ყოველდღიურად მილიონობით მშობელი თავად აბანავებს ბავშვს. გარდა იმისა, რომ ეს შვილთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა, ელემენტარული უსაფრთხოების გარანტიაცაა - პატარა ბავშვს აბაზანაში დიდხანს მარტო ვერ დატოვებთ.
სამაგიეროდ, ზოგიერთი მშობელი ძალიან შორს წავიდა - ამერიკელმა ბლოგერმა ბრონტე თაუნსმა, განაცხადა, რომ შხაპს შვილებთან ერთად იღებს და ამ შესაძლებლობას იმისთვის იყენებს , რომ შვიდი წლის ვაჟს და ოთხი წლის ქალიშვილს „ადამიანის ანატომია ასწავლოს“.
ბრონტეს თქმით, ერთად შხაპის მიღება ბავშვებისთვის ბიოლოგია-ანატომიის სწავლების ბუნებრივი საშუალებაა. „ეს მათ ეხმარება სხეულის სხვადასხვა ფუნქციების ჯანსაღ აღქმაში და თავიანთი სხეულის შეყვარებაში. ასევე ეს არის შესაძლებლობა, ვასწავლოთ მათ სხეულის ავტონომია, პირადი საზღვრები და თანხმობის კონცეფცია“ - ამბობს ბლოგერი დედა. მისივე თქმით, შხაპის დროს ბავშვების შეკითხვებსაც პასუხობს.
„არ გვაქვს რაიმე სულელური ან უხერხული კითხვები, ”- წერს იგი. ასევე ამბობს, რომ შვილებს ესაუბრება სხეულზე თმის, წონის, სტრიების და ბევრ სხვა საკითხზე.
„მე მათ ვასწავლი, რომ სხვადასხვა სხეული ნორმალურია. რომ ზოგიერთი ადამიანი არ იშორებს სხეულიდან თმას, ვუხსნი, რატომ აქვს ზოგს სხეულზე ნაოჭები ან სხვა გამორჩეული ნიშნები. კარგია, რომ ბავშვები კითხვებს სვამენ. ამით ბევრ რამეს სწავლობენ. ამ გზით მათ შეუძლიათ დაინახონ რეალობა და არა მხოლოდ გაპრიალებული სხეულები,“ - ამბობს ბლოგერი.
მისმა პოსტმა გამომწერებში გაკვირვება და აღშფოთებაც კი გამოიწვია. "ჩემი მშობლები ასე მექცეოდნენ 14 წლამდე და დღმდე კოშმარები მაწუხებს.” - წერს ერთ-ერთი გამომწერი. მას კიდევ ერთი მომხმარებელი დაეთანხმა: „ჯერ კიდევ ტრავმირებული ვარ იმით, რომ ცხრა წლის ასაკამდე მშობლებთან ერთად შხაპს ვიღებდი“.
ზოგიერთმა დედამ აღიარა, რომ ეს მიდგომა საკუთარ თავზე გამოსცადა და ბავშვებთან შხაპის მიღება არანორმალურად არ მიაჩნია. „დედაჩემთან ერთად ვიღებდი შხაპს და ხშირად ვიყავი იქ, როცა ის ტანსაცმელს იცვლიდა, სანამ თინეიჯერობას არ მივაღწიე. არასოდეს მიფიქრია, რომ ეს იყო "უცნაური" ან "ამაზრზენი", - დაწერა ერთმა გოგონამ.
„ცელულიტისა და სტრიების შესახებ ცოდნამ უფრო დამამშვიდა მათთან მიმართებაში მას შემდეგ, რაც გავიზარდე“, - წერს კიდევ ერთი მომხმარებელი.