სხვადასხვა სათამაშოს და ასევე ხელსაქმის ნაკრებს ხშირად მოჰყვება დასაწებებელი პლასტმასის თვალები. სწორედ ასეთი თვალი გადაყლაპა 2 წლის ბიჭუნამ. მიუხედავად იმისა, რომ საგანი ძალიან პატარა იყო, ბავშვი მაინც ვერ გადაარჩინეს. თანაც ტრაგედია შემთხვევიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მოხდა.
2 წლის კაზარი დვაა-ლიდერის მშობლებმა 2022 წლის თებერვალში შენიშნეს, რომ ბავშვმა რაღაც გადაყლაპა. ბავშვი მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს და გამოკვლევები ჩაუტარეს. თუმცა, არც რენტგენი და არც ფლუოროსკოპია არ ადასტურებდნენ ბავშვის სხეულში უცხო საგნების არსებობას. თვალი პლასტმასისგან იყო დამზადებული, ამიტომ მოწყობილობებმა ეს უბრალოდ ვერ „დაინახეს“.
14 თვის განმავლობაში კაზარი ისე ცხოვრობდა, თითქოს არაფერი მომხდარა - ბავშვს არანაირი სიმპტომი და გართულება არ ჰქონია. მისი მშობლების თქმით, კაზარი იყო "საოცარი, ჭკვიანი, მხიარული და მოსიყვარულე პატარა ბიჭი". მაგრამ 2023 წლის 26 აპრილს ყველაფერი შეიცვალა - ბავშვი კლინიკაში სასწრაფო დახმარებით მოხვდა.
სანამ ექიმები ცდილობდნენ გაეგოთ, რა დაემართა ბავშვს, კაზარი გამთენიისას გარდაიცვალა. გამოძიებამ აჩვენა, რომ ბიჭუნას სიკვდილი კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის სისხლდენამ და ჰემორაგიულმა შოკმა გამოიწვია. მიზეზი საყლაპავი მილის რღვევა იყო და უცხო სხეული იყო, რომელმაც აორტა დააზიანა.
ბავშვის გარდაცვალება უბედურ შემთხვევას მიაწერეს, მაგრამ სამედიცინო ექსპერტები თვლიან, რომ მისი თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ბიჭს ენდოსკოპიას ჩაუტარებდნენ. ენდოსკოპია არის პროცედურა, რომლის დროსაც გრძელი, თხელი მილი პატარა კამერით საყლაპავში შედის უცხო სხეულებისა და სხვა პრობლემების აღმოსაჩენად.