"როდესაც სულიერად ხარ ბედნიერი, ყოფით სირთულეებს ვერ ამჩნევ... მინდა ხალხს ვუთხრა, რომ დააფასონ საკუთარი ბედნიერება" - თბილისიდან სვანეთში გადასახლებული მრავალშვილიანი დედის ემოციური წერილი - მშობლები

"როდესაც სულიერად ხარ ბედნიერი, ყოფით სირთულეებს ვერ ამჩნევ... მინდა ხალხს ვუთხრა, რომ დააფასონ საკუთარი ბედნიერება" - თბილისიდან სვანეთში გადასახლებული მრავალშვილიანი დედის ემოციური წერილი

2024-03-14 18:44:21+04:00
სოფიო სუხიშვილი და მისი მეუღლე გოდერძი აფციაური თბილისში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ერთმანეთი თბილისის ერთ-ერთ ტაძარში გაიცნეს და 4 წლის შემდეგ გადაწყვიტეს დაქორწინება. წყვილს უკვე 4 შვილი ჰყავს და რამდენიმე წელია, სვანეთში ცხოვრობს. როგორ გადასახლდნენ მაღალმთიან რეგიონში და როგორია იქ მათი ცხოვრება, ამაზე სოფიო ვრცელ წერილში წერს, რომელიც mshoblebi.ge-ს გამოუგზავნა:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. სპეციალობით ფილოლოგი ვარ.მუდამ ოცნებად მქონდა სწავლის დამთავრების შემდეგ რომელიმე სოფელში წასვლა და ჩემი ცოდნის რეალიზება. ჩემი მეუღლე პროფესიით ლოტბარია, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. ერთ-ერთ საღამოზე რუსთაველის თეატრში ბატონმა ივანე ჩხარტიშვილმა და ამ სასწავლებლის მოამაგემ და საოცარმა ლექტორმა, ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადეს, წლევანდელი კურსდამთავრებულები წავლენ სოფლებში და იქ ასწავლიან ბავშვებს ქართულ სიმღერასა და გალობასო. ამაში მათ დაეხმარება და დააფინანსებს ფონდი ქართული გალობაო. სიხარულით ცას ვეწიეთ... ეს ფონდი უამრავ სიკეთეს აკეთებს დღევანდელ ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. ასე გადანაწილდნენ გალობის სასწავლებლის ბიჭები სხვადახვა კუთხეში მასწავლებლებად.
429549262-947218476960609-2398389344595217131-n-1710428840.jpg
ჩემი მეუღლე წარმოშობით მთიულია, თუმცა დედა, ანა კვანჭიანი, სვანი ჰყავს და სვანეთში გაიზარდა. თავისუფლად ლაპარაკობს სვანურად და ცხოვრობს როგორც ადგილობრივი მკვიდრები ცხოვრობენ. ჩვენ ზემო სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში გოდერძის ბაბუის, სახელოვანი და გამორჩეული ვაჟკაცი კაცის (პედაგოგის) შალვა კვანჭიანის სახლში დავსახლდით (ამ კაცის სახელი და ღვაწლი კი ფეხდაფეხ მოგვყვება და გვინათებს გზას).
გოდერძი ჯერ ფონდის და ახლა უკვე ფოლკლორის ცენტრის წარმომაგდენლად დაინიშნა. სოფელ ლატალში, სოფელ ეცერში, ბეჩოსა და მესტიაში ასწავლის საგალობლებს. უკვე მეათე წელია აქ ვცხოვრობთ. თავიდან ჩემს მშობლებს ძალიან ეშინოდათ ჩემი აქ წამოსვლის, მაგრამ როდესაც ნახეს, რა ბედნიერი ვარ ჩემი მეუღლის გვერდით, ასმაგად გაბედნიერდნენ.
431773798-875975617615240-2872521681580135624-n-1710428841.jpg
ყველაფრის მიუხედავად, იყო სირთულეები. გარემო, რომელსაც არ ვიყავი მიჩვეული, შრომა, თბილისისგან განხსვავებული პირობები... თუმცა ვთვლი, რომ თუ ადამიანი ბედნიერია, ყველანაირ პირობებს აიტანს.
დღემდე აღფრთოვანებული ვარ აქაური ხალხით. ჩემი მეუღლის დედა, დეიდები, ოჯახი და ზოგადად მთელი მისი აქაური სანათესაო სულ სხვანაირი სულიერების მატარებლები არიან.
სვანეთი? სვანეთზე რა ვთქვა? ჩემი სიტყვების გარეშეც ზღაპარია.ულამაზესი ბუნებაა, რომელიც მეც და გოდერძის ფეხით გვაქვს შემოვლილი შვილებთან ერთად... ულამაზესი სვანეთი საოცრებაა, მაგრამ ადამიანი თუ მეუღლისგან არ არის ბედნიერი და ოჯახში არ გრძნობს თავს ჰარმონიულად, ვერც ამ სილამაზეს აღიქვამს მუდმივად... არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს და მისით ასმაგად მელამაზება სვანეთი, ასევე მეიოლება თუნდაც დიდი ზამთარი, სიცივე თუ სვანეთის მკაცრი პირობები...
თუ ადამიანი ბედნიერებას ვერ ხედავს საკუთარ თავსა და ოჯახში, ის სოფლის ტალახსაც დაადანაშაულებს თავის უბედურებაში და გაუთავებელ ზამთარსაც. მაგრამ როდესაც სულიერად ხარ ბედნიერი, ამ ყოფით სირთულეებს ვერ ამჩნევ და ასმაგად გელამაზება ყველაფერი. სულ ვამბობ ხოლმე, მე რომ არ ვიყო ბრდნიერი, ალბათ ასე არ აღმაფრთოვანებდა უშბა, ულამაზესი უშგული, ცრემლები არ წამომივიდოდა მათი დანახვისას და არ შემიყვარდებოდა ასე ძლიერ აქაურობა. აქ ჩვენი ზღაპარი იწერება და ისე მიხარია, რომ ეს ზღაპარი არაა გამოგონილი, არამედ ნამდვილია, ყოველდღიური. გოდეს მოტანილი მთის, მინდვრის ყვავილებით და მისი ქცევებით სავსე ზღაპარია.
431956009-1049093352833004-7812379698274622122-n-1710428842.jpg
მე პირადად არანაირი დაღლა და შრომა არ მეთაკილება და ვფიქრობ რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვა. ქალაქში მოიქცე ისე, როგორც საჭიროა და სოფელში ისე, როგორც სოფელს შეეფერება. თანაც ბედნიერება თუნდაც სოფლის და საოჯახო საქმეებით დაიღალო საყვარელი ოჯახისთვის და ღმერთთან მართალი იყო, დღე ნაყოფიერად რომ გალიე. ბედნიერებაა ყველანაირი დაღლა ამქვეყნად, რასაც სიამოვნება და სარგებელი მოაქვს. ძალიან მიხარია, რომ ვმუშაობ სკოლაში პედაგოგად და მაქვს უშუალო კავშირი სვან, ულამაზეს, ბავშვეთან, აქაურ ტკბილ პედაგოგებთან და ვხვდები, რომ ჩემს სწავლას უნივერსიტეტში ტყუილად არ ჩაუვლია.
432090471-720512856918520-2794945242467784255-n-1710428842.jpg
თავიდან აქ რომ ჩამოვედით, იყო რთული პერიოდები. ჩემი მეუღლე ყინვასა და თოვლში რეპეტიციებზე ფეხით დადიოდა სოფლიდან სოფელში 3 წელი, რის გამოც გადაცემა "იმედის გმირებშიც" გადაიღეს. გოდერძით მუდამ აღფრთოვანებული ვარ. მას შეუძლია მთელი დღე აკეთოს საქმე, დაიღალოს, მოთიბოს, აკეთოს სოფლის მძიმე სამუშაო, მაგრამ არასდროს დაეზარება თავის მოსწავლეებთან წასვლა და საყვარელი საქმის კეთება. იმდენად ბედნიერი ვარ, როდესაც ვაანალიზებ, რომ მას ვეხმარები და გვერდში ვუდგავარ... მისი მოსწავლეების ანთებული თვალები კიდევ სულ სხვა სიხარულია. მათი მშობლების და აქაურების, სვანების დალოცვა კი ჩემი ყოველდღიურობაა და ასე მგონია, მათი ლოცვა მადლად ეფინება ჩემს ოჯახს.
431872891-1452581685683566-6176641812164072809-n-1710428842.jpg
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ აქ შეგვეძინა შვილები - გაბრიელი, მიქაელი, მარიტა და ნიკოლოზი. ნიკოლოზი 40 დღისაა და მოულოდნელი სიხარულია. ბავშვები სვანეთში დადიან სკოლასა და ბაღში და აქ იზრდებიან. თბილისი არ იტაცებთ. მათი სტიქია გაშლილი სივრცეები და მთებია, უშბა, კოშკები და ბოჩოლები კი - მათი სუსტი წერტილი. სვანურსაც სწავლობენ ნელ-ნელა და აქაურ ყველა ყვავილსა თუ ფოთოლს ეფერებიან. ბედნიერებაა რომ ჩემი შვილები აქ იზრდებიან, აქაური ხალხის შრომას და მიწასთან მუშაობას უყრებენ და მგონია, ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ჩვენგან, მშობლებისგან, რისი მიცემაც ამ პერიოდში შეგვიძლია.
ეს წლები, ასე მგონია, მათ სიცოცხლეში და ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდ გავლენას მოახდენს.
გოდერძი არაჩვეულებრივი მამაა... მოვლასთან ერთად მუდამ ცდილობს, მათ ჩაუნერგოს სიკეთე, სიყვარული და არაა გაზაფხულის არც ერთი დღე, რომ ერთად არ მომიტანინ მინდვრის ყვავილები, არ დამიწერონ წერილები. სიმღერასაც სწავლობენ ნელ-ნელა. ოცნებად მაქვს, როდის იმღერებენ ერთად ამ მთებისა და კოშკების ფონზე სვანურ სიმღერებს და როდის დაუვლიან სვანურ ფერხულს...
431852410-320023824417806-185083600461397341-n-1710428842.jpg
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე კითხვა და წერა ძალიან მიყვარს. სულ ვწერ როდესაც მცალია, ამიტომ ამ ნაწერში ვერ გადამიწყვეტია, რომელი ერთი ჩემი ფიქრი ჩავატიო და უბრალოდ მინდა, მეათასე მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს ჩემი ბედნიერებისთვის, ერთგულებისთვის, მართლაც ზღაპრული ბედნიერებისთვის, სადაც მუდამ მზე და დედოფალი ვარ მისთვის. ერთი წამითაც რომ არასდროს მინანია ამხელა გზაზე წამოსვლა და რომ ყოველდღე უფრო მეზრდება მისდამი სიყვარული. ყოველდღე უფრო და უფრო გაოცებული ვარ მისით და მისი სახით ვსწავლობ ადამიანობას, სიმშვიდეს, მადლს და უფალთან უფრო ახლოს ვარ სულიერადაც და ფიზიკურადაც ამ ლამაზ მთებზე მოსიარულე. ასევე თვით უფლის მადლობელი ვარ, რომ ამ საოცარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე მიწაზე ფეხი დავადგი და სვანივით შევიყავრე ყველაფერი. მკაცრი ხალხიაო ამბობენ სვანებზე, მე კი ვიტყოდი რომ მტკიცეები არიან და უსაზღვროდ კაცთმოყვარეები. ჩვენი აქ წამოსვლის დღიდან დღე არ გავა, რომ ჩემთვის უცნობმა ხალხმა არ მომწეროს საოცარი სიტყვები, არ დაგვლოცონ და არ ამატირონ. ყველა ასეთი დიდი თუ მცირე ულამაზესი წერილი ამოწერილი მაქვს რვეულში და საგანძურივით ვუფრთხილები. გმირი და გმირები ხართო მეუბნებიან, მაგრამ მგონია, რომ ეს გმირობა არაა, მე უბრალოდ ჩემი სიყვარულით ვარ ბედნიერი და მუდამ ვუზიარებ ხალხს ამ განცდებს...
429570904-1124923595367728-8899901018227783108-n-1710428841.jpg
მინდა ხალხს ვუთხრა, რომ დააფასონ საკუთარი ბედნიერება. აღფრთოვანდნენ ბუნებით, წვრილმანებით... უხაროდეთ უბრალო მინდვრის ყვავილები... ახლოს იყვნენ მიწასთან, ბუნებასთან, ცასთან და იპოვიან სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას. მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ არ შეეშინდეთ სირთულეების, მიჰყვნენ გულისწადილს, გულისთქმას, განავითარონ საკუთარო თავი სადაც არ უნდა იყვნენ და აუცილებლად იქნებიან ბედნიერები!