ბევრ მშობელს ეჭვიც კი არ უჩნდება, რომ მისდაუნებურად შვილს არაჯანსაღი ტიპის, შფოთვითი მიჯაჭვულობა უყალიბდება.
თუ თქვენს შვილს განსაკუთრებით უჭირს თქვენთან განშორება, „მოწებებულია“ თქვენზე და განშორების ყველა ეპიზოდი ტირილით და ისტერიკით მიმდინარეობს, შესაძლოა მას შფოთვითი ტიპის მიჯაჭვულობა ჰქონდეს.
შფოთვითი მიჯაჭვულობის კონცეფცია მე-20 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა, როდესაც ფსიქოლოგმა ჯონ ბოულბიმ შენიშნა, რომ ყველა ბავშვი დედასთან განშორებისას განსხვავებულად იქცეოდა.1969 წელს კი ფსიქოლოგმა მერი აინსვორტმა ექსპერიმენტი ჩაატარა და 12-დან 18 თვემდე ასაკის რამდენიმე ბავშვი და მათი დედები შეკრიბა. დედებმა ჯერ ბავშვებთან ერთად ითამაშეს, შემდეგ კი ოთახიდან ცოტა ხნით გავიდნენ. ბავშვებმა განსხვავებული რეაქციები გამოავლინეს - ზოგმა ვერც შეამჩნია დედის წასვლა, ზოგი ატირდა, ზოგი უკან დაბრუნებულ დედას გაებუტა. შედეგების გაანალიზების შემდეგ, ეინსვორთმა მიჯაჭვულობის ოთხი ტიპი გამოავლინა:
- უსაფრთხო მიჯაჭვულობა,
- თავის არიდებითი მიჯაჭვულობა,
- არაორგანიზებული მიჯაჭვულობა,
- შფოთვით-ამბივალენტური მიჯაჭვულობა
შფოთვითი მიჯაჭვულობის ტიპი ვითარდება მაშინ, როდესაც მშობლები არათანმიმდევრულნი არიან. ერთ მომენტში რომ ძალიან ყურადღებიანები არიან ბავშვის მიმართ, სხვა მომენტში შეიძლება ყურადღება ვერ დაუთმონ, არ მოუსმინონ და შესაბამისად, ბავშვი ვერ ხვდება, იქნებიან მშობლები ყოველთვის ახლოს თუ არა. ეს მდგომარეობა, მშობლისა და შვილის სიახლოვის თვალსაზრისით, ყოვლად არაპროგნოზირებადი ხდება. ხშირად ეს პრობლემა მშობლის ცვალებადი ხასიათითაა განპირობებული - ხან ეფერება, ხან უყვირის ან შეიძლება სცემოს კიდეც. სწორედ ასეთი ცვალებადი და არაპროგნოზირებადი გარემო უყალიბებს ბავშვს შფოთვით მიჯაჭვულობას.
შფოთვითი მიჯაჭვულობის ნიშნები:
- როცა მშობელი მიდის, ბავშვი ბევრს ტირის, ისტერიკაშია და ვერ წყნარდება, ხოლო როცა მშობელი ბრუნდება, ბავშვი ისევ ტირის,, გაბრაზებულია და არ სურს დედასთან მისვლა. უსაფრთხო მიჯაჭვულობის ტიპის ბავშვი კი გულწრფელად ბედნიერია, როცა დედა ან მამა ბრუნდება.
- ასეთი ბავშვები ძალიან ძნელად რჩებიან სხვა უფროსებთან, მაგრამ ეს არ უნდა აგვერიოს უსაფრთხო ტიპის მიჯაჭვულობაში, როდესაც ბავშვი ასევე ძნელად ეთხოვება დედას, თუმცა მალევე მშვიდდება და ვისთანაც დატოვეს, მასში ხედავს მზუნველ ფიგურას.
- ეს ბავშვები მიდრეკილნი არიან უნდობლობისკენ სხვა უფროსების მიმართ, მათ სურთ მუდმივად იყვნენ მშობლებთან (დედასთან ან მამასთან). ეშინიათ მშობლების ხელიდან გაშვების, ცდილობენ როგორმე ჩაეჭიდონ მათ, რადგან მარტო დარჩენის ეშინიათ.
- ზოგადად, შფოთვითი ტიპის მიჯაჭვულობა მიტოვების დიდი შიშია. ეს არის ნდობის ნაკლებობა, რომ მასზე იზრუნებენ და საჭიროების შემთხვევაში, საყვარელი ადამიანები გვერდით იქნებიან.
რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, როცა ბავშვს შფოთვითი მიჯაჭვულობა აქვს?
- მნიშვნელობა აქვს, რა ასაკისაა ბავშვი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ბავშვი მშობლებთან ერთად ცხოვრობს, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ქცევის სტილი შეცვალონ. მაშინაც კი, თუ ბავშვთან სპეციალისტი მუშაობს, მაგრამ სახლში იგივე გარემო დარჩა, მშობლები ისევ ძველებურად მოიქცევიან, ყველაფერი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლების მიდგომა ბავშვებისადმი სტაბილური და პროგნოზირებადი იყოს, ანუ თუნდაც დაკავებულები იყვნენ და კომუნიკაციისთვის ბევრი დრო არ ჰქონდეთ, უნდა შეუსრულონ ბავშვს ის, რასაც დაჰპირდნენ.
- უზრუნველყავით ბავშვი თანმიმდევრული დღის რეჟიმით, რათა მისი ცხოვრება და მოლოდინები უფრო პროგნოზირებადი გახადოთ. მაგალითად, წესად აქციეთ ყოველ საღამოს ზღაპრის წაკითხვა, ან ყოველ შაბათ-კვირას ერთად საუზმობა და სეირნობა. ანუ ეს უნდა იყოს რაღაც ნაცნობი, პროგნოზირებადი, რაც საშუალებას მისცემს ბავშვს, თავი დაცულად იგრძნოს.
- აუცილებლად უთხარით ხოლმე თქვენს შვილს „არასდროს მიგატოვებ, ყოველთვის მოვალ შენს წამოსაყვანად/დასახმარებლად“. და ეს ნათქვამი ყოველთვის უნდა გამამრთლდეს მოქმედებებით.
- თუ გესმით, რომ ბავშვი დაუცველ მდგომარეობაშია: ტირის, თავს ცუდად გრძნობს, მნიშვნელოვანია მისი ემოციების კონტროლი. აუცილებლად უთანაგრძნეთ, მხარი დაუჭირეთ, რათა დარწმუნებული იყოს, რომ სიძნელეების დროს ყოველთვის მის გვერდით ხართ.
- ნუ დატოვებთ შვილს გაფრთხილების გარეშე, აუცილებლად დაემშვიდობეთ მას. თავის მოჩვენება, თითქოს არსად მიდიხართ და მერე ქრებით, ბავშვთან არ შეიძლება. თუ დამშვიდობებით წახვალთ, ბავშვი თქვენთან ემოციურ კავშირს შეინარჩუნებს.