სოფიო სუხიშვილი და მისი მეუღლე გოდერძი აფციაური თბილისში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ერთმანეთი თბილისის ერთ-ერთ ტაძარში გაიცნეს და 4 წლის შემდეგ გადაწყვიტეს დაქორწინება. წყვილს უკვე 4 შვილი ჰყავს და რამდენიმე წელია, სვანეთში ცხოვრობს. როგორ გადასახლდნენ მაღალმთიან რეგიონში და როგორია იქ მათი ცხოვრება, ამაზე სოფიო ვრცელ წერილში წერს, რომელიც mshoblebi.ge-ს გამოუგზავნა:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. სპეციალობით ფილოლოგი ვარ.მუდამ ოცნებად მქონდა სწავლის დამთავრების შემდეგ რომელიმე სოფელში წასვლა და ჩემი ცოდნის რეალიზება. ჩემი მეუღლე პროფესიით ლოტბარია, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. ერთ-ერთ საღამოზე რუსთაველის თეატრში ბატონმა ივანე ჩხარტიშვილმა და ამ სასწავლებლის მოამაგემ და საოცარმა ლექტორმა, ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადეს, წლევანდელი კურსდამთავრებულები წავლენ სოფლებში და იქ ასწავლიან ბავშვებს ქართულ სიმღერასა და გალობასო. ამაში მათ დაეხმარება და დააფინანსებს ფონდი ქართული გალობაო. სიხარულით ცას ვეწიეთ... ეს ფონდი უამრავ სიკეთეს აკეთებს დღევანდელ ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. ასე გადანაწილდნენ გალობის სასწავლებლის ბიჭები სხვადახვა კუთხეში მასწავლებლებად.

ჩემი მეუღლე წარმოშობით მთიულია, თუმცა დედა, ანა კვანჭიანი, სვანი ჰყავს და სვანეთში გაიზარდა. თავისუფლად ლაპარაკობს სვანურად და ცხოვრობს როგორც ადგილობრივი მკვიდრები ცხოვრობენ. ჩვენ ზემო სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში გოდერძის ბაბუის, სახელოვანი და გამორჩეული ვაჟკაცი კაცის (პედაგოგის) შალვა კვანჭიანის სახლში დავსახლდით (ამ კაცის სახელი და ღვაწლი კი ფეხდაფეხ მოგვყვება და გვინათებს გზას).
გოდერძი ჯერ ფონდის და ახლა უკვე ფოლკლორის ცენტრის წარმომაგდენლად დაინიშნა. სოფელ ლატალში, სოფელ ეცერში, ბეჩოსა და მესტიაში ასწავლის საგალობლებს. უკვე მეათე წელია აქ ვცხოვრობთ. თავიდან ჩემს მშობლებს ძალიან ეშინოდათ ჩემი აქ წამოსვლის, მაგრამ როდესაც ნახეს, რა ბედნიერი ვარ ჩემი მეუღლის გვერდით, ასმაგად გაბედნიერდნენ.
ყველაფრის მიუხედავად, იყო სირთულეები. გარემო, რომელსაც არ ვიყავი მიჩვეული, შრომა, თბილისისგან განხსვავებული პირობები... თუმცა ვთვლი, რომ თუ ადამიანი ბედნიერია, ყველანაირ პირობებს აიტანს.
დღემდე აღფრთოვანებული ვარ აქაური ხალხით. ჩემი მეუღლის დედა, დეიდები, ოჯახი და ზოგადად მთელი მისი აქაური სანათესაო სულ სხვანაირი სულიერების მატარებლები არიან.
სვანეთი? სვანეთზე რა ვთქვა? ჩემი სიტყვების გარეშეც ზღაპარია.ულამაზესი ბუნებაა, რომელიც მეც და გოდერძის ფეხით გვაქვს შემოვლილი შვილებთან ერთად... ულამაზესი სვანეთი საოცრებაა, მაგრამ ადამიანი თუ მეუღლისგან არ არის ბედნიერი და ოჯახში არ გრძნობს თავს ჰარმონიულად, ვერც ამ სილამაზეს აღიქვამს მუდმივად... არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს და მისით ასმაგად მელამაზება სვანეთი, ასევე მეიოლება თუნდაც დიდი ზამთარი, სიცივე თუ სვანეთის მკაცრი პირობები...
თუ ადამიანი ბედნიერებას ვერ ხედავს საკუთარ თავსა და ოჯახში, ის სოფლის ტალახსაც დაადანაშაულებს თავის უბედურებაში და გაუთავებელ ზამთარსაც. მაგრამ როდესაც სულიერად ხარ ბედნიერი, ამ ყოფით სირთულეებს ვერ ამჩნევ და ასმაგად გელამაზება ყველაფერი. სულ ვამბობ ხოლმე, მე რომ არ ვიყო ბრდნიერი, ალბათ ასე არ აღმაფრთოვანებდა უშბა, ულამაზესი უშგული, ცრემლები არ წამომივიდოდა მათი დანახვისას და არ შემიყვარდებოდა ასე ძლიერ აქაურობა. აქ ჩვენი ზღაპარი იწერება და ისე მიხარია, რომ ეს ზღაპარი არაა გამოგონილი, არამედ ნამდვილია, ყოველდღიური. გოდეს მოტანილი მთის, მინდვრის ყვავილებით და მისი ქცევებით სავსე ზღაპარია.

მე პირადად არანაირი დაღლა და შრომა არ მეთაკილება და ვფიქრობ რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვა. ქალაქში მოიქცე ისე, როგორც საჭიროა და სოფელში ისე, როგორც სოფელს შეეფერება. თანაც ბედნიერება თუნდაც სოფლის და საოჯახო საქმეებით დაიღალო საყვარელი ოჯახისთვის და ღმერთთან მართალი იყო, დღე ნაყოფიერად რომ გალიე. ბედნიერებაა ყველანაირი დაღლა ამქვეყნად, რასაც სიამოვნება და სარგებელი მოაქვს. ძალიან მიხარია, რომ ვმუშაობ სკოლაში პედაგოგად და მაქვს უშუალო კავშირი სვან, ულამაზეს, ბავშვეთან, აქაურ ტკბილ პედაგოგებთან და ვხვდები, რომ ჩემს სწავლას უნივერსიტეტში ტყუილად არ ჩაუვლია.

თავიდან აქ რომ ჩამოვედით, იყო რთული პერიოდები. ჩემი მეუღლე ყინვასა და თოვლში რეპეტიციებზე ფეხით დადიოდა სოფლიდან სოფელში 3 წელი, რის გამოც გადაცემა "იმედის გმირებშიც" გადაიღეს. გოდერძით მუდამ აღფრთოვანებული ვარ. მას შეუძლია მთელი დღე აკეთოს საქმე, დაიღალოს, მოთიბოს, აკეთოს სოფლის მძიმე სამუშაო, მაგრამ არასდროს დაეზარება თავის მოსწავლეებთან წასვლა და საყვარელი საქმის კეთება. იმდენად ბედნიერი ვარ, როდესაც ვაანალიზებ, რომ მას ვეხმარები და გვერდში ვუდგავარ... მისი მოსწავლეების ანთებული თვალები კიდევ სულ სხვა სიხარულია. მათი მშობლების და აქაურების, სვანების დალოცვა კი ჩემი ყოველდღიურობაა და ასე მგონია, მათი ლოცვა მადლად ეფინება ჩემს ოჯახს.