ქეთევან გორჯესტანიჟურნალისტია და ამჟამად ამერიკაში მუშაობს. მისი ძმა, თემურ გორჯესტანი ქეთევანზე 2 წლით უფროსია. მათი მამა წარმოშობით ქართველია - ნიკოლოზ გორჯესტანი. დღევანდელი გორჯესტანები გუგუშვილები იყვნენ. თავის დროზე საქართველოს გასაბჭოების დროს ზურაბიშვილების მსგავსად, გუგუშვილებიც დევნილებად იქცნენ. ირანში გადასახლებულებმა გვარიც შეიცვალეს და გუგუშვილები გორჯესტანები გახდნენ.
სალომე ზურაბიშვილისა და ნიკოლოზ გორჯესტანის გზები იტალიაში გადაიკვეთა, რამდენიმე წლის შემდეგ კი გაიყარნენ."სარკესთან"საუბარში ქეთევანი ამბობს, რომ მშობლების ყურადღება არასოდეს მოჰკლებია.
- ამერიკაში, ვაშინგტონში დავიბადე, 4 წლამდე ამერიკაში ვცხოვრობდი. იმ წლებში დედა და მამა მუშაობდნენ და ჩვენთან ხშირად დედაჩემის დედა იყო. მე და ჩემი ძმა, ფაქტობრივად, მისი გაზრდილები ვართ. რადგან ამერიკაში დავიბადე, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ. ვთვლი, რომ ვარ ამერიკელი, ფრანგი და ქართველი.
ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, დედამ მე და ჩემი ძმა ავსტრიაში წაგვიყვანა, რადგან იქ მუშაობდა. ვენაში ერთი წელი ვიცხოვრეთ, მაგრამ არაფერი მახსოვს, ავსტრიის შემდეგ აფრიკაში, ჩადში ვიცხოვრეთ. იქაურობა კარგად მახსოვს. ევროპასა და ამერიკაში ცხოვრება თითქმის ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ აფრიკა სულ სხვაა. აფრიკაში დავიწყეთ სწავლა, სპორტზე სიარული. დედა მე და ჩემს ძმას ყველაფერზე გვატარებდა. მერე ჩადში სამოქალაქო ომი დაიწყო. ჩვენი სახლი მათი პრეზიდენტის სახლთან იყო ახლოს. ფრანგი ჯარისკაცები ჩვენს გაყვანას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ისე არ არის ჩარჩენილი, როგორც ცუდი მომენტი. ალბათ, დედაც ისე იქცეოდა, რომ არ გვენერვიულა. აფრიკაში ვისწავლე, რომ შეიძლება გყავდეს მეგობარი, რომელიც თეთრკანიანი არ არის.
ჩადში 3 წელი ვიცხოვრეთ, იქ ყოფნისას მამასაც ხშირად ვხედავდით, რადგან მსოფლიო ბანკში მუშაობდა და აფრიკაში უწევდა ჩამოსვლა. ჩვენთან მოდიოდა და ცდილობდა ხშირად დარჩენილიყო. არდადეგების დროს ჩვენ ჩავდიოდით ამერიკაში. დედა და მამა ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათთან ხშირი ურთიერთობა გვქონოდა. დედას უნდოდა მამასთან კონტაქტი არ გაგვეწყვიტა და ჩვენს აღზრდაში ისიც ყოფილიყო ჩართული.
- მამა ქართველია. ჩვენი წინაპრები გუგუშვილები იყვნენ. თუ სწორედ მახსოვს, მამაჩემის მამა სპარსეთსა და საქართველოში ინჟინრად მუშაობდა. საბჭოთა ჯარები რომ შემოსულან საქართველოში, სპარსეთში დარჩენილა. იქ უთქვამთ, გვარი უნდა გადაიკეთოო. გორჯესტანი სპარსულად ქართველს ნიშნავს. მამა სპარსეთში დაიბადა, დედა უკრაინელი ჰყავდა. განაგრძეთ კითხვა