"ზოგადად ვცდილობ, ანსამბლის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოვიძიო, ამას არა მარტო დღეს, წლების მანძილზე სულ ვაკეთებ. 2014 წელს აჭარის აკადემიური ანსამბლის მუზეუმი გაიხსნა და მასალებზე აქტიურად ვიმუშავე. იქაც არის ბატონი იურის ფოტო. იმავე წელს დოკუმენტური ფილმი გავაკეთე, სადაც დაარსებიდან დღემდე ანსამბლის ცხოვრებაა ასახული. ფილმში ბატონი იურის მსგავსად, ანსამბლში მოღვაწე, ვირტუოზი მოცეკვავეების, ლეგენდების კადრებიც არის გაცოცხლებული. ანსამბლი 103 წლის არის და ეს იუბილეც გრანდიოზულად ჩავატარეთ...
ანსამბლი დღესაც აგრძელებს აქტიურად მოღვაწეობას და ლეგენდების მიერ შექმნილი ინდივიდუალური ილეთ-მოძრაობებს არ ივიწყებს. მოკლედ, სულ ძიებაში ვარ, მინდა, ვიპოვო რაიმე ისტორიული მასალა და ახლა, სოციალური ქსელის საშუალებით, დათო გვეტაძის დახმარებით მოვიპოვე ეს ვიდეო, სადაც იური ცინცაძე ცეკვავს. ის ჩვენს გვერდზე მაშინვე გამოვაქვეყნე. ვიდეომ დღის განმავლობაში დაიპყრო ინტერნეტსივრცე. 27 თებერვალი „ციმციმას“ დღედ შეაფასეს" - გვეუბნება აჭარის აკადემიური ანსამბლის "არსიანი" პიარმენეჯერი ირინა ჩახვაძე მისგანვე შევიტყვეთ, რომ მოცეკვავე გენო ჭელიძე ითვლება სცენაზე იური ცინცაძის მემკვიდრედ,მისი ტრადიციების და ილეთების გამგრძელებლად. შემდეგ კი შეკრიბა ანსამბლი, რომელსაც "ციმციმა" დაარქვა.
გენო ჭელიძე:
- 30 წელია, ჩემს ანსამბლს "ციმციმა" ჰქვია. იურის შვილიშვილი ჩემთან ცეკვავდა... ჩემს ახალგაზრდობაში "ციმციმას" რომ ვუყურებდი, მისი ცეკვა მომწონდა. თავიდან პაროდიას ვაკეთებდი და ისე გავითავისე, რომ ამან სერიოზული სახე მიიღო. მერე მითხრეს, მოდი, იცეკვეო. ვიცეკვე და ასე მიმიღეს დიდ ანსამბლებში. იური ძირძველი ბათუმელი იყო, მაშინდელი მარქსის ქუჩელი, ცოტა ტრაგიკული ბედის კაცი გახლდათ, ბევრი რამ შეემთხვა... "სუხიშვილების“ ანსამბლის მოცეკვავეც იყო, მაგრამ დატოვა და მერე ცხოვრება აერია, ცეკვას თავი დაანება. ხელოვანი კაცი გზა ხშირად არ არის მარტივი... თუ დიდი ღონისძიება გვქონდა ხოლმე რამე, შევეხვეწებოდით და გვეხმარებოდა, ბოლოს იმასაც ჩამოშორდა. კარგი შვილი ჰყავს ეკა და კარგი სიძე.
იზოლდა აბაიშვილი იური ცინცაძის მეუღლეა. ის ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის სპეციალისტია, სადაც 60 წელია მუშაობს:
- დღეს იმდენი ადამიანი მეხმიანება, ტირის, მეც მატირეს, სიხარულის ცრემლებიც იყო, გახსენებაც, დიდ ემოციებში ჩავვარდით...
- როდის და როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?
- სტუდენტი ვიყავი, ფილოლოგიურზე ვსწავლობდი, რომ შემამჩნია, მისი სურვილი იყო, გავეცანი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამეცნო. თან მუზეუმში ვმუშაობდი და იქ მომაკითხა. მერე დავმეგობრდით. ისტორიებს მიყვებოდა თავის თავზე. 6 თვის შემდეგ შევუღლდით. შეგვეძინა 2 შვილი - უფროსი, ვაჟი დათო და უმცროსი - ეკა. ჩემი ბიჭი ძალიან კარგი, ნიჭიერი, ჭკვიანი იყო, მაგრამ 1992 წელს დამეღუპა, დამრჩა გოგო ეკა, რომელიც გათხოვდა მამულაძეზე და ჰყავს 2 ბიჭი, კარგი სიძე და შვილიშვილები მყავს. ბედნიერი ვარ, მაგრამ მოგონებები მძიმე მაქვს...