მსახიობი, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" დედობაზე და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს:
- ჩემს ცხოვრებაში ახლა სრული უძრაობაა. ტყეში, სახლში ვზივარ. საერთოდ არსად არ დავდივარ. ვზივარ სახლში იმიტომ, რომ 2 პატარა ბავშვი მყავს. თავიანთი საჭიროებების მიხედვით, ისინი ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ. მე მათ ახლა მაქსიმალურად ვჭირდები. დამხმარეც მყავს, მაგრამ ის უფრო სახლში მეხმარება. ეს საკუთარი არჩევანია. ძალიან მინდოდა ეს ორი ბავშვი. როცა ვხატავ, მიჩუმდებიან, თავისთვის რაღაცას თამაშობენ, უცებ სიგნალიზაცია ირთვება და "დედას" იძახიან. როცა მუშაობ, ამ ქვეყანას რომ არ ხარ და უცებ რეალობაში გიწევს მოხვედრა, რომ ორი ბავშვი ან უნდა დაბანო, ან აჭამო, მილიონი მიზეზია, რის გამოც შენს ჩართვას მოითხოვენ. ძალიან დავიღალე... მართლა დავიღალე, მაგრამ ეს ვიცი, რომ ყველა დედის ხვედრია. იქ იმდენი სასიამოვნო ეპატია, იმდენად მაგარია შენი შვილების ყურება, იმის ნახვა, თუ როგორ ვითარდებიან, როგორ ამბობენ ახალ ფრაზებს, ნააზრევს, უნდათ, რომ რაღაც გაგიზიარონ... რახან ჩემი პროფესია უფრო განმარტოების პროფესიაა, არ ვარ გუნდური მოთამაშე, მინდა ხოლმე უფრო მეტად განმარტოება, მაგრამ, ვინ მაცდის?! არასოდეს არანაირი თავის მოვლის რუტინა არ მქონია. კი, აბაზანის შემდეგ, დამატენიანებელს ვიყენებ, მაგრამ ნაოჭებს არ ვითვლი. ბოტოქსს, ფილერს არ ვიკეთებ. მე ამას ძალიან დიდი ხანია, ვამბობ. ბავშვობიდან ეს განწყობა მაქვს - რატომ უნდა ვიჯდე რაღაც სტანდარტში, რასაც დღევანდელი გარემო მიწესებს? რატომ უნდა ვიყო ამ სტერეოტიპების გამტარებელი? ჩემი და გიორგი გამაერთიანებლები ბავშვებია. მართლა პატარები არიან და ძალიან დიდ დროს მოითხოვენ. მე რომ ეს საქმე ძიძებს "ავკიდო" და გამოვეთიშო, ესეც შეიძლება, მაგრამ ამით ბავშვებს ძალიან დიდ რაღაცას დავაკლებ.
ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ პირდაპირ შვილიშვილები გავაჩინე-თქო. მართლა ბევრი რამე იყო გასაკეთებელი. გიორგის გვერდით დგომა სჭირდებოდა, უმაღლეს ვიზიტებში როცა დავდიოდით, მისთვის, რა თქმა უნდა, საყრდენი იყო, რომ მეც მასთან ვყოფილიყავი.
ამ დროს მყავდა პაწაწინა ბავშვი, რომლის დიაგნოზიც დაუნის სინდრომია. ექოსკოპიაზე სიარული რომ დავიწყე, დიაგნოზზე ეჭვი არ მიუტანიათ. კიდევ კარგი, რომ არ ყოფილა, რატომ იცით? მთელი ორსულობა სულ დაძაბული უნდა ვყოფილიყავი. იქამდე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ვხვდებოდი, ერთად ვხატავდით, თემოზე ორსული ვნახულობდი ამ ბავშვებს და ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. გიორგი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მილოცვა ხმამაღლა განაცხადა. სასახლეში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მშობლებთან ერთად დაპატიჟა. ჩემი შვილი რომ დაიბადა, დაუნის სინდრომზე პირველად მე გამიჩნდა ეჭვი. მის გამომეტყველებას რომ შევხედე, თემოს პედიატრს ვუთხარი, რომ გადაგვემოწმებინა. უცებ მივხვდი, რომ რაღაცას ისეთს შევხვდი, რაც მე არ ვიცი, საზოგადოებაშიც არაერთო სტიგმაა. გაასმაგებული ყურადღება სჭირდებოდა, პრეზიდენტის შვილი იყო. დავიწყე კვლევა-ძიება და მოვირგე. ისევე, როგორც პირველი ლედის სტატუსი მოვირგე... თუ თავად ექნება ამასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა, აუცილებლად ავუხსნი. თომაც არ მეკითხება. კი ხედავს, რომ რაღაცებში ჩამორჩება, სადაც თომას შეუძლია, რომ სწრაფად და სხარტად აითვისოს, მისთვის ეს სირთულეა. თუმცა, დრო გადის და ითვისებს.
ყველაზე მთავარი შინაგანი სიმშვიდეა. ვერ ვიტყოდი, რომ მშვიდი ვარ, ადვილად გამოვდივარ წყობიდან, ფეთქებადი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტი ვარ. განმარტოება მიყვარს და სოციალური არ ვარ. მყავს მეგობრები და ისინი ძალიან მიყვარს, მაგრამ ის, რომ ერთად სადღაც მივდივართ, არასოდეს არ ვყოფილვარ. ჩემთვის, მნიშვნელოვანია, წონასწორობის დაცვა, სიმშვიდე და ის ელემენტარული კომფორტი, რაც ადამიანს სჭირდება.