სილვია ლაიკენსის გარდაცვალების ტრაგიკული ისტორია, რომელიც თითქმის 60 წლის წინ მოხდა, დღემდე ფსიქოლოგებისა და სოციოლოგებისათვის, რომლებიც ადამიანის ქცევას სწავლობენ, ამოუხსნელ ფენომენად რჩება. ირგვლივ ყველამ იცოდა, რომ 16 წლის მოზარდს აწამებდნენ, მაგრამ მისი სიცოცხლის გადასარჩენად არავინ არაფერი გააკეთა:
1989 წელს ჯეკ კეტჩუმმა გამოაქვეყნა რომანი სახელწოდებით: "მეზობელი გოგონა", რომელიც სილვია ლაიკენსის რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ავტორმა კი წინასიტყვაობად ასეთი რამ დაწერა:
"ჩემი ახალი წიგნი ბავშვებზე ძალადობას ეხება. ძალადობის ფაქტები ზოგჯერ იმდენად გამაოგნებელია, რომ რომანზე მუშაობისას მომიწია, ზოგიერთი რეალური სცენა შემერბილებინა და ზოგიც საერთოდ ამომეღო. და მაინც, წიგნში არსებულ სისასტიკეს საზღვარი არ აქვს."
წამება, შიმშილი, გაუპატიურება, სიგიჟემდე მიყვანა, არაკეთილსინდისიერად მოპყრობა და დამცირება - სილვია ლაიკენსის რეალური ისტორია ასჯერ უფრო საშინელია იმაზე, ვიდრე ამას ამერიკელი პუბლიცისტი აღწერს. ამერიკელების აღშფოთება კი კიდევ უფრო მეტად იმ "რბილმა" სასჯელმა გამოიწვია, რომელიც გოგონას მწამებლებს მიუსაჯეს.
ელიზაბეტ და ლესტერ ლაიკენსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდნენ და ცირკში თავიანთ ნომრებს წარადგენდნენ. სილვიას გარდა, მათ ოთხი შვილი ჰყავდათ. უმცროს შვილს, ჯენს, კუნთების პრობლემები ჰქონდა და დამოუკიდებლად სიარულს ვერ ახერხებდა. სილვია უფროსი იყო და მშობლები მომთაბარე ცხოვრების გამო, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა მის მხრებზე გადავიდა. პატარა ჯენისთვის კი ის დედასავით იყო.
სახლში მორიგი დაბრუნების შემდეგ, ლაიკენსებს დიდი ჩხუბი მოუვიდათ. ქმარი სახლიდან გაბრაზებული წავიდა და გასტროლებზე ახალ ჯგუფს გაჰყვა. სახლში დაბრუნების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ცოლი ქურდობის ბრალდებით დაუკავებიათ, მისი შვილები კი მეზობელთან, გერტრუდა ბანიშევსკისთან იყვნენ. ლესტერი სასოწარკვეთილი იყო. მას შვილების მოვლა არ შეეძლო. განსაკუთრებით კი, პატარა ჯენის, რომელსაც სპეციალური ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებოდა. ამიტომაც, მამაკაცმა მოიფიქრა, 3 შვილი თავისთან წაიყვანა, პატარა ჯენი კი მეზობელთან დაეტოვებინა. თუმცა რაკი ჯენი სილვიას განსაკუთრებით მიეჯაჭვა, მამამ გადაწყვიტა, რომ ისიც მეზობლისთვის მიებარებინა და მათზე მზრუნველობისთვის კვირაში 20 დოლარი გადაეხადა.
ბაშინევსკი იდეალურ ძიძას სულაც არ ჰგავდა. ქალი რამდენჯერმე იყო განქორწინებული, მუშაობდა საეჭვო სამსახურში, 7 პრობლემური მოზარდი ჰყავდა, არ იცავდა წესრიგს, სვამდა, შვილებს უხამსი ენით ესაუბრებოდა, მაგრამ ლესტერმა ჩათვალა, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდები მის შვილებს გამოადგებოდათ...
თავდაპირველად, ჯენი და სილვია ახალ ოჯახში შედარებით მშვიდად ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არასათანადოდ იკვებებოდნენ და ღამით იყინებოდნენ, წუწუნზე არც უფიქრიათ, იმიტომ, რომ თავიანთ სახლშიც ისეთივე პირობები ჰქონდათ.
მეორე კვირას კი ასეთი ინციდენტი მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონების მამამ 20 დოლარი გადაიხადა, ქალმა ბავშვებს მაინც სცემა და უთხრა, რომ ისინი მის სახლში უსასყიდლოდ ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, სილვია და ჯენი ოჯახის სხვა წევრებსაც არ მოსწონდათ. დანარჩენმა ბავშვებმა ისინი ამოიჩემეს და შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ როგორმე ზიანი მიეყენებინათ. გერტრუდას ერთ-ერთმა შვილმა, პაულინამ თქვა, რომ სილვიამ და ჯენმა საეკლესიო ვახშამზე ბევრი საჭმელი შეჭამეს. ამის გამო კი ქალმა ორივე გოგონას ხის კეტით სცემა.
სილვია ცემის დროს არაფერს ამბობდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ თუ ქალს შეეწინააღმდეგებოდა, უარესს მიიღებდა. თუმცა, გერტრუდა დუმილით კიდევ უფრო წახალისდა და ახლა გოგონების ცემამ სისტემატური ხასიათი მიიღო...
მოგვიანებით, ფსიქიატრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ბანიშევსკის პარანოია განუვითარდა და სილვია იქცა ობიექტად, რომელზეც მთელი თავისი დაგროვილი აგრესია გადაიტანა და თავს დაატეხა.
ერთ დღესაც სილვიამ გერტრუდას ცემას ვეღარ გაუძლო და "მშვილებელ დედას" უთხრა, რომ მისი ქალიშვილი, პაულა, ორსულად იყო და მას უმალავდა. მაგრამ, კეთილგანწყობის მოპოვების ნაცვლად, უარესი რისხვა დაიმსახურა. თანაც სახლში მყოფმა ბავშვებმა კიდევ უფრო მეტად შეიძულეს. სკოლაში გაუვრცელეს ინფორმაცია, რომ სილვია მეძავი იყო და მუდმივად ამცირებდნენ.
სახლშიც წიხლებით სცემდნენ, საკვების გარეშე დატოვეს და ბოლოს დასთან ერთად, დროებით სარდაფშიც ჩააგდეს.
სილვიას ეშინოდა, რომ გერტრუდა მის პატარა დას უარესს დამართებდა. ამავდროულად, ქალი ემუქრებოდა და ამიტომ, წლების განმავლობაში ძალადობას ითმენდა.
მეზობლები ყველაფერს ხედავდნენ, იცოდნენ, გერტრუდა როგორ სასტიკად ექცეოდა ბავშვებს, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა. წლების განმავლობაში არავის მოსვლია აზრად, რომ პოლიციაში დაერეკა.
ფილი ვირმილონი გერტრუდას ძიძად აყვანას გეგმავდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით ქალმა პოლიციასთან საუბრისას გაიხსენა, სახლში ნაცემი და დალურჯებული ბავშვები რომ ნახა, ძიძად აყვანა გადაიფიქრა. მეტიც, ქალს გერტრუდას ქალიშვილი, პაულა შეეგება და უთხრა, რომ სილვია და მისი და ცემის გარდა არაფერს იმსახურებდნენ.
დროთა განმავლობაში გერტრუდამ მინიმალური საკვებისმიცემაც შეწყვიტა და გოგონები, ფაქტობრივად, მუდმივად შიმშილობდნენ. შემდეგ ახალი "გასართობი" მოიფიქრა. ბავშვებს კანზე სიგარეტს აწვამდა...
სილვია სულ უფრო მეტად სუსტდებოდა, თირკმელების პრობლემები შეექმნა და უნებლიე შარდვა განუვითარდა. ამის შემდეგ ის სარდაფში გამოკეტეს და გარეთ აღარ უშვებდნენ.
გერტრუდას სკოლის დირექციისათვის არ აუხსნია, თუ რატომ შეწყვიტა სილვიამ სიარული. ამიტომაც, ერთ დღეს სკოლის მედდა, ბარბრა სანდერსი სადისტების სახლში მივიდა. გერტრუდა ჯენს დაემუქრა, რომ თუ სილვიაზე სიტყვა წამოსცდებოდა, მასაც სარდაფში ჩააგდებდა და სასტიკად სცემდა. ბავშვსაც სკოლის ექთანთან ხმა არ ამოუღია... თავად გერტრუდამ კი განუცხადა, რომ სილვია სახლიდან გაიპარა და მეძავობა აირჩია...
კვირები გადიოდა. სილვია ბნელ სარდაფში იჯდა და არანაირი საკვები არ ჰქონია. ერთხელ გერტრუდა შვილებთან ერთად სარდაფში ჩავიდა და გოგონას ცხელი ნემსით მუცელზე ამოატვიფრა: "მე მეძავი ვარ და ამით ვამაყობ." შემდგომ სარდაფში მეზობლის ბიჭი, რიჩარდ ჰობსი შეუშვეს. მან გოგონა გააუპატიურა...
სიკვდილამდე 5 დღით ადრე სილვიამ გაქცევა სცადა, თუმცა ის დაიჭირეს და ისევ სარდაფში ჩააგდეს.
ამასობაში გერტრუდამ კიდევ ახალი თამაში მოიფიქრა. 5 ცენტად მეზობლის ბიჭებს სილვიასთან უშვებდა და უფლებას აძლევდა, რაც მოუნდებოდათ, ის გაეკეთებინათ. ზოგი მდუღარე წყალს ასხამდა, ზოგი სიგარეტს აქრობდა მის კანზე, ზოგი აუპატიურებდა... 1965 წლის 26 ოქტომბერს სასტიკად ნაწამები გოგონა გარდაიცვალა.
სიკვდილამდე გერტრუდამ გოგონას ძალით დააწერინა წერილი, სადაც ის ამბობდა, რომ მეზობელ ბიჭებთან ერთად პროსტიტუციაში იყო ჩართული. ქალი პოლიციას არწმუნებდა, რომ თავად არაფერ შუაში იყო. ჯენი ხმას ვერ იღებდა. თუმცა, ერთ-ერთ პოლიციელს ჩასჩურჩულა, რომ თუ სახლიდან წაიყვანდა, ყველაფერს მოყვებოდა.
პოლიციამ გერტრუდაც, მისი შვილებიც, მეზობლებიც დააკავა. სასამართლო პროცესი 18 დღე გაგრძელდა და 1966 წლის 17 მაისს ბანიშევსკის მთელი ოჯახი დამნაშავედ ცნეს. გერტრუდა ბანიშევსკის სიკვდილით დასჯა მიესაჯა, რაც მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. მის ქალიშვილს, პაულას, ასევე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მეზობლის ბიჭებმა კი, რომლებიც გოგონაზე ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ, 20-20-წლიანი პატიმრობა მიიღეს.
გერტრუდას სასჯელი ბოლომდე არ მოუხდია. ის 1985 წელს გაათავისუფლეს.
მოგვიანებით ქალმა თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო, სილვიას საერთოდ ვერ ცნობდა და ვერც იმ საქციელს იაზრებდა, რასაც მის მიმართ ახორციელებდა. ქალი გათავისუფლებიდან რამდენიმე წელში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
პაულაც დროზე ადრე გაათავისუფლეს. მან გვარი შეიცვალა და მეტიც, სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობა დაიწყო. სამსახურიდან 2012 წელს გაათავისუფლეს.
უცნობია, დაეკისრა თუ არა გოგონას მამას რაიმე პასუხისმგებლობა. შემზარავ ამბავზე 2007 წელს ფილმიც სახელწოდებით "An American Crime" გადაიღეს.