განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან 2-3 ათას სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს:
"სხვადასხვა სერვისზე, მათ შორის, სტაჟირება-დასაქმებაზე მუშაობას აქტიურად ვიწყებთ, ვინაიდან, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება ის, რომ ახალგაზრდებს, სწავლის პერიოდის დასრულების შემდეგ, მათთვის სწორი კარიერული გაგრძელების პირობები შევთავაზოთ. ეს წელსვე განხორციელდება. კანონის მოთხოვნაა, რომ კურსდამთავრებულები უნდა იყვნენ. შესაბამისად, ვინც უნივერსიტეტს წელს ამთავრებს, მათთვის ზაფხულის პერიოდშივე შესაბამისი კონკურსები დაიწყება, რომ უკვე სექტემბრიდან ისინი სტაჟირებაზე განაწილდნენ. ეს ეხება ყველა სამინისტროს, სამინისტროების ქვეშ არსებულ სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებასა, სიპებს. ასევე, მუნიციპალიტეტებს, ყველა რაიონის მიხედვით. უახლოეს პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებებიდან, პროფესიებისა და მიმართულებების მიხედვით, ადგილების შესახებ ინფორმაციას შევკრებთ. ვფიქრობთ, დაახლოებით, ეს რიცხვი 2-3-ათასის ფარგლებში იმერყევებს. შესაბამისად, ძალიან ნათელი, ინკლუზიური და ობიექტური ინდიკატორებით გაიმართება კონკურსი, რომ რაც შეიძლება, ფართო შესაძლებლობებითა და მეტი სტუდენტის მობილიზება შევძლოთ. გასაგებია, რომ მოთხოვნა შეიძლება, გაცილებით დიდი იყოს, თუმცა ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და საზოგადოებას გარანტიას ვაძლევთ, რომ ეს უწყებათაშორისი კომისიით, შესაბამისად ჩატარებული კონკურსით იქნება წარიმართება. ვინაიდან, აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ იმ ცოდნისა და უნარების სტუდენტები, ვისაც წახალისება და კარიერულ განვითარებაში ხელშეწყობა ნამდვილად სჭირდებათ. ამიტომ, წელსვე, ზაფხულში დაიწყება ეს კონკურსი და ვფიქრობთ, უკვე სექტემბრიდან 2-3-ათას სტუდენტს ანაზღაურებადი სტაჟირების 4-თვიან პროგრამას შევთავაზებთ. ბუნებრივია, ეს ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან, შემდგომ კიდევ უფრო ფართო ინიციატივები გვექნება." - ამბობს გიორგი ამილახვარი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი გამოაქვეყნა.
"პროექტი გულისხმობს იმგვარი სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც აღიზრდება ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება.“ - წერია პროექტის მიზანში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ განახლებული სტანდარტების მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოების შეცვლაც იგეგმება:
"ეს საკმაოდ ფართო და საფუძვლიანი რეფორმაა და ბუნებრივია, ამას თავისი პერიოდი დასჭირდება. ვინაიდან, 1 თვესა და წელში სრულად ამის ასახვა ვერ მოხდება. თუმცა, ამ დოკუმენტის დამტკიცებისთანავე, დიახ, ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი, გაწერილი და განსაზღვრული იქნება, თუ რა მიზნებზე უნდა გადიოდეს თითოეული საგანი, თითოეულ კლასში. ეს ახალი საგნების დამატებას, ან არსებულების გაუქმებას არ გულისხმობს. განახლებულ მიზნებზე ყველა სასკოლო საგნის მორგება იგულისხმება. ყველა იმ სახელმძღვანელოს სრულად განახლების, ან მორგების პროცესი დაიწყება, რომელიც განახლებულ მიზნებთან და სტანდარტებთან თანხვედრაში არ აღმოჩნდება. ამას, ალბათ, 1-2 წელი დასჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულად, საფუძვლიანად განვაახლოთ ზოგადი განათლების სისტემაში ყველა სასკოლო სტანდარტი და მათ შორის, ყველა სახელმძღვანელო." - აღნიშნავს მინისტრი.