მშობლის ყოველდღიურობა, ათასგვარ საზრუნავთან ერთად, ბავშვისთვის კარგი წიგნის, კარგი ლექსის, ზღაპრისა თუ ამბის შერჩევასაცაა. ამ არჩევანს კი ჩვენთვის საბავშვო ავტორები ქმნიან. სწორედ მათი შემოქმედებაა ერთ-ერთი პირველი ბიძგი ჩვენი შვილების სულიერი სამყაროს განვითარებისთვის.
მარიამ წიკლაური უკვე მრავალი პოეტური კრებულის და საბავშვო ბესთსელერის ავტორია. მასთან თანამედროვე საბავშვო ლიტერატურისა და ავტორების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ვისაუბრეთ.
- ცნობილ ავტორად მთვლით? დიდი მადლობა. სინამდვილეში, შორია მანდამდე. ურთულეს წლებში მომიწია ამ სფეროში საქმიანობის დაწყებამ. ყველაფერი გადაიტანა ჩემმა თაობამ. ფორმაციათა ცვლა, გასული საუკუნის 90-იანების ნგრევები, კრიზისები, ძმათა ომები, ათასწლეულთა ცვლა, ტექნოლოგიური სიახლეები, მუდმივი რუსული აგრესია, ოკუპაცია. ამ ყველაფრის გაძლება და მაინც იდეალებთან ჭიდილი... 1997 წელს დავბეჭდე ჩემი პირველი საბავშვო კრებული, თვითგამოცემა. საბავშვო სფეროში დიდი ლიტერატურული ტრადიციები არსებობს, რომელიც საყრდენი და გზამკვლევიც იყო ჩემთვის. სხვა პროფესიული ბმა, თუნდაც უნივერსიტეტიდან, ლიტერატურის სფეროსთან არ მქონია. პროფესიით ქიმიკოსი ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება არის მაგალითი იმისა, როგორ ცდილობს ერთი ადამიანი თავისი ნიჭით, შრომისმოყვარეობით, შეუპოვრობით იპოვოს საკუთარი თავიც, ადგილიც და რაც მთავარია, ის აკეთოს, რაც უყვარს, რისიც სწამს! ასე დაატარებს ადამიანს ბედი თუ გულის ხმა, თუ ყურს მიუგდებ. გამოცდილებაც დამიგროვდა და პასუხგაუცემელი კითხვებიც ბევრი მაქვს, მაგრამ ეს ბუნებით მოცემული სიმხნევე და მიზანდასახულობა მშველის. ყველაფერს ერთად ალბათ, საქმის სიყვარული ჰქვია! და კიდევ მთავარი ძრავა - არასოდეს მომწონს გაკეთებული და სულ ვარ უკეთესის ცდაში, სულ სიახლის ძიებაში ვარ! ცხადია ცხოვრების გზაზე ბევრი კარგი ადამიანიც შემხვედრია და მათდამი მარადიული მადლიერების განცდა მაქვს, ლიტერატორი იქნება ეს, გამომცემელი,კომპოზიტორი, მკითხველი თუ მეგობარი... ჩემი ბიბლიოგრაფია 40-ზე მეტ წიგნს ითვლის, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გამოსაცემი მაქვს და ვფორიაქობ. გინდ გიცნობდნენ, გინდ არა, გინდ უთვალავ შეხვედრებში გიწვევდნენ სკოლები თუ ბაღები, გინდ პრემიები გქონდეს, სახელმძღვანელოებში ისწავლებოდე, სიმღერებად ჟღერდე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე სამტკიცებელი გაქვს შენი არსებობა... თუმცა, საბავშვო ლიტერატურა ჩემი ცხოვრებაა, მინდა რომ საუკეთესო წიგნები ვაჩუქო ბავშვებსაც და მშობლებსაც.
- შეიცვალა დრო, ეპოქა, ტექნოლოგიები, ფასეულობები, ხედვები, წესრიგი, შეიცვალა სკოლა, მეთოდიკები და მიდგომები, შეიცვალა გემოვნებაც, მოთხოვნებიც. განსხვავებულია სხვადასხვა ათასწლეულების ადამიანთა მენტალობა. სრულიად სხვა მსოფლიოში გვიწევს არსებობა. განსაკუთრებით სტრესული გახდა ცხოვრება. ყველაფერი ერთად ცვლის ადამიანსაც. ბაზარი გაჯერებულია უთვალავი წიგნით. საბავშვო წიგნის სეგმენტი უმნიშვნელოვანესია ამ ბიზნესში. სათამაშო, შემეცნებითი, ლიტერატურული წიგნების არჩევანი უდიდესია. მათ, ვინც მუშაობს და ქმნის საინტერესო პროექტებს წიგნებად მსოფლიოში, შეუცდომლად იციან, რა მოსწონს თანამედროვე ბავშვებს. და ეს არჩევანი თვალნათელია წიგნის დახლზე. იქიდან ბევრი რამეა თარგმნილი ქართულადაც, მორგებული სხვადასხვა ინტერესს, მიზანს... ამაზე ბევრი ადამიანის გამოცდილება, ცოდნა და შრომა იხარჯება... ქართველებიც თავისებურად, ბაზრიდან გამომდინარე, აგვარებენ ამ პრობლემებს ქართველ ავტორებთანაც. ბავშვის ასაკის სხვადასხვა ჯგუფს აქვს სხვადასხვა ინტერესი. და ხშირად წიგნი სულაც არ ნიშნავს ლიტერატურას. რაც დრო გადის და ვითარდება საგამომცემლო საქმიანობა, მით მრავალფეროვან წიგნის სახეობას ვხვდებით. მაგრამ უტრირებულად შეიძლება ითქვას, რომ როცა მკითხველად ყალიბდება ბავშვი, უყვარს საინტერესო ამბავი. აი, ეს „ამბავი“ უნდა იყოს მისი ლიტერატურაში შებიჯების მთავარი „საკენკი“ კარგ ილუსტრაციებთან ერთად. დასაწყის ეტაპზე მაინც აუცილებელია ბავშვს გაუმართლოს და ჰყავდეს კარგი შუამავალი მკითხველი, ვინც მას შეაჩვევს, შეაყვარებს წიგნის სამყაროს. ვინც იქნება მისი გზამკვლევიც. ბავშვებს უყვართ უცნაური არსებები, უყვართ ცხოველთა სამყარო, უყვართ იდუმალება, არ უყვართ ჭკუის დარიგება, უყვართ სახალისო, სასაცილო ამბები. გული მწყდება, რომ წასაკითხი წიგნების სიებში არასდროს ვთავაზობთ პოეზიას. ეს შეცდომაა. შეხვედრებზე ვხედავ, რა სიამოვნებით კითხულობენ პოეზიას პატარები. იმდენი ლექსი იციან, ხანდახან, მათი შემხედვარემ როგორ დავიჯერო, რომ ამდენ ლექსს უსიყვარულოდ სწავლობენ?! მე მგონი უფრო, პირიქითაა. ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ბევრნაირი პატარ-პატარა პოეზიის კრებულები. ის რაც კარგი იყო 50 -100-150 წლის წინ, ახლაც კარგია და უყვართ. ნამდვილი კლასიკა არ ბერდება ასე მალე და თავის დიდ სიყვარულსა და სიკეთეს უთვალავ ადამიანს ჩუქნის. მაგრამ ლიტერატურა ვითარდება დროში და ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი გარემოსა და დროის შესაფერი კარგი თანამედროვე წიგნებიც!
- ისიც მართალია, რომ ახლის მიღება უჭირთ და ისიც მართალია, რომ ახალსაც მშვენივრად იღებენ, გააჩნია როგორ მიაწვდი და გაუპიარებ წიგნსაც, ავტორსაც და დაარწმუნებ მის სიკეთეს, ქართველი იქნება თუ უცხოელი. ასეულობით სრულიად უცხო სახელები ითარგმნებიან, მშობელი სულ არ იცნობენ მათ, მათი უმრავლესობა თავიანთ ქვეყანაშიც ახალი ავტორებია, მაგრამ იღებს ჩვენი მკითხველი. ასევეა ქართველ ავტორებთანაც დაკავშირებით. აქ მაინც ყველაფერი ქართული მეორე ხარისხოვანია და ტრადიციულად უწინარესია უცხო! ამ პირობებშიც შენ მაინც შენსას ცდილობ, აკეთებ, ხან გამოგდის, ხან ვერა. ისე მშობელს უყვარს თავისი ბავშვობიდან ნაცნობი ავტორის წიგნის ყიდვა. აქვს ამას თავისი ახსნაც, სოციალური ქსელების სიკეთეა, რომ გარეკლამებაში ეხმარება ნებისმიერ ავტორს. მაგალითად მე მაქვს ჩემი საავტორო გვერდი „მარიამ წიკლაურის საბავშვო ლექსები“ , რომლითაც ძალიან ბევრ სრულიად უცხო მკითხველს ვიძენ. ასევე არიან სხვა ავტორებიც. ბავშვებს და მშობლებს წაკითხვა უნდა მოანდომო ახალი წიგნებისა! მაგრამ ისე დასანანია, რომ საბავშვო ავტორებზე, წიგნებზე, სიახლეებზე არც ტელევიზია მუშაობს, არც მედიაპლატფორმები. გამონაკლისია „მასწავლებელი.გე“ სადაც ზოგჯერ ქვეყნდება რეცენზიები ახალ საბავშვო გამოცემებზე. არადა, საინტერესოდ წარმოჩენა საზოგადოებაში ცხადია გაზრდიდა ინტერესსაც საბავშვო წიგნებისადმი. სიყვარულს და სითბოსაც გვჩუქნიან მკითხველები ვირტუალური სივრციდან, მაგრამ მაინც მთავარია სკოლების სივრცე, სადაც ვხვდებით ბავშვებს მასწავლებლების დახმარებით. ეს ასობით და ათასობით ბავშვია ჩვენი წიგნების ნამდვილი მკითხველიც და გამართლებაც და პასუხიც კითხვაზე, ვისთვის ვწერთ? განსაკუთრებული მადლობა იმ სკოლებს და პედაგოგებს, ვინც ამ სახით ზრუნავს ბავშვებზე, დააახლოვოს ისინი წიგნებთან. აი, სკოლებში, რომ ბიბლიოთეკების საკითხი დაიძრას და მოგვარდეს და შეივსოს, ეს იქნებოდა ამ საქმის ნამდვილი გვირგვინი. ზოგადად, ბევრი მარკეტინული თუ პიარული დახმარება ჭირდება კარგ წიგნებსაც, რომ მოანდომო მასას მისი ყიდვა და წაკითხვა. კარგ წიგნებს უნდა დავეხმაროთ და ისინი შემდგომ დაეხმარებიან ჩვენ ბავშვებს!
- რა გითხრათ, ე.წ. „ლექსის სწავლის“ საკითხში დიდი გაუგებრობაა ჩვენში. აიჩემეს, ვსტრესავთ ბავშვებსო. ლექსის დასწავლას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც. ხალხური გათვლებიდან, პატარა ლექსებიდან, გამოსაჯავრებლებიდან, ენის გასატეხებიდან უნდა იწყებდეს ბავშვი ლაპარაკს, მეტყველების განსავითარებლად არაფერია ლექსზე უკეთესი. ამას დაუმატე რიტმები, რითმები, თქმები, რომელსაც პოეზიის და ენის უკიდეგანო შესაძლებლობა გვთავაზობს. წკეპლით დღეს არაფერს ასწავლიან და თუ ხშირად უკითხავთ ბავშვებს. იოლად, მსუბუქად დაისწავლიან. ლექსი მხოლოდ ზეიმისთვის თუ ნახა და სწავლას აიძულებთ, კი დაისტრესება, მაგრამ თუ ბავშვი სისტემატურად ისმენს ლექსებს, ზღაპრებს, იგავებს, იმას არ დასტრესავს ზეიმზე სათქმელი სტროფები. დაისტრესება, თუ 24 საათი ტელეფონით თამაშობს ტიკტოკზე და უცებ წაგლეჯ ხელიდან და ლექსის თქმას აიძულებ. სწავლის პროცესი არაა იოლი, მაშინ უარი ვთქვათ ყველაფერზე რაც რთულია, ვიღაცას მათემატიკა დასტრესავს, ვიღაცას გეოგრაფია, ამოვიღოთ ყველაფერი და სკოლებიც დავხუროთ.
როცა სკოლებში ვხვდები ბავშვებს და მათ პოეტურ ნიმუშებს ვუკითხავ, ვუხსნი და ვესაუბრები, ვგრძნობ, რა იოლად მიდის ეს სიტყვა მათ გულებთან. ალბათ ჩვენ უფროსებმა არ ვიცით, როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს პოეზიაზე და გვეჩვენება, რომ ბავშვები გაუუცხოვდნენ ამ დარგს. სინამდვილეში უფროსები გაუუცხოვდნენ. დაინტერესდებიან, როცა პოეზიის საინტერესო, სახალისო, იდუმალ მხარეებს დაანახებთ. ბავშვები გაჯეტებიდან გამომდინარე უცხო ენებსაც კი სწავლობენ ძალდაუტანებლად და დავიჯერო ლექსი დასტრესავს მათ? ან სხვა არაფერი არ აქვთ დასაზეპირებელი ლექსის გარდა? თუნდაც გამრავლების ტაბულა? ზეპირობა, გონების წვრთნა მგონია მე და არ ვიცი, სხვას რა ჰგონია... ოღონდ რაც მეც მსტრესავს და ბავშვებსაც ავაშორებდი სიამოვნებით, ესაა უნიჭო ან მათთვის შეუფერებელი ლექსი თუ მოთხრობა. ბავშვებს, ათწლეულებია, მხოლოდ ბრძოლას, კამათს, ჩხუბს, ლანძღვას, ერთმანეთის დაცინვას, ქილიკს და შეურაცხყოფას ვაყურებინებთ. ეს არ სტრესავს? არ გვაღელვებს? და ლექსი სტრესავს?
- რაც არ უნდა ავხსნათ თეორიულად, მაინც ვერ ვიტყვით იმდენს, რასაც კარგი ლექსის ერთი სტროფი იტყვის. ტრადიცია გვაქვს უდიდესი, ამიტომ წესით, ბუნებრივი, ღრმა, ემოციური უნდა იყოს პოეზიისადმი ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ასე არაა. ყველას ვურჩევდი, იკითხონ კარგი პოეზია, კლასიკოსი ავტორები და მიხვდნენ, რამხელა ბედნიერებაა პოეზიასთან ურთიერთობა. სამწუხაროდ ბევრი „შეესია“ პოეზიას, საბავშვოსაც და იოლადაც ავრცელებენ თავიანთ მდარე ნაწარმოებებს. ნებისმიერს გამოუჩნდება ტაშისდამკვრელი, დამლაიქებელი... ვერაფერს გახდები. კარგია თუ განათლება, გემოვნება გაქვს და ბავშვებს ამ ნაგავს არ ალოკინებ უხარისხო ჩუპაჩუპსებივით. კარგი ლექსი უნდა იყოს მწყობრი, ზუსტი, ზედმეტობების გარეშე, რიტმებით მდიდარი, ორგინალური სათქმელით, კარგი ლექსიკით დაწერილი, ლაკონურიც, ფერადოვანი, მხიარულიც, უნდა აგიყოლიოს, მოგაფრქვიოს სხივი, ახალი გითხრას, თვალსაწიერი და ფანტაზია გაგივითაროს, იოლად დაგესწავლოს, დაგამახსოვრებინოს თავი... სანატრელი გახდა კარგი წერილებიც საბავშვო პოეზიაზე, პროზაზე, რომელიც პროფესიონალურად და მიუკერძოებლად დააკვალიანებდა მკითხველს.
- არ დაგიმალავთ, თავდაპირველად მეგონა, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, გოგებაშვილის ძველი „დედა ენის“ ახალი გამოცემების გასაპიარებლად, რომ ხალხი დაერწმუნებინათ ყველა ახალი ავტორისა და ახალი სახელმძღვანელოს უვარგისობაში. ძალიან იოლია ასეთი მიზანმიმართული თამაშებით ხალხის აყოლიება სოცქსელებში. მაგრამ მერე სხვა ტენდენციებიც გამოიკვეთა. მადა ჭამაში მოდისო და კლასიკოსებსაც გადასწვდნენ. გაუნათლებლობა და უკულტურობა - ყველაფრის პასუხია, რაც საზოგადოდ ხდება. მაგრამ კიდევ ცოტა ღრმად უნდა შევხედოთ ამ სურათს. ადრეც იყვნენ გაუნათლებლები, მაგრამ ადრე არსებობდა პროფესიული გარემო! არსებობდნენ პროფესიონალი მეთოდისტები, კრიტიკოსები, ბიბლიოთეკარები და პედაგოგები. პროფესიონალები აკეთებდნენ გადაცემებს ლიტერატურაზე, მწერალზე, საბავშვო გადაცემებსაც. არსებობდა განათლების სფეროს მკაცრად პროფესიონალური გარემო... დღეს ეს პროფესიული გარემო ან აღარ არსებობს ან არ ჩანს! არც ერთ ეკონომისტს, მოლარეს, დამლაგებელს, სტომატოლოგს, თუ დიასახლისს არ დაებადებოდა აზრად, საჯაროდ თავისი აზრები ეფრქვია პოეზიის შესახებ, ყური აეწია პოეტისთვის. წინა პლანზეა მასა, რომელსაც ბარაბა აკერია პირზე. დღევანდელი მშობლების თაობას სკოლაშიც არ უვლიათ წესიერად, დიპლომები აიღეს გამოგონილ უნივერსიტეტებში, წიგნებიც არ უკითხავთ, იმიტომ რომ მძიმე წლებში გაიზარდნენ. ამის შედეგს ვიმკით დღეს. ამას დამატებული დემოკრატიული იდეოლოგია ანუ ყველა აზრის თანაბრობა, ყველას უფლება ყველაფერზე ილაპარაკოს. ამას დამატებული აშკარა ტენდენცია, რომ გაცილებით კარგად იყიდება ნეგატივი, სენსაცია, სიცრუე, უგემოვნობა, დაცინვა, ბულინგი... ერთი სიტყვით სამოქალაქო უპასუხისმგებლობა!
ლიტპროცესი უნდა ანალიზდებოდეს, სახელი ერქმეოდეს, ფასდებოდეს ყველაფერი, მაგრამ პროფესიონალთა მიერ! ავიღოთ საშუალო სოციალური ფენის ტიპური ოჯახი. სად უნდა შეიქმნას აზრი, რომ ვთქვათ საბავშვო პოეზია აი, ეს არის კარგი ავტორი, აქვს ღირებული შემოქმედება, რომ ეს ლექსები თქვენს შვილებს ბევრ სიკეთეს მისცემს? ვერსად, ვერსად იპოვის მშობელი წერილებს ან გადაცემებს საბავშვო ლიტერატურის პროფესიონალურ შეფასებაზე. თუ აკრეფთ „საბავშვო ლექსები“, ამოაგდებს ტიკტოკის პლატფორმაზე „მოღვაწე“ ყოვლად მდარე სისულელეებს. აჰა, ესეც თქვენი საბავშვო პოეტები, იტყვის მავანი და ერთნაირად შესძაგდება ეს სფეროც და ყველა დანარჩენიც. ან ეძებს კი?! ყველაფერი მიდრკა შოუსკენ, ზედაპირულობისკენ...
სოციალური ქსელში ნებისმიერს შეუძლია შექმნას მითი საკუთარ თავზე: აფრქვიოს აზრები, თავი მოაჩვენოს სხვას ჭკვიანად, შემდგარ ადამიანად, ფოტოშოპებით გაილამაზო თავი, სხვისი აზრები თუ ლექსიც კი დადო საკუთარი გვარ-სახელით, იპრანჭო, იტყლარჭო, იგრიხო და დატკბე სოციალური ნარცისიზმით. მერე ბუსტო ეს პოსტები და ათიათასობით ლაიქი მოიპოვო და თავი იგრძნო წარმატებულ, საჭირო, მხსნელ ადამიანად. ამ უბედურებას ჩვენს თვალწინ ეძლევა დიდი გასაქანი. ვერაფერს იზამ! და ადამიანებიც იქნევენ თითს, ილანძღებიან. ამით საკუთარ თავებს გარკვეულ „თერაპიას“ უტარებენ. მოკლედ ეს ურთულესი მასობრივი ფსიქოაშლილობის სურათია. ამ ვირტუალურ სივრცეში ხომ მაინც შეგიძლია ვიღაცას თითი დაუქნიო, „ჭკუა ასწავლო“, შენს დაკრულზე აცეკვო - აი, ამგვარი და უამრავი სხვა კომპლექსი, რომლებიც ადამიანებში საბჭოურმა მორჩილებამ და დემოკრატიულმა თავისუფლებამ „მოკლე ჩართვით“ გააჩინეს.
როგორც ჩანს, ყველა ადამიანში ცხოვრობს დიქტატორი, დესპოტი, ხელმძღვანელი, ბოსი, შეფი, პრეზიდენტი… ოღონდ კი ვიღაცის უფროსობა, ბულინგი შეძლოს, თითი უქნიოს, დასცინოს! ეს შეუმდგარ ადამიანს გულს ფხანს! იქნებ კიდეც ახსოვს, რომ ლიტერატურა ამაღლებულ იდეალებს აზიარებდა, ნათელ მომავალს პირდებოდა... ასე არ მოხდა, მის თავზე ბევრი წისქვილის ქვა დატრიალდა და არ პატიობს ის ლიტერატურასა და მწერალს „ტყუილს“... უტრირებულად მაინც შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქე შურისძიებითაა შეპყრობილი. არაფერი კარგი მათ თავს არ ხდება. 30 წელია, გავიდა ცხოვრება და ერთ ადგილს ვტკეპნით. წარმოუდგენელია ამან არ იმოქმედოს ადამიანთა ფსიქიკაზე. მუდმივის სტრესია ჩვენი ცხოვრება, განა რამდენს გაუძლებს ადამიანი?! ანუ ეზიზღება ყველა და ყველაფერი. ყველა დამნაშავეა მის წინაშე. ნებისმიერ რამეს გადათელავს... მით უფრო მწერალს, რომელიც ადრე მართლა იყო დაწინაურებულთა შორის. ამას ბოლომდე ვერ ვპატიობთ მწერლებს, როგორც ჩანს...ამას ემატება საგანმანათლებლო სისტემის პრობლემები. ცუდი სახელმძღვანელოები, პლიუს საშინელი ნიჰილიზმი შეუმდგარი ქვეყნის გამო. ჩემთვის ჯოჯოხეთია ეს ყველაფერი, სულ უფრო მეტად მინდა გავიქცე, დავემალო ამ რეალობას, სადღაც, ნიჟარაში შევიკეტო და ვიყო, მაგრამ სადაც არ უნდა იყო, ყველგან გეხება ცხოვრება, ვერ გაუნაპირდები...
მადლობა იმ მშობლებს და პედაგოგებს, რომელიც სიხარულით ურთიერთობს პოეზიასთანაც, წიგნთან, სიახლეებს იღებს, მაგრამ ტენდენცია, რომელიც ძალუმად მოგვეძალა, ითხოვს მეტ ყურადღებას და გაანალიზებას. ფაქტია ამ აგრესიულმა ხალხმა სრულიად გაწყვიტა კავშირი არა მხოლოდ ბავშვთან, რომელიც მასში უნდა ცხოვრობდეს შინაგანად, არამედ ბავშვობასთან, ზოგადადაც. ეს შინაგანში მნიშვნელოვანი არხის დახშობას ნიშნავს. ალბათ, იმ დიდი რღვევის, კრიზისის გამოხატულებაა, რა რეჟიმშიც დღესაა სამყარო... ამიტომ გახდა უცნაური, დაუნდობელი და ათმაგი სტანდარტების მქონე ჩვენი საზოგადოებაც. ზოგი მწერალ-ლიტერატორიც კი, ისე უკადრებელს კადრულობს და ისე ემტერება ხან პოეზიას, ხან პიროვნებებს, კლასიკოსებსაც კი, ყბა ჩამოგივარდება. ჰოპ-ჰოპ , უცებ გურამ რჩეულიშვილს შერისხავენ, ჰოპ-ჰოპ, უცებ რეზო ინანიშვილს, აქეთ მაყვალა მრევლიშვილს, იქით გივი ჭიჭინაძე ეპატარავებათ თვალში და ასე, ვინაა დამშლელი?! ახლა ფოლკლორს მისდგნენ, ხვალ ალბათ რუსთაველსაც არ იკმარებენ... ზოგს მაუზერი რომ მისცე, ჩვეულებრივი ჩეკისტი კომკავშირელივით ტყვიას მოგიშვერს შუბლში... აშკარად ცუდი ქარები ქრიან...
ყველაფრის მიუხედავად მჯერა, ადამიანი ვალდებულია საკუთარ თავში ადამიანი და შესაბამისად სამყაროც გადაარჩინოს და სინათლისკენ მოატრიალოს...
ავტორები განსხვავებულ მდგომარეობასა და პოზიციაზე არიან, ამიტომ მე ჩემი გადმოსახედიდან ვიტყოდი, ცხადია განზოგადებასაც შევეცდები. მე პირადად ძალიან მაწუხებს ის სიტუაცია, რაც პოლიტიკურმა ანგაჟირებულობამ მოიტანა დღეს და შეიქმნა სხვადასხვა პლატფორმები და ბანაკები. მწერლების გათიშვა - ეს ცუდია, არასწორია და ბლოკავს გარკვეულწილად პროცესებსაც. სხვა შეიძლება სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მე ვერ ვაფასებ ამას დადებით მოვლენად. საზოგადოდ ცუდია რომ არეალია შეზღუდული, რეალიზაციას ვერ ახდენ სრულად. მაწუხებს სნობური და ზედაპირული დამოკიდებულებები ავტორების მიმართ, მაწუხებს ის რომ ძალიან მიჭირს გამოვცე საბავშვო პოეზია. ეს ბოლო პრობლემა იმ რანგში გადავიდა, რომ მარტო ჩემი საწუხარი არ მგონია იყოს. საზოგადოდ ამ დარგის განვითარებას აქვს თუ არა პერსპექტივა, უკვე ამაზე ვფიქრობ.
აღარავის აინტერესებს რას და როგორ წერ. სხვა რაღაც „იყიდება“ უკვე, და არა ლიტერატურა. სრული იგნორი ქართული კრიტიკისგან, არაპროფესიული გარემოს მოძალება... ამის ფონზე დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია, მაგრამ მაინც ვიტყვი: ჩვენ მუდმივად არ გვყოფნის რესურსი სათანადო მუშაობისთვის, წერისთვის, თარგმნისთვის. პერიოდიკისადმი ინტერსი დაბალია არადა პერიოდიკამ უნდა აჩვენოს ლიტერატურული პროცესი და წიგნამდე და მკითხველამდე მიიყვანოს ავტორი. საბავშვო პერიოდიკა ხომ ძალიან ცოტაა . ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" გარდა მე არსად ვიბეჭდები, ჟურნალი კი დიდ ადგილს ვერ უთმობს მიზეზთა გამო ლიტერატურას. ანუ ვირტუალურად მე ფეისბუქზე „გამოვცემ“ ჩემს თავს და ვითავსებ საბავშვო ჟურნალის ფუნქციას. ეს ნორმალურია? მწერალს ხომ სჭირდება ბეჭდვა, მკითხველი, ჰონორარი? ყველა თავისას ცდილობს და საბოლოოდ ქრება მწყობრი ნაკადი, რომელმაც უნდა განაპირობოს, განსაზღვროს მწერლის ადგილიც, სტატუსიც, ღირებულებაც. ახლა ჩვენ ვართ ე.წ. თვითწარმოების თუ ავტომატური, ინერციის რეჟიმში. ნებისმიერს შეუძლია გაქოს, გლანძღოს, გენიოსი გეძახოს ან სულელი. ერთი ფასი აქვს ლამის ყველაფერს... მინდა ვინატრო, ჩემი ქვეყნის ისეთ სწორ კალაპოტში განვითარება, სადაც ავტორებს პარტიული თუ ცრულიბერალური ღირებულებების გამო არ შეექმნებათ პრობლემები, არ იმუშავებს ათმაგი სტანდარტები, არც პირადი სიმპათია-ანთიპათიების გამო, არც შური იქნება, არც ამპარტავნობა... ეს კი იდეალური ქვეყანაა, რომლიდანაც ისევე შორს ვართ, როგორც მთვარემდე... მაგრამ ჩვენ, თითოეულს, ჩვენში, შიგნით, შეგვიძლია ასეთი გარემოს შექმნა. ესეც დიდი გამარჯვება იქნებოდა. ყველაფრის მიუხედავად, მწამს, რომ ადამიანები მხოლოდ ბედნიერებისთვის, სიხარულისთვის და თავისუფლებისთვის არიან დაბადებულები და ნიჭის მსახურება, განვითარება და ამ ნიჭის მონაყოფებაც უნდა შევიძლოთ...
- უპირველესად დიდი მადლობა იმ მშობლებს და იმ პედაგოგებს, ვისი წყალობით, მცდელობით, შრომით, მოწადინებით ჩვენ დღეს ვართ სასურველი ავტორები და თვალნათლივ ვხედავთ, რას აკეთებს ან ვერ აკეთებს ჩვენი შემოქმედება. ასევე დიდი მადლობა იმ გამომცემლებს, ვინც წიგნებად აქცევს ჩვენს ხელნაწერებს და ბავშვებთან მისვლის საშუალებას აძლევს. მადლობა ჩვენს მყიდველს, რომელიც თუ კარგი მკითხველიც აღმოჩნდება, სრულიად განაპირობებს ჩვენს საქმიანობის მომავალს. ზოგჯერ იმაზე მეტადაც, ვიდრე ეს მას წარმოუდგენია. ამიტომ ვიტყოდი, რომ ნებისმიერი კარგი საბავშვო წიგნის დაწერა -დაბეჭდვა -ყიდვა არის იდუმალი ჯაჭვი, რომელიც ან აბამს ან ხსნის იმ ზღაპრულ „ამირანებს“, რასაც თქვენი ბავშვების გონება ჰქვია - უკიდეგანო შესაძლებლობების მქონეს და რასაც ჰქვია ჩვენი, მწერლების დღევანდელობა და მომავალი. გვინდა-არ გვინდა, სამუდამოდ ვართ გადაბმულები ერთმანეთზე! მშობლებს, ვისთვის ძვირფასია საკუთარი შვილების განათლება და წიგნისადმი სიყვარული, ისედაც იციან, რომ წიგნები უნდა ბევრი იყოს ფიზიკურად ბავშვის საარსებო გარემოში, სახლი იქნება ეს, სკოლა თუ ნებისმიერი სივრცე. თვითონაც, უფროსებმა უნდა იკითხონ ბევრი საბავშვო ლიტერატურა. კარგი საბავშვო წიგნი თანაბრად საინტერესოა დიდისთვისაც. ასე უფრო ადვილია ბავშვის მიყვანა წიგნთან, ლიტერატურაში. ისარგებლეთ ახლომდებარე ბიბლიოთეკებით. თუ ბავშვს ორმაგად გაუმართლა და კარგი მშობლის გარდა კარგი სკოლა და პედაგოგი ჰყავს, ეს ცხოვრების საჩუქარია. დრო, რომელსაც გვართმევს რუტინაც, ტექნოლოგიებიც, როგორმე უნდა დავუთმოთ ბავშვებს. ნურც კარგი პოეზიის წაკითხვას დაიზარებთ, ზღაპრები ხომ საუკეთესო გამოსავალია და თავისთავად, კარგი წიგნები. ერთად გაატარეთ დრო, უსმინეთ ბავშვებს, გადით ბუნებაში, შეიმეცნეთ სამყარო, აკეთებინეთ საქმე...
- დამწყებ მკითხველს ვურჩევდი გადაჰყროდეს საუკეთესო მსოფლიო წიგნებს და ავტორებს: კარლო კოლოდი, იოჰანა შპირი, მარკ ტვენი ასტრიდ ლინგრენი, ტუვე იანსონი, ჯანი როდარი, როალდ დალი და ა.შ გამოუყვება ლიტერატურის ოკეანის სანაპიროს. შინაც ჰყავს ადამიანები რომლებიც უნდა იკითხოს: გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ინანიშვილი, ჩოხელი, დუმბაძე, ბეზარაშვილი, ჭიჭინაძე, მრევლიშვილი და უამრავი სხვაც - ქართული სამყაროს და ქართული ენის დიდი ოსტატების ნაწარმოებები. განსაკუთრებულად მინდა ვინატრო ადამიანმა თავი იგრძნოს შინაურად ქართული ენის წიაღში. ლიტერატურის გარდა ამას ვერავინ შეგაძლებინებთ. მაგრამ ენასთან და საზოგადოდ ამ სამყაროს სულთან ყველაზე ახლოს დგას პოეზია და თუნდაც პოეზია იკითხოთ, ამას გირჩევთ. ხალხური იქნება ის თუ კლასიკა თუ თანამედროვე, კარგი პოეზიით შეაღეთ ლიტერატურის კარი. ზღაპრები უკითხეთ ბავშვებს. სამშობლოც შეაყვარეთ, ადამიანიც, და სამყაროც! კარგი ლიტერატურა მზა რეცეპტია საამისოდ! არადა, რომ ვუყურებ, ბავშვებს სიტყვების მნიშვნელობები აღარ ესმით... რამხელა ძალაა ენა! ნუ გაუუცხოვდებით მშობლიურ ენას. ნუ შეგაშინებთ სულიერება! ყველაფრის მიუხედავად მჯერა, სამყაროს მაინც სიკეთე, მშვენიერება, სინათლე მართავს, ამ აუწონელი ბოროტების მიუხედავად, ომების, ბავშვთა კვლის, განადგურების მიუხედავად, ჩვენ მაინც უნდა დავდგეთ სიმართლის მხარეს. სამყაროს სიმართლე კი მომავალია, ბავშვია!