ყველასთვის კარგად ცნობილი ლექსი"წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო" პოეტმა მურმან ლებანიძემ ულამაზეს ონკოქირურგსა და მამოლოგს, ციცო სანაძეს მიუძღვნა...
ლინა ბარათაშვილს ციცო სანაძესთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. მან მურმან ლებანიძის გამოგზავნილი ხელნაწერი ლექსი მოგვაწოდა და ციცო სანაძეს შესახებ გვესაუბრა:
- ყოველთვის საინტერესოა ლექსის ადრესატი, ის, თუ ვინ აუბობოქრა პოეტს ფანტაზია, და კიდევ უფრო საინტერესოა, როდესაც ლექსის ავტორი მურმან ლებანიძეა, ლექსი კი შედევრი. და მაინც ვინ არის ლექსის ადრესატი? - ადრესატი იყო უმშვენიერესი ციცო სანაძე, ონკოქირურგი, მამოლოგი, რომელიც 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძნელია თქმა, პირდაპირ ნატურიდან გადმოიღო პოეტმა ლექსში პროტოტიპის სახე თუ რაღაც შტრიხი შეცვალა ან დაამატა, ისე, როგორც ეს შემოქმედებით პროცესში ხდება. წლების განმავლობაში ლექსის ადრესატობას მრავალი ციცო იბრალებდა. ერთ-ერთ ტელევიზიაში რიგრიგობით 25 ციცო გამოვიდა. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ ის იყო პოეტის შთაგონება, ნამდვილი ადრესატი კი ჩუმად იყო. ოჯახის წევრებმა შესთავაზეს, ამ საკითხს ნათელი მოვფინოთო, მაგრამ ქალბატონმა ციცომ უპასუხა, იყოს ისევ ისეთი იდუმალი, როგორიც აქამდე იყოო.
- ციცო სანაძესთან ახლო მეგობრობა გაკავშირებდათ, სად და როდის გაიცანით?
მისაღებ ოთახში კორნელი სანაძის ნახატი იყო, რომელზეც ახალგაზრდა ციცო იყო გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ექიმი იყო, დიასახლისობასაც კარგად ითავსებდა. სიცოცხლით სავსე, კომუნიკაბელური, განათლებული, არაჩვეულებრივი მოსაუბრე გახლდათ. შეხედავდი და იფიქრებდი, რომ ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი ჰქონდა. არადა, რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო და დამღად აჩნდა გამოთქმა "ხალხის მტრის შვილი"... "ხალხის მტერი" მისი ინტელიგენტი მამა, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პატრიოტი ქართველი ალექსანდრე სანაძე იყო. სწორედ მისი უსამართლოდ დაპატიმრებისა და დახვრეტის შემდეგ დამძიმდა ბავშვის ცხოვრება. ქალბატონ ციცოს იმედად მხოლოდ დედა შერჩა, რომელთან ერთადაც დიდი განსაცდელით სავსე გზა გაიარა. მიუხედავად ამხელა ტრავმისა, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. სასწაულივით მოხდა და თავისი ბედი რეპრესირებული ოჯახის შვილს, სერგო მამულიას დაუკავშირა. ერთი ბედისა აღმოჩნდნენ, მაგრამ ქალბატონ ციცოს დედა მაინც ჰყავდა, სერგო მამულიას კი მშობლები ისე გაუნადგურეს, მათი საფლავებიც კი არ დარჩა. ამ დროს დედაც და მამაც მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ არც ისინი დაინდო.
როგორც ქალბატონი ციცო ამბობდა, მათმა ოჯახმა ნულიდან დაიწყო ცხოვრება, უჭირდათ, ზოგჯერ ყველაზე ახლო ადამიანებსაც ვერ ენდობოდნენ. ავის მოლოდინი იყო ყოველთვის მათი მეგზური. ერთადერთი მათი სიმდიდრე სიყვარული იყო და ნანატრი შვილი - ეკა. ბავშვობაში გაჭირვებულმა ყოფამ თავისი გაიტანა, კვალი დატოვა და სერგო მამულია ტუბერკულოზით დაავადდა. სწორედ მაშინ გამოვლინდა ქალბატონ ციცოს კიდევ ერთი თვისება - ერთგულება. წუთითაც არ დაუტოვებია მეუღლე, მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა. მიუხედავად მძიმე განსაცდელებისა, არ გაბოროტებულა, ბოლომდე გულღია, ლაღი, მშვენიერი იყო. არც ბავშვობის დროინდელი დეკლამატორობისთვის უღალატია, ლექსებს მშვენივრად კითხულობდა, პოეზია უყვარდა. ის ყველა ოჯახის სასურველი სტუმარი იყო. მის ოჯახს კონსტანტინე გამსახურდიასთან გულთბილი ურთიერთობა ჰქონდა. მწერლის ძმისშვილი სიმონი ქალბატონი ციცოს მეუღლის დეიდაშვილი იყო. მათი სიახლოვე გამსახურდიების ოჯახთან ამან განაპირობა. იქ ქალბატონი ციცო ყოველთვის სასურველი სტუმარი და სუფრის მშვენება იყო. კონსტანტინე გამსახურდიას წლები რომ მოეძალა, ციცო ვეღარ უცნია და უკითხავს, ვინ არის ეს ლამაზი ქალიო. როცა უთხრეს, ვინც იყო, უთქვამს, მეხსიერება დავკარგე, მაგრამ გემოვნება არ დამიკარგავსო....წაიკითხეთ სრულად