ინდოეთში, ტრივანდრუმის საშუალო სკოლაში გაკვეთილებს ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი რობოტი მასწავლებელი ატარებს. ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება.
ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც ტრადიციული სარის აცვია, ქალია და ირისი ჰქვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მასწავლებელი საკლასო ოთახში ბორბლებით მოძრაობს და მისალმების ნიშნად ხელს ართმევს მოსწავლეებს.
ის Android აპლიკაციის ინტერფეისს იყენებს და მოსწავლეს პერსონალიზებული სწავლის გამოცდილებას სთავაზობს. სხვადასხვა ენაზე საუბრობს და სხვადასხვა საგნის სწავლება კომპლექსურად, სხვა დისციპლინებთან შესაბამისობაში შეუძლია.
დეველოპერების თქმით, IRIS-თან ერთად, ხელოვნური ინტელექტის ძალის გამოყენებით, განათლების სფეროში რევოლუციის მოხდენა შეიძლება. ეს ჭეშმარიტად პერსონალიზებული სწავლის მეთოდს დაუდებს სათავეს. შესაძლებელი გახდება თითოეულ მოსწავლეს საჭიროებების, უნარის და მოტივაციის მიხედვით პერსონალური სწავლის მეთოდი შესთავაზონ.
Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი რევოლუციას მოახდენს სწავლა-სწავლების პროცესში. გეითსის თქმით, ჩეთბოტები ამოიცნობენ მომხმარებლების სწავლის სტილს, რათა მათ კონტენტის პერსონალიზაცია შეძლონ. ის არა მხოლოდ გაზომავს მოსწავლის აღქმისა და ათვისების დონეს, არამედ გამოიცნობს, თუ რა სახის მოტივაციაზე რეაგირებს ის.