Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზის როზი ჰანტინგტონ-უაიტლისა და წარმატებული მსახიობის ჯეისონ სტეტჰემის წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და საზოგადოებაში მათი ყოველი ერთობლივი გამოჩენა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ შესანიშნავი ურთიერთობის აწყობა მოახერხეს, არიან 2 შვილის მშობლები და საკუთარ საქმიანობასაც წარმატებით აგრძელებენ. დღეს მათი სიყვარულის ამბის შესახებ უფრო ვრცლად მოგიყვებით:
ჯეისონმა და როზიმ ერთმანეთი 2010 წელს Coachella-ს მუსიკალურ ფესტივალზე გაიცნეს. Victoria's Secret-ის "ანგელოზმა" და კინოვარსკვლავმა ერთმანეთის შესახებ შორიდან იცოდნენ, თუმცა მათი გზები ოფიციალურ ღონისძიებაზე არასოდეს გადაკვეთილა. გაცნობიდან მალევე წყვილმა შეხვედრა დაიწყო. იქამდე როზის ფრანგ მსახიობთან ოლივიე მარტინესთან ჰქონდა ხანმოკლე რომანი, სტეტჰემი 7 წლის განმავლობაში მოდელ კელი ბრუკს ხვდებოდა. ასევე, ხანმოკლე რომანი ჰქონდა მოდელ ალექს ზოსმანთან.
ბევრი სხვა ცნობილი წყვილისგან განსხვავებით, ჯეისონი და როზი თავიანთ ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდნენ და საზოგადოებისთვის გრძნობების გამოცხადებას არ ჩქარობდნენ. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, პაპარაცებმა შეყვარებულები ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს და ფოტოები მალევე პრესაში გაავრცელეს. რამდენიმე თვის შემდეგ, როზი და ჯეისონი ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. წყვილმა 13 მილიონ დოლარად ღირებული სასახლე იყიდა ბევერლი ჰილზში და ერთად გადავიდა საცხოვრებლად.
ჯეისონმა აღიარა, რომ პირველად მთელი გულით 42 წლის ასაკში შეუყვარდა. როზიმ, რომელიც მსახიობზე 20 წლით უმცროსია, ცნობილი მსახიობი და "ქალთა გულთამპყრობელი" საკუთარი გონიერებით, სილამაზითა და კეთილგანწყობით მოხიბლა.
"ასაკი პრობლემა არასოდეს ყოფილა. ვფიქრობ, ეს მხოლოდ რიცხვებია", - თქვა როზიმ.
როგორც მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მას ჯეისონმა დიდი იუმორის გრძნობითა და გამორჩეული ყურადღებით შეაყვარა თავი: ”როცა ადამიანმა იცის, როგორ გაგაცინოს საჭირო მომენტში, შენი სამყარო იცვლება. მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. მე და ჯეისონი საუკეთესო მეგობრები ვართ. მასთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ იქამდე ნამდვილად არავინ მყვარებია", - თქვა როზიმ.
სტეტჰემთან შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ როზი ჰანტინგტონ-უაიტლის ფილმში Transformers 3 შესთავაზეს როლი. ვინაიდან მას სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონდა, დახმარებისა და რჩევებისთვის სწორედ ჯეისონს მიმართავდა.
"ჩვენს სამსახურზე სახლში ბევრს არ ვსაუბრობთ, მაგრამ ჯეისონი ნამდვილად არაერთხელ დამეხმარა. როდესაც გადაღებებიდან დავბრუნდი, სულ სისხლჩაქცევები მქონდა, მაშინ თავად ავსტრალიაში იყო და იქ ჰქონდა გადაღებები. რომ გაიგო, გადასაღებ მოედანზე დავზიანდი, სპეციალური დამცავი საშუალება გამომიგზავნა, რასაც სახიფათო ტრიუკების დროს იყენებს. ჯეისონის გამოცდილებამ, ფაქტობრივად, გადამარჩინა", - იხსენებს მოდელი.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 2010 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს და ერთადაც ცხოვრობდნენ, ოფიციალურად დაქორწინებას არ ჩქარობდნენ.
"ნებისმიერი წყვილი, რომელიც დიდი ხანია ერთადაა, დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. ყველა მათ დაქორწინებას ელოდება. მჯერა ქორწინების, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ბედნიერ ურთიერთობაში ყოფნაა." - თქვა როზიმ Self-თან ინტერვიუში.
სტეტჰემმა რჩეულს ხელი 2016 წლის იანვარში სთხოვა. ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩაზე როზი მდიდრული ხუთკარატიანი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედით გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 350 000 დოლარია.
"იცით, ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ აღარ გინდა, სამყარო მარტო შენ ირგვლივ ბრუნავდეს და გსურს, ვინმეზე თავად იზრუნო." - თქვა როზიმ და 2017 წლის თებერვალში ინსტაგრამზე პლაჟზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ის ორსულად იყო. 2017 წლის 24 ივნისს როზისა და ჯეისონს ვაჟი - ჯეკ ოსკარი შეეძინათ.
მორიგ შეკითხვას, თუ რატომ არ ქორწინდებოდნენ ოფიციალურად, მოდელმა 2018 წელს ასეთი პასუხი გასცა:
"ვფიქრობ, ამის დროც დადგება. მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის პრიორიტეტი, უკვე ბედნიერები ვართ... ვფიქრობ, ამის გაკეთება უფრო სახალისო იქნება მაშინ, როცა ბავშვი ცოტათი გაიზრდება და ქორწილში მონაწილეობას თავად მიიღებს."
მოდელი იმასაც ამბობს, რომ ჯეისონი ძალიან კარგი მამაა:
”მას შეუძლია, დილის ხუთ საათზე ადგეს და მამის მოვალეობა შეასრულოს, ბავშვზე იზრუნოს. რაღაცები მოაწესრიგოს. ამით დიდ მოტივაციას მაძლევს. შესანიშნავი მამაა და ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი პარტნიორი მყავს. ჯეისონი დიდ ეკრანზე ყოველთვის მაცრი მამაკაცის როლს ასრულებს. მაგრამ, სახლში აბსოლუტურად განსხვავებულია." - აღნიშნავს როზი.
2021 წელს წყვილს მეორე შვილი, გოგონა შეეძინა. მოდელი დედობის გამოცდილებაზეც ხშირად უზიარებს გამომწერებს საკუთარ მოსაზრებას:
"იყო ახალგაზრდა დედა, დიდი გამოწვევაა. როდესაც ზედმეტი ხუთი წუთი გამომიჩნდება, მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ. რაც შეეხება ვარცხნილობას, შეკრული თმა ძალიან პრაქტიკულია..." - ამბობს როზი.
წყვილის თქმით, მათი ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლო იმაშია, რომ დაფარული პირადი ცხოვრება აქვთ. სოციალურ ქსელებში ერთობლივ ფოტოებს ხშირად არ აქვეყნებენ და შვილების პირად სივრცესაც განსაკუთრებით უფრთხილდებიან. რაც მთავარია, ბევრ საკითხს იუმორით უყურებენ. ეს კი მათ ეხმარება, რომ დადებითი განწყობა შეინარჩუნონ.