ამ ამბავმა წლების წინ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მანიაკმა 3 გოგონა გაიტაცა, საკუთარ სარდაფში გამოკეტა, აშიმშილებდა, გამუდმებით ძალადობდა და არაადამიანურ პირობებში აცხოვრებდა. თუმცა, მათ საბოლოოდ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გაქცევა მოახერხეს:
ამანდა ბერის, მიშელ ნაითისა და ჯინა დეჰესუსის ისტორია მართლაც რომ გამაოგნებელია. ისინი მანიაკმა პირდაპირ ქუჩიდან გაიტაცა.
ამანდა ბერი 1986 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კლივლენდში დაიბადა. მშვიდად ცხოვრობდა, დადიოდა სკოლაში, ჰყავდა მეგობრები, ნახევარ განაკვეთზე სწრაფი კვების ობიექტში მუშაობდა. მაგრამ, მეჩვიდმეტე დაბადების დღის წინა დღეს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა... 2003 წლის 21 აპრილს ამანდამ დას დაურეკა და უთხრა, რომ სამუშაო ცვლის დასრულების შემდეგ სახლში მივიდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოჯახში დაბრუნება ვეღარ შეძლო.
გოგონა საღამოს სახლში რომ აღარ გამოჩნდა და აღარც კონტაქტზე გადიოდა, მისი მშობლები, ახლობლები განსაკუთრებით შეშფოთდნენ და ძებნა დაიწყეს. საქმეში პოლიციაც ჩაერთო. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქმეს გულგრილად მოეკიდნენ და არაეფექტური გამოძიება აწარმოეს. თანაც წლების წინ გამოძიება ისეთი ეფექტური არ იყო, როგორიც ახლაა. პოლიციის თავდაპირველი ვერსიის თანახმად, გოგონა სახლიდან გაიქცა და დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა. ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, ამანდას დედის ტელეფონზე ზარი შევიდა. მამაკაცი ეუბნებოდა, რომ მისი შვილი მასთან იყო. ასევე უთხრა, რომ გოგონას მასთან დარჩენა სურდა და ყველაფერი კარგად იყო. ქალს ამ ამბის არ სჯეროდა, ამიტომაც საკუთარ შვილს უშედეგოდ ეძებდა...
14 წლის ჯინა დეჰესუსიც კლივლენდში ცხოვრობდა და ისიც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მოგვიანებით პოლიციამ ეს საქმეები ერთმანეთს დაუკავშირა. 2004 წელს მათი ისტორიები პოპულარულ სატელევიზიო გადაცემებში გადიოდა, ახლობლები დაკარგული გოგონების პოვნას ცდილობდნენ. მეტიც, 25-ათასდოლარიანი პრიზიც კი დააწესეს მათთვის, ვინც გაუჩინარებული ახალგაზრდების შესახებ რაიმე ცნობას მიაწვდიდა. მაგრამ ეს ყველაფერიც უშედეგო იყო.
21 წლის მიშელ ნაითი სახლში ბრუნდებოდა და შვილის მეურვეობის საკითხზე სასამართლოსთვის ემზადებოდა. გოგონა ქუჩაში იყო, ამ დროს კი მის წინ მანქანა გაჩერდა. მიშელმა მანქანაში მისი ყოფილი კლასელი მამა - არიელ კასტრო დაინახა და მშვიდად ჩაჯდა.
გზად საუბარი დაიწყეს. მამაკაცმა მიშელს უთხრა, რომ სახლში პატარა ლეკვი ჰყავდა, რომელსაც მისი შვილისთვის გაატანდა. გოგონა მალევე დასთანხმდა. შინაური ცხოველის წაყვანა სურდა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოს გზით შვილზე მეურვეობას დაიბრუნებდა, ის გაეხარებინა. თუმცა, როგორც კი სახლის კარს გადააბიჯა, კასტრომ გოგონას თავში ძლიერად ჩაარტყა და სარდაფში ჩაათრია.
გამოძიება ამ შემთხვევაშიც დაიწყო, თუმცა პოლიციამ ჩათვალა, რომ ქალი გაიქცა და მისი მოძებნა დიდხანს აღარ გაუგრძელებიათ...
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამანდასაც ჰქონდა კავშირი არიელ კასტროსთან - მის უფროს შვილთან ერთად სწავლობდა. მამაკაცი ქუჩაში შეხვდა და უთხრა, რომ გზა აებნა და თუ სწორ გზას უჩვენებდა, სახლამდე მიაცილებდა. წვიმიანი ამინდი იყო, გოგონაც კლასელის მამას ენდო და მანქანაში ჩაუჯდა. მალევე მასაც თავში ძლიერად ჩაარტყა და როდესაც გოგონა გონს მოვიდა, მის სარდაფში უკვე გაკოჭილი იყო.
რაც შეეხება ჯინას, ის მანიაკის ქალიშვილის მეგობარი იყო. როდესაც გოგონა სკოლიდან ბრუნდებოდა, კასტრომ მანქანა გაუჩერა და სთხოვა, რომ მისი შვილის პოვნაში დახმარებოდა. გოგონაც მეგობრის მამის მანქანაში ჩაჯდა და არც უფიქრია, რომ შეიძლებოდა, რაიმე დამართნოდა...
სამივე შემთხვევაში გამტაცებელი არიელ კასტრო იყო. მას 4 შვილი ჰყავდა, მეუღლეს დაშორებული იყო და შვილები შაბათ-კვირას საკუთარ სახლში მიჰყავდა. სხვათა შორის, ამას ყოფილი მეუღლის თანხმობის გარეშე აკეთებდა.
კასტრო სკოლის ავტობუსის მძღოლად მუშაობდა, თუმცა განქორწინების შემდეგ მისი ცხოვრების სტილი აბსოლუტურად შეიცვალა, უპასუხისმგებლოდ იქცეოდა და გაათავისუფლეს. დაეწყო მენტალური პრობლემები, გარე სამყაროს მთლიანად მოწყდა და მხოლოდ დედასთან ჰქონდა ურთიერთობა. წარუმატებელმა ქორწინებამ ყველა ქალი შეაძულა და ნელ-ნელა შურისძიების გეგმა შეიმუშავა. საბოლოოდ კი, ნამდვილ მანიაკად გადაიქცა.
თითქმის თერთმეტი წლის განმავლობაში არიელ კასტრო გატაცებულ გოგონებს ჯაჭვებით აბამდა, სასტიკად სცემდა, აუპატიურებდა და აწამებდა. ქალები მისგან რამდენჯერმე დაორსულდნენ, მაგრამ კაცი ყველაფერს აკეთებდა, რომ მუცელი მოშლოდათ. თუმცა, ამანდას 2006 წლის 25 დეკემბერს ჯანმრთელი გოგონა შეეძინა.
ქალებს დაძინების საშუალებას არ აძლევდა, მუდმივად აშიმშილებდა, შხაპის მიღების უფლება კი კვირაში ერთხელ ჰქონდათ. როცა სახლში ვინმე იყო, მათ ემუქრებოდა, რომ ხმა არ ამოეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯიდა.
ერთ დღესაც მანიაკმა სამივე გატაცებული შავ-თეთრი ტელევიზორის წინ შეკრიბა. გოგონებს აყურებინა ის გადაცემა, რომელიც მათ დაკარგვას მიეძღვნა. ამ გზით მათი ფსიქიკის სამუდამოდ განადგურება სურდა. ამანდამ გაიგო ისიც, რომ 2006 წელს მისი დედა გულის შეტევით გარდაიცვალა...
დაკარგული გოგონების ახლობლები აქციებს აწყობდნენ. კასტრო კი მონაწილეობასაც კი იღებდა. მეტიც, მისმა ვაჟმა ენტონი კასტრომ, რომელიც ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობდა, ჯინას დედასთან ინტერვიუც კი ჩაწერა...
მრავალი წლის განმავლობაში ქალები ტყვეობაში დღიურებს წერდნენ და საშინელ დეტალებს აღწერდნენ. გოგონა, რომელიც ამანდას შეეძინა, მამასთან ერთად ეზოში რამდენჯერმე გავიდა. მეზობლებს ის კასტროს შვილიშვილი ეგონათ. სხვათა შორის, ბავშვი ექიმს არასოდეს უნახავს და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუმოწმებია. სარდაფიდან კვირაში ერთხელ გამოდიოდა და მამასთან ერთად წირვაზე მიდიოდა...
გოგონები გადარჩენის იმედს არ კარგავდნენ. კასტრო ერთ-ერთ კარს ღიას სულ ტოვებდა, თუმცა ამას ტყვეების გამოცდის მიზნით აკეთებდა. სახლში იმალებოდა და თუ რომელიმე გაქცევას გადაწყვეტდა, უარეს დღეში ჩააგდებდა. ერთადერთი, ვისაც სახლში შედარებით მშვიდად გადაადგილება შეეძლო, პატარა ჯოსელინი იყო. 2013 წლის 6 მაისს დილით ამანდას ქალიშვილი სარდაფში გაიქცა და ქალებს უთხრა, რომ მისი მამა სახლიდან წავიდა.
ამანდამ გაბედა და პირველ სართულზე ავიდა. კარს ვერ გააღებდა, რადგანაც სიგნალიზაცია ჩაირთვებოდა. მაგრამ ფანჯრიდან ყვიროდა და მეზობლებს ევედრებოდა, რომ პოლიცია გამოეძახებინათ. გამვლელებმა მართლაც შენიშნეს და პოლიციაში დარეკეს. პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა და ტყვეები გაათავისუფლა. არიელ კასტრო კი იმავე საღამოს დააკავეს.
მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მისი სახლი კი დაწვეს. განაჩენიდან ერთი თვის შემდეგ მანიაკი საკანში გარდაცვლილი იპოვეს. მან თავი მოიკლა.
ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ქალები ჩვეულ ცხოვრებას ნელ-ნელა ისევ დაუბრუნდნენ. ამანდა ბერი მოხალისე გახდა და დაკარგული ადამიანების ძიებაში ჩაერთო. 2017 წელს კი Fox-ში დასაქმდა და დაკარგულების შესახებ რუბრიკის წამყვანი გახდა. ახლა ის საკუთარ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მანიაკისაგან შეეძინა, თუმცა ძალიან უყვარს. მან განვლილ საშინელ წლებზე ჯინა დეჰესუსთან ერთად მემუარებიც დაწერა, რომელსაც "იმედი: მოგონებები კლივლენდში გადარჩენილებზე" დაარქვა.
რაც შეეხება მიშელს, მან სახელი შეიცვალა და ლილი როუზ ლი დაირქვა. ამანდასთან და ჯინასთან არ ურთიერთობს და არც საზოგადოებაში გასვლა უყვარს. რამდენიმე წიგნი დაწერა, "მომძებნე" კი ბესტსელერად გადაიქცა. ბოლო ინტერვიუ 2020 წელს მისცა, სადაც ბავშვობასა და მონობის წლებზე ისაუბრა. მან აღიარა, რომ ტყვეობაში ყოფნის დროს კასტროსაგან 5-ჯერ დაორსულდა. თუმცა, როგორც კი კაცი ამის შესახებ გაიგებდა, სასტიკად სცემდა ისე, რომ მუცელი მოშლოდა.
საკუთარი შვილი კი ვეღარასოდეს ნახა. ის მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ ის ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო, რადგანაც კაცი მასზე სისტემატურად ძალადობდა. მოგვიანებით მიშელმა საკუთარი ფონდი დააარსა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს ფსიქიკურად გამოჯანმრთელებაში ეხმარება. თავად კი ზოოთერაპია დაეხმარა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო. სახლში არაერთი ფრინველი, ქვეწარმავალი, ფრინველი და ძაღლი ჰყავს. დაქორწინდა და ახლა ბედნიერად ცხოვრობს. ცხოვრება თავიდან დაიწყო ჯინა დეჰესუსმაც და განვლილ წლებზე მხოლოდ საშინელი მოგონებები დარჩა.