სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლაც ერთი ნაბიჯია. კაცმა სიცოცხლე გაწირა ლამის საყვარელი ადამიანისთვის, თუმცა ახლა ჯოჯოხეთად უქცია ცხოვრება. ნიუიორკელი ექიმის რიჩარდ ბატისტასა და მისი ცოლის დოუნელას შესახებ ახლა ყველა საუბრობს. ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი იყვნენ, კონფლიქტებით და შერიგებებით, განქორწინებამდეც იყვნენ მისული, როცა მოულოდნელად ქალს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ გახდა საჭირო თირკმლის გადანერგვა. სანამ დოუნელა ექიმებში დადიოდა, რიჩარდმა გადაწყვიტა, რომ დონორი გახდებოდა. თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან, ბევრი ფიქრობს, რომ ის ამას პირველ რიგში ქალის სამუდამოდ "დასაბევებლად" აკეთებდა - ამ მადლს ხომ ქალი ვერასოდეს აანაზღაურებდა და ვეღარც წავიდოდა მისგან.
სწორედ ამ მიზნით წავიდა ანალიზების გასაკეთებლად. თავსებადობა იდეალური გამოდგა და 2001 წელს ოპერაციაც გაკეთდა. ორგანო მოერგო, ქალი გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას. თუმცა მალე მიხვდა, რომ სიყვარული ნამდვილად გაქრა და არც თირკმელი უშველიდა და არაფერი ამ ქორწინებას. თანაც, ამასობაში რომანი გააჩაღა ფიზიოთერაპევტთან, რომელიც ძალების აღდგენაში ეხმარებოდა.
ერთ დღესაც ქმარს გამოუცხადა, რომ სიყვარული გაქრა და უნდა განქორწინებულიყვნენ. რიჩარდი გაცოფდა, ხოლო როცა ღალატის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა, შური ეძია.
"მე მას სიცოცხლე ვაჩუქე და აი, ასე მიღალატა... ეს გამაოგნებელია. მიღალატა და არც კი უცდია, შერიგების გზები ეძებნა", - ამბობდა ბატისტა.
2005 წელს წყვილი განქორწინდა. ერთი წელი დაჭირდა ქონების გაყოფას და დავას სამი საერთო შვილისთვის. აი თირკმლის გარშემო დავა კი მხოლოდ ახლა დასრულდა. ამ საკითხს ადვოკატები და მოსამართლეები 20 წელი უტრიალებდნენ.