მარიამ ტატანაშვილს ალბათ მთელი საქართველო იცნობს. 22 წლის გოგონას თავს დატრიალებულმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მისი ცხოვრება სამუდამო შეცვალა. ასე იხსენებდა ის ამ ამბავს ერთ-ერთ ინტერვიუში: "2021 წლის 15 იანვარმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.2021 წლის 15 იანვარს, მეგობრებთან და ჩემს შეყვარებულთან ერთად წავედი წვეულებაზე ძველით ახალი წლის აღსანიშნავად. მეორე დღეს, იქიდან წამოსულები, ვარკეთილის ხიდებთან ტრაილერს დავეჯახეთ. მე უკანა სავარძელზე, შუაში ვიჯექი და დარტყმის ძალამ წინ გამისროლა. სიზმარივით მახსოვს ყველაფერი, ზუსტად ამ ერთმა საბედისწერო დარტყმამ შეცვალა ჩემი ცხოვრება... მახსოვს, მომიყვნენ, როგორ ვყვიროდი დარტყმის შემდეგ "ბექა, მიშველე!”-ს და შემდეგ კი - "მიშველეთ, თვალები მეწვის და ვერაფერს ვხედავ”-ს. ამის შემდეგ 2 კვირა ვიყავი კომაში, მერე ხელოვნური მართვის აპარატზე და, საბოლოო ჯამში, ორთვენახევარი დავყავი საავადმყოფოში.ჩემი ახალი რეალობა ასეთი იყო: სხეულის უამრავი დაზიანება მივიღე, მარჯვენა თვალი დავკარგე, მარცხენა თვალიდან მხოლოდ დიდ სინათლეს ვხედავ, მარცხენა ფეხის წვივის სამივე ძვალი მქონდა მოტეხილი, მარჯვენა ფეხის ხუთივე თითი, ხოლო მარცხენა ხელზე დავკარგე საჩვენებელი თითი, ყბა-სახის მრავლობითი მოტეხილობა მქონდა, ფილტვები კი დათრომბილი და უამრავი იარა სხეულზე.რეანიმაციაში ყოფნის დროს პერიოდულად მაფხიზლებდნენ და ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, რა ხდებოდა ჩემ თავს, რადგან ავარიის მომენტები საერთოდ არ მახსოვდა. ვგრძნობდი, რომ ხელები ბინტებით მქონდა დაბმული ლოგინის სახელურებზე იმის გამო, რომ სხეულზე დამაგრებული მილები არ მომეძრო ტანიდან და, დიახ, 19 წლის იუბილეს რეანიმაციაში შევხვდი, უამრავი ტრავმით…"
ამ ამბის შემდეგ წლები გავიდა და მარიამს არაერთხელ მიუმართავს საზოგადოებისთვის, რომ დახმარებოდნენ ტრაგედიის შემდგომ მორალურ და ფიზიკურ ტრავმებთან გამკლავებაში. ამჯერად მარიამი ნოე სულაბერიძეს სტუმრობდა, სადაც ნოემ და ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ მას მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს - კავკასიის მედიცინის ცენტრი მარიამს პლასტიკურ ოპერაციებს უსასყიდლოდ გაუკეთებს.