„ბევრი სირთულის მიუხედავად, გიჭირს თუ გილხინს, მაინც ცალკე ცხოვრება ჯობია...“ "„ეს ჯოგური ცხოვრება როდის მოისპობა ჩვენს საზოგადოებაში?" - ცხოვრება ცალკე თუ მეუღლის მშობლებთან ერთად? რას ფიქრობენ ახალგაზრდა მშობლები? - მშობლები

„ბევრი სირთულის მიუხედავად, გიჭირს თუ გილხინს, მაინც ცალკე ცხოვრება ჯობია...“ "„ეს ჯოგური ცხოვრება როდის მოისპობა ჩვენს საზოგადოებაში?" - ცხოვრება ცალკე თუ მეუღლის მშობლებთან ერთად? რას ფიქრობენ ახალგაზრდა მშობლები?

2024-03-12 22:14:39+04:00

საქართველოში ახალგაზრდა ოჯახების დიდი ნაწილი დღემდე უფროს თაობასთან ერთად ცხოვრობს, ნაწილი კი მშობლების გარეშე უმკლავდება ოჯახურ სირთულეებს.

რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ახალგაზრდა ოჯახის მშობლებთან ერთად ცხოვრებას?

დადებითი მხარეები:

  1. ფინანსური დახმარება და სტაბილურობა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.
  2. ბავშვების მოვლაში დახმარება, ბავშვების დატოვება, როცა მუშაობთ ან სადმე მიდიხართ.
  3. ემოციური მხარდაჭერა და სოლიდარობა ოჯახის წევრებს შორის.

უარყოფითი მხარეები:

  1. პირადი სივრცის და დამოუკიდებლობის ნაკლებობა.
  2. დაძაბული ურთიერთობები და კონფლიქტები სხვადასხვა თაობებს შორის.
  3. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გარეშე ჩარევა.
  4. სტრესი მშობლებისა და შვილების ცხოვრების წესის სხვაობის გამო.

რას ფიქრობენ ამის შესახებ ჩვენი მკითხველები? გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას.

  • „ერთ ოჯახში მეორე ოჯახის „ჩაშენება“ ვერანაირად ვერ იქნება ჯანსაღი მოვლენა. რა თქმა უნდა, შეგნებული ადამიანები ახერხებენ, რომ ერთმანეთს ანგარიში გაუწიონ, მაგრამ ეს ბევრი რამის მოთმენის, სურვილების დათრგუნვის და პირადი სივრცის დარღვევის ხარჯზე ხდება, რაც საბოლოოდ ყველას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. რაც არ უნდა დადებითი მხარეები მოვუძებნოთ, სხვა ოჯახში ჩასახლებული ოჯახი ბოლომდე სრულფასოვანი არ არის“
  • "წლები ვცხოვრობდით ერთად. დედამთილ-მამამთილმა გამიზარდეს შვილები, მხოლოდ ბავშვთან თამაში და ჩემი პირადი საქმეები იყო ჩემი მოვალეობა, ყველაფერს დედამთილი აკეთებდა და დღემდე მადლობელი ვარ. მაგრამ სოფელში რომ გადავიდნენ და მარტო დავრჩი 3 შვილთან, ყველა საქმე დამაწვა კისერზე. ძალიან ვიღლები, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია. ახლა ვხვდები, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, მაინც ცალკე ცხოვრება ჯობია".
  • „ძალიან კარგია. განსაკუთრებით ბავშვების და ბებია-ბაბუების ურთიერთობა არის შეუფასებელი“
  • „მირჩევნია სადმე სხვაგან წავიდე და ჩემს გემოზე ვიცხოვრო და დავისვენო, ვიდრე იმას ვემსახურო, ვინც ჩემს შრომას ვერ დააფასებს.“
  • „თანაცხოვრებისთვის ადამიანები უნდა იყვნენ ჯანსაღი გონების, შეგნების, ტაქტის, ეთიკის და ზრდილობის მატარებლები. ეს ეხება ყველას“
  • „ორი წლის ბავშვიც კი ცდილობს, ჰქონდეს თავისი პატარა კუთხე და თავისი გარემო. დიდს რა შეკითხვა უნდა? თუ არის ცალკე ცხოვრების შესაძლებლობა, ცალკე ჯობია.“
  • „ყველას არ აქვს საშუალება ცალკე იცხოვროს და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეს უწამლავენ ერთმანეთს“..
  • „რომელი საუკუნეა, ეს თემა რომ არის განსახილველი.... რატომ უნდა იცხოვრო ან დედამთილთან ან დედასთან ერთად? როცა ოჯახს ქმნი“
  • „აუცილებლად ცალკე უნდა ცხოვრობდეს. ბებია-ბაბუა მოვიდეს, მოეფეროს შვილიშვილებს, დატკბეს მათი სიყვარულით და მერე წავიდნენ. მშვიდად ცხოვრება სჭირდებათ ასაკში, მერწმუნეთ, მათაც უნდათ ეს„
  • „ცალკე ცხოვრებას არ ვემხრობი, რადგან სიშორეს არც სითბო მოაქვს და არც ყურადღება. რა სჯობია ბებია-ბაბუის სითბოსა და სიყვარულს. მთავარია შეგნება და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. დედა შვილი ვერ უგებენ ერთმანეთს ხშირ შემთხვევაში და მაინც ხომ ცხოვრობენ ერთად?ისედაც ყველა ოჯახიდან წასულია რამოდენიმე წევრი და კიდე დაცალკევება გვინდა? სიყვარული ხომ შეჩვევაა,ამიტომ თვალი თვალს რომ მოსცილდება, გული გადასხვაფერდებაო...“
  • „ყოველდღიური თანაცხოვრების დროს წყენები გროვდება და ბოლოს იფეთქებს ერთხელაც“
  • რაც არ უნდა კარგი იყო, ყოველთვის მოგიძებნიან მიზეზს, წუნს და ა.შ. ზედმეტ უთანხმოებას და კონფლიქტს ცალკე ცხოვრება ჯობია, ცხვირს არავინ ჩაყოფს ზედმეტად“
  • „პლუსი ისაა, რომ უფასოდ მიგიხედავს ბავშვებს და კომუნალურები გიხდიან. ყველაფერზე შენ არ დარდო და უფროსები გიკეთებენ ბევრ რამეს, მაგრამ გიჭირს თუ გილხინს, მაინც მარტო ჯობია.“
  • „ვერ წარმომიდგენია როცა მეუღლე გიყვარს და აფასებ, როგორ შეიძლება მისი მშობლები არ გიყვარდეს, არ აფასებდე, თანაცხოვრებას რაც შეეხება, ურთიერპატივისცემით არა მგონია, რამე უარყოფითი იყოს მაგაში, თუმცა ორივე მხარეზეა დამოკიდებული“
  • „პირველ რიგში დიდი იმედია (თუ რა თქმა უნდა, ადეკვატურ ხალხში ხარ) . თუმცა ახალგაზრდა ოჯახი მაინც ცალკე უნდა ცხოვრობდეს, ერთად უნდა იტვირთონ ცოლ-ქმრული უღელი. უფრო მეტად აფასებენ მერე ოჯახურ იდილიას".
  • „დილიდან საღამომდე გამოსული რომ ხარ იმედიანად, რომ ბავშვები საიმედო ხელში დატოვე, ჯერ ეს რამდენს ნიშნავს“
  • „ჩემთვის ისინი დიდი იმედი და ძალა არიან. ჩემს შვილებს თავს ევლებიან. სამსახურში რომ მივდივარ, ოჯახის დარდი არ მაქვს.“
  • „ვიდრე დაქორწინდებით, იფიქრეთ, სად იცხოვრებთ. შეარჩიეთ საცხოვრებელი, მოაწყვეთ და იქ დაიწყეთ ცხოვრება. თუ ამის შნო არ გაქვთ , დაფიქრდი, ღირს კი ასეთი ქორწინება?“
  • „ვისაც არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს და მოიწყოს თავისით ცალკე სავანე.. ნუ ითხოვთ ყოველთვის სხვისგან. ევროპაში სირცხვილიცაა მშობლებთან ცხოვრება.. იქ თუ არ ისწავლეს, სამუშაო არ დაიწყეს, დაოჯახებაზეც არავინ ფიქრობს. ქირით ცხოვრობს ახალგაზრდების უმეტესობა, თავისით გააქვთ ცხოვრება...ერთხელ და სამუდამოდ მიდით იმ შეგნებამდე, რომ თქვენ უნდა გაანძრიოთ ხელი“
  • „ცალკე უნდა იცხოვროს ოჯახმა. ეს არ ნიშნავს, რძალი და დედამთილს ვერ ეგუება. არა .დამოუკიდებლად უნდა უძღვებოდეს წყვილი ოჯახს. დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ და არა მშობლებზე დამოკიდებული. „
  • „ეს ჯოგური ცხოვრება როდის მოისპობა ჩვენს საზოგადოებაში ნეტავ. ყველგან ამას ვიძახი და აქაც ვიტყვი. წყვილი უნდა ცხოვრობდეს ცალკე“.
  • „უარყოფითი შეიძლება ის იყოს, რომ როცა მშობელი ბავშვს დატუქსავს, უფროსი თაობა ზედმეტად ერევა“.
  • „სანამ არ მიხვდებიან, რომ ერთმანეთისთვის საჭირო არიან, მანამდე ცალკე იცხოვრონ“.
  • „ჩემთვის დიდი იმედია. გულს უხარია შვილიშვილებში რომ სიყვარულით ფუსფუსებს ,რომ დაბერდებით, ჭიქა წყლის მიმწოდებელი არ გინდათ? მე პირადად მარტო ცხოვრება არ მინდა“
  • „დადებითი არაფერია სხვის ოჯახში რომ კიდევ ოჯახი ცხოვრობს. ერთმანეთს რომ იტანენ, არ ნიშნავს, რომ ბედნიერები არიან“.

გოგო მიჰყვება ცოლად ბიჭს და არა მთელ მის ოჯახობას... მარაზმია ეს კოლექტიური ცხოვრება დედამთილ-მამამთილებიანად - სხვადასხვა თაობის ერთად ცხოვრების პლუსები და მინუსები