ჯეისი ლი დიუგარდის ოჯახი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. მშობლები თვლიდნენ, რომ მზიან კალიფორნიაში ბავშვებს მშვიდად გაზრდიდნენ და მათ კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა:
1990 წელს 11 წლის ჯეისი ლი დიუგარდი დედასთან, მამინაცვალთან და უმცროს დასთან ერთად კალიფორნიის ერთ-ერთ გარეუბანში გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ოჯახს მშვიდი გარემო ძალიან მოსწონდა.
1991 წლის 10 ივნისს ჯეისი სკოლაში მიდიოდა. გაჩერებაზე უნდა მისულიყო, სადაც სკოლის ავტობუსს დაელოდებოდა. სახლიდან მის გასვლას მამინაცვალიც აკვირდებოდა. უცებ, ვიდრე გაჩერებამდე მივიდოდა, მის წინ შავი სედანი გაჩერდა. მძღოლმა ხელი გადმოყო და ელექტროშოკის მსგავსი მოწყობილობით ჯეისის გონება დააკარგვინა. რამდენიმე წამში მანქანიდან ქალი გადმოვიდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი მანქანაში ჩასვა და მანქანაც დიდი სისწრაფით გაქანდა. ყველაფერი, ფაქტობრივად, წამებში მოხდა. მამინაცვალმა ეს ფაქტი დაინახა და მანქანას მაშინვე ველოსიპედით დაედევნა, თუმცა ნომრის დანახვა ვერ მოახერხა.
ფაქტის შესახებ მალევე უამრავმა ადამიანმა გაიგო. მშობლები ჯეისის პოვნაში დახმარებას ითხოვდნენ. ადგილობრივი მედია მცირე დეტალის გარკვევასაც კი ცდილობდა. გოგონას დედამ, ტერი პრობინმა სპეციალური ჯილდოც დააწესა მათთვის, ვინც ჯეისის შესახებ რაიმე ინფორმაციას გაუზიარებდა. ძებნაში ასობით მოხალისე ჩაერთო. ბავშვის პოვნას ყველგან ცდილობდნენ, მის ფოტოებს კედლებზე აკრავდნენ, მაგრამ, თითქოს ის მიწამ ჩაყლაპა...
გამოძიება მიმდინარეობდა. ერთ-ერთ პირველ ეჭვმიტანილებად ჯეისის ბიოლოგიური მამა და მამინაცვალი დასახელდნენ. თუმცა, მალევე მათი უდანაშაულობა დამტკიცდა. თვეები გადიოდა. პოლიცია არაერთ ადამიანს კითხავდა, მაგრამ დამაიმედებელი არაფერი ჩანდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ საქმეზე პოლიციამ გულგრილობა გამოავლინა და სხვადასხვა მნიშვნელოვან დეტალს ყურადღება არ მიაქცია. მაგალითად, 1992 წლის აპრილში განყოფილებაში ერთმა კაცმა დარეკა. მან თქვა, რომ ბენზინგასამართ სადგურზე, ყვითელ ფურგონში, ჯეისის მსგავსი გოგონა დაინახა. თუმცა, მანქანის ნომერი არ ახსოვდა. პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა და არც პერიმეტრი შეუსწავლიათ საფუძვლიანად. შემდეგ გაირკვა, რომ ყვითელ ფურგონში მართლაც გატაცებული გოგონა იყო...
რამდენიმე წლის შემდეგ პოლიციაში კიდევ ერთი ზარი შევიდა. მაშველი რეკავდა და ამბობდა, რომ თინეიჯერი გოგონა 51 წლის მამაკაცის ფილიპ გარიდოს სახლის აუზში შენიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული მამაკაცი ადრე გაუპატიურებისათვის იყო ნასამართლევი და არასრულწლოვნებთან კონტაქტი ეკრძალებოდა, პოლიცია მის სახლში მაინც არ მისულა...
2006 წელს პოლიციაში კვლავ შევიდა ზარი. პედოფილის მეზობელი ამბობდა, რომ მას სახლის ეზოში კარავი ჰქონდა და იქ ბავშვი იყო. ამის შემდეგ პოლიცია მის სახლში მივიდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო, ჩხრეკა არ დაუწყიათ.
2009 წელს, როდესაც ჯეისის გაუჩინარებიდან 18 წელი გავიდა, ფილიპ გარიდო პოლიციას თავად ეწვია. მიზეზი საკმაოდ უცნაური იყო.
ის აპირებდა თანამშრომლებისთვის გადაეცა თავისი ესკიზები სექსუალური ძალადობის ჩამდენი ადამიანების რეაბილიტაციის გზების შესახებ. მალევე პოლიციაში უცნობი "ქველმოქმედის" შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყეს.
გაიგეს, რომ მას გაუპატიურებისთვის ადრე 50 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პირობითი სასჯელით იყო გათავისუფლებული. ასევე გაირკვა, რომ მას სასამართლოზე დიაგნოზი "სექსუალური დევიანტი და ქრონიკული ნარკომანი" ჰქონდა დასმული.
ფილიპი განყოფილებაში დაიბარეს, მასთან ერთად მისი ცოლი და სამი გოგონა იყო. ერთ-ერთმა თავი ალისად წარადგინა, თუმცა სინამდვილეში ის წლების წინ გატაცებული ჯეისი დიუგარდი აღმოჩნდა. როდესაც "ალისას" ფილიპის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ ის დიდებული ადამიანია და აბსოლუტურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაასამართლეს. გარიდო ამბობდა, რომ თანმხლები გოგონები მისი შვილები იყვნენ.
როდესაც "ალისას" საბუთები სთხოვეს, მან ნერვიულობა დაიწყო. მალევე კაცმა ჯეისის გატაცებისა და გაუპატიურება აღიარა. მამაკაცი მაშინვე დააკავეს, FBI-ს სპეციალურმა აგენტმა კი ტერი პრობინს, ჯეისის დედას დაურეკა, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ქალიშვილის პოვნის იმედი არ დაუკარგავს...
იმ დღიდან, რაც ჯეისი მანიაკის ტყვეობაში აღმოჩნდა, გოგონა გაუპატიურების მსხვერპლი იყო. მამაკაცი მასზე 18 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ზოგჯერ ხელბორკილებს ადებდა, საჭმელს არ აძლევდა. წლების შემდეგ, ის საცხოვრებლად კარავში გადაიყვანა. ეზოს უზარმაზარი გალავანი ჰქონდა და ბავშვი ვერსად გაიქცეოდა. მანიაკს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და გოგონას არწმუნებდა, რომ იმ ფაქტით, რომ მას აუპატიურებდა, სხვა გოგონებს მსგავსი ძალადობისგან იხსნიდა.
1994 წელს, 14 წლის ჯეისიმ მანიაკისაგან პირველი ქალიშვილი გააჩინა, სამი წლის შემდეგ კი - მეორე. როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, გარიდომ ახალი მითი გამოიგონა - თითქოს, ჯეისი მისი უფროსი ქალიშვილი იყო. გოგონები მეუღლეს, ნენსის მისცა, რომელიც 1991 წელს ქმარს ბავშვის გატაცებაში დაეხმარა.
ჯეისის თქმით, ნენსი მათ სახლში მხოლოდ 7 თვის შემდეგ გამოჩნდა და გოგონას პატიება სთხოვა. მოგვიანებით ჯეისიმ აღიარა, რომ ახალშობილი გოგონები მისი ხსნა გახდნენ. ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა მათთან, ეზრუნა, ეთამაშა და ესწავლებინა. თავად, რა თქმა უნდა, სკოლაში არ დადიოდა.
დროთა განმავლობაში გოგონას ბიოლოგიური მშობლების და ახლობლების საკონტაქტოები დაავიწყდა. მუდმივმა ძალადობამ მის ემოციურ მდგომარეობაზე წარუშლელი კვალი დატოვა. წლების შემდეგ, ფილიპმა ის საკუთარ სტამბაშიც კი დაასაქმა და გოგონას დისტანციურად, ყოვლდღიურად ჰქონდა კლიენტებთან კომუნიკაცია. პასუხობდა სატელეფონო ზარებსაც და ელ-წერილებსაც...
მოგვიანებით ჯეისიმ საკუთარ ამბავზე წიგნიც დაწერა, რომელსაც "მოპარული ცხოვრება" დაარქვა. იქ გოგონა წერდა, რომ სექსუალური ძალადობისა და დამცირების ატანა ძალიან უჭირდა. თუმცა უკვე საპყრობილეში აღმოჩენილი ფილიპი ამტკიცებდა, რომ ჯეისის ძალიან მალე "სტოკჰოლმის სინდრომი" განუვითარდა. ანუ, მოძალადე რეალურად შეუყვარდა და მისგან გაქცევა აღარ სცადა. თავად ჯეისი ამ ფაქტს ყოველთვის უარყოფდა...
2011 წლის 28 აპრილს ფილიპს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ცოლი, ნენსი, რომელიც მთავარი თანამზრახველი იყო, 36 წლით დააპატიმრეს.
იმის გამო, რომ ფილიპ გარიდო გოგონას გატაცების დროს პირობითი მსჯავრდებული იყო და პოლიციამ ამ ფაქტს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, ჯეისიმ იჩივლა და სახელმწიფოს მხრიდან 20 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღო.
2016 წლისთვის ჯეისიმ ორი წიგნი გამოსცა. პირველში მან ტყვეობაში ყოფნის შესახებ ისაუბრა, ხოლო მეორეში - გათავისუფლების შემდეგ წლებზე და იმ სირთულეებზე, რასაც აწყდებოდა. მოგვიანებით, მან და მისმა მშობლებმა დააარსეს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო, ტრავმული გამოცდილება აქვთ.
ფონდი ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან ინდივიდუალური სესიების, ჯგუფური შეხვედრებისა და ცხენებით თერაპიის ხარჯებს ფარავს, რაც ერთ დროს თავად ჯეისი ლი დიუგარდს პოსტტრავმული აშლილობის გამკლავებაში დაეხმარა.