უცხოელი კლიმატოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ პლანეტაზე წელს ძალიან ცხელი ზაფხული იქნება. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორი იქნება ამ კუთხით მდგომარეობა საქართველოში. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება.
-ქალბატონო ხათუნა, ჯერ გაზაფხულის პროგნოზით დავიწყოთ...
- 9 მარტს ცოტას გამოიდარებს, თუმცა, ზოგან შენარჩუნდება მცირე ნალექი. 10 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქნება წვიმა, მთაში და მაღალმთაში კი თოვლი. 11 მარტს დღისით გამოიდარებს და 14 მარტის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა +8 +13 გრადუსამდე იქნება, შემდეგ დღეებში 15 გრადუსამდე მომატებს, 11 მარტს დღისით გამოიდარებს. 14 რიცხვამდე ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება - დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17 და 18 გრადუსს მიაღწევს. 15 მარტს ისევ ნალექს ველოდებით.
- შარშან ცხელი ზაფხული იყო. ზოგიერთი უცხოელი წელს უფრო ცხელ ზაფხულს პროგნოზირებს. საქართველოსთან დაკავშირებით რისი თქმა შეგვიძლია?
- ძალიან ადრეა ჯერ ზაფხულზე საუბარი, რადგან ზაფხულის პროგნოზზე მუშაობა იწყება მაისის ბოლოს. თუმცა კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, ზოგადად, ტემპერატურამ მოიმატა. წინა ზაფხული საკმაოდ ცხელი იყო, ნორმასთან შედარებით 2-3 გრადუსით მეტი. ეს განპირობებული იყო წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესით, რომელიც ფაზაში შევიდა აგვისტოს მეორე ნახევარში და ძალიან აქტიური იყო ნოემბერ-დეკემბრამდე.