ულანძღავენ ოჯახებს და გაკვეთილიდან აგდებენ და მერე ემუქრებიან".
"გაჯეთებზე საერთოდ არ მაქვს პრობლემა, არ ვაძლევ ტელეფონს საერთოდ, თუმცა ზუსტად ეგ მიქმნის პრობლემას, რომ სახლში საშინელება ხდება მაგ დროს. აღარ იციან, რით გაერთონ. იძულებული ვარ, რაღაც თამაშები მოვიფიქროთ, რაც განვითარებას უწყობს ხელს, თუმცა არც მაქვს ხშირად მაგის დროც და მაგის გარდა, ყოველდღიური რეჟიმი ძალიან მიჭირს, სულ სახლში გამოკეტილი რომ ვარ."
"უხარისხო განათლების სისტემა. ბავშვი რეპეტიტორის გარეშე რომ ცოდნას ვერ იღებს." - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
სხვა პრობლემები, რომლებიც გამოკითხულთაგან რამდენიმე ადამიანმა დაასახელა:
  • უჭმელი ბავშვი
  • სიჯიუტე
  • ოჯახის წევრების არასწორი ჩარევა
  • მატერიალური პრობლემები.
  • თანატოლებთან ურთიერთობები