რამდენიმე თვეში საბანკეტო სამზადისი დაიწყება. სკოლის დამთავრების აღმნიშვნელი ცერემონია საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან იყო დაკავშირებული. ბოლო წლებში კი დიდ ემოციებს დიდი ფინანსური დანახარჯიც დაემატა. წელს, როგორც მშობლების უმრავლესობა ვარაუდობს, საშუალოდ ბანკეტი აბიტურიენტის ოჯახს 3000 ლარი დაუჯდება.
რას ფიქრობენ საბანკეტო სეზონის წინ მშობლები და რას გეგმავენ შვილებთან ერთად?
- „უნდა იყოს ლამაზი, სამახსოვრო დღე და არა ერთმანეთის ჯიბრით, ვალებით მოწყობილი გრანდიოზული ორდღიანი თუ სამდღიანი ქეიფი“
- „ზოგს უჭირს, მაგრამ იძულებულია ბავშვი არ დაიჩაგროს და ვალებს აიღებს. ვისაც ბევრი ფული აქვს, ის ხომ უნდა შევიდეს დანარჩენების მდგომარეობაში? არ შეიძლება მოკრძალებულ ფორმაში გაერთონ ბავშვები?
- „ჩემი შვილი არ აპირებს კლასიკურად ჩაცმას. რაც მაქვს, იმით წავალო. ძალიან ჯიუტია, ამიტომ ძვირი არ დამიჯდება."
- "თანამედროვე ახალგაზრდისთვის აღარ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულს რესტორანში გაპრანჭული მისვლა, ცეკვა და ქეიფი. მეტ-ნაკლებად ისედაც აქვთ საშუალება ის ეცვათ, რაც უნდათ და იქ დადიოდნენ, სადაც უნდათ. არც გართობა აკლიათ და არც დასამახსოვრებელი მომენტების ფოტო და ვიდეოგადაღების პრობლემაა მობილურების წყალობით. ამიტომ დაწესებული სტერეოტიპების და ტრადიციების გაგრძელებას ჯობია, ბავშვებს კარგად მოვუსმინოთ, რა უნდათ, თვითონ როგორ წარმოუდგენიათ ეს დღე და ისე დაგეგმეთ. დამიჯერეთ, არც ერთი ბავშვი არ იტყვის, ათასლარიანი კაბის და ლიმუზინის გარეშე ბედნიერი ვერ ვიქნებიო."
- „იმედი მაქვს“ მალე გადავარდება ეს ბანკეტობა და უფრო გონივრული, დასამახსოვრებელი იდეით ჩანაცვლდება.“
- „სასწაულია ქართული ახირებები. ჩვენთან ხომ ყველა ტრადიცია სასწაულ ფასებთანაა დაკავშირებული. ევროპაში ვნახე და ძალიან მიზერული ფასები უჯდება ოჯახებს ესა თუ ის ტრადიცია. რამდენ ფულს ვხარჯავთ, რა ვალებს ვიხდით. ნეტა, როდესმე გვეშველება?“
- „ყველა მშობელი მოიკლებს, რაც შეეძლება და ბავშვებს როგორმე გაუფერადებენ ამ დღეებს. ისედაც ბევრი რამე აკლიათ. როგორმე იმათაც გავიტანთ, ვისაც ის მოსაკლებიც არ აქვს. ქართული წესია ეს.მე უფრო უსაფრთხოება მაფიქრებს. მეჯავრება ეს ბავშვური თავზეხელაღებული ჯირითი და ქეიფი“
- „მშობლებმა უნდა ჩააცვან და დაახურონ ის, რაც აქვთ. არ უყურონ სხვის ბავშვს რა ეცმება და რომელი ავტომობილით იქნება. სულაც არ ვთვლი, რომ ბავშვი ამით დაიჩაგრება.“
- „ წყალში გადაყრილი ფულია ეგ. იმედია, ჩემი შვილის ბანკეტი რომ მოვა, "ტრადიცია" შეცვლილი იქნება“.
- „ბანკეტზე ფულის ხარჯვას, უფრო ტკბილი მოგონებაა ექსკურსია!“
- „ადრე ბანკეტი იმიტომ გვიხაროდა, პირველად ვიპრანჭებოდით, ვიკეთებდით მაკიაჟს, ვარცხნილობას, ვიცვამდით ქუსლიანს ფეხსაცმელს.
- ახლანდელი სკოლის მოწაფეები მაკიაჟსაც იკეთებენ,კიდეც იპრანჭებიან, არც თავის მოვლას იკლებენ,არც გართობას. და რა განსაკუთრებულობას წარმოადგენს მათთვის მორიგი გაპრანჭული წვეულება? და თან ასე ძვირიან სამოსში გადახდილი ფულის საჭიროებას,ვერ ვხვდები“
- „ჩემი შვილი მომავალ წელს ამთავრებს და არ უნდა ბანკეტი. ვფიქრობ, არც ცდება. რაც ეგ ბანკეტი ჯდება, იმაზე ნაკლებად ტურით გავუშვებ სადმე.“
- „ღირსეული საქმისთვის და სწავლისთვის დახარჯეთ ეგ ფული, არ ჯობია?ორი წლის მერე ვის რა ეცვა, არავის ემახსოვრება. ეს ქართული ჯიბრი ვერ მოიშალა. ჩაიცვით, შვილებო, სპორტული სამოსი და დალაშქრეთ ჯერ ახლოს რაც გაქვთ საუნჯედ ბოძებული და მერე - შორს.
- „ბანკეტისთვის მზადებას ოჯახის მთელი თვის შემოსავალი არ ჰყოფნის ხშირად, არადა, საჭიროა, ხომ ვერ ჩამორჩება მეგობრებს.
- კარგი იქნება, მშობლები შვილებთან ერთად წყვეტდნენ, როგორ მოიქცნენ, როგორ აღნიშნონ სკოლის დამთავრება... (გაითვალისწინონ მეგობრების ოჯახების ეკონომიური მდგომარეობა).
- "ხომ არ აჯობებს, სანახაობრივად საინტერესო და დასამახსოვრებელ გარემოში გაატარონ ეს დღეები. ბევრად იაფი დაუჯდებათ და ჯიბესაც ძალიან არ დაეტყობა. ახალგაზრდები ერთად გაატარებენ ლამაზ დღეებს, გაიხარებენ და მომავალშიც გაიხსენებენ. ლამაზ მოგონებად დარჩებათ. რა საჭიროა სასმელ-საჭმელში, ტანსაცმელში და ვიღაცის გასაქირავებელ აუზში საჭყუმპალაოდ უზარმაზარი თანხების გადაყრა."
- „როცა დედას 600 ლარი აქვს ხელფასი , ბანკეტისთვის ან ტურისთვის 2000 დან 3000 ლარამდე ფული საიდან უნდა მოიტანოს? ხომ შეიძლება, მოკრძალებული ბანკეტით შემოიფარგლონ, ერთი დღით ხომ არ წყდება ყველაფერი, ბანკეტის მერე ხომ გრძელდება ცხოვრება, ვალებით როგორ უნდა გააგრძელონ?
- „ვინღა იხდის ბანკეტებს, მოგზაურობაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებენ, რაც საქართველოში ბანკეტი ჯდება, ნახევარ ევროპას მოივლი“.
- „დაიწყება ახლა კაბების, ფეხსაცმელების, მაკიაჟის, შარვალ-კოსტუმის, მანქანების ,,დატოლება". მშობლებს ეს რა ფასად უჯდებათ, კი ყველამ ვიცით, მაგრამ არც ის უნდათ, შვილებს გული დასწყვიტონ. არადა, კარგი დროს ტარება ჩვეულებრივ კეტებით და ჯინსებითაც შეიძლება“.