პედაგოგი დაჩი ნანობაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეთ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლებსა და მშობლებს, რომ ბავშვებისთვის სწავლის პროცესი სასიამოვნოდ გადაიქცეს:
- დაწყებითი კლასები სწავლის შეყვარების პროცესი უნდა იყოს და არა ის, რომ პირველივე კლასიდან ვასწავლოთ ინგლისურიც, ფრანგულიც, მათემატიკაც - ყველაფერი, რომ არ ჩამორჩეს. პირიქით, რაც შეიძლება მარტივად, სახალისოდ და დოზირებულად მივცეთ, რომ შეუყვარდეს. მისთვის, სწავლა სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს და ეს ტანჯვასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. დაწყებით კლასებში ძალიან ბევრი სამეცადინო არ უნდა იყოს. ეს სკოლამაც უნდა გაითვალისწინოს და მშობელმაც. თუმცა, როდესაც მოსწავლე სკოლიდან დოზირებულად იღებს დავალებებს, მაშინ მშობელი თვლის, რომ ბავშვს ბევრი თავისუფალი დრო აქვს და რაიმეთი უნდა შეავსოს, უფრო უნდა დატვირთოს... ოქროს შუალედის პოვნა მარტივი არ არის. მას ყველასთვის ერთი ფორმულა არ აქვს. ბავშვი ინდივიდუალურია და ბევრი უნდა ვიფიქროთ და დავაკვირდეთ, რას და როგორ აკეთებს და რა განწყობები აქვს.
ვფიქრობ, ყველა მშობელი ამავდროულად პედაგოგიც უნდა იყოს. 24 წელია, მასწავლებელი ვარ და ძირითადად ერთსა და იმავე კლასებს ვასწავლი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ვფიქრობ იმ გაკვეთილის ჩატარებაზე, რომელიც უნდა ჩავატარო იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ კლასსა და ბავშვებს უნდა მოვარგო. ბავშვებში ყველაზე უკეთ მუშაობს, როდესაც მას ემეგობრები და მის ინტერესებს ითვალისწინებ. თუნდაც, როდესაც კომპიუტერთან თამაშობს, გვერდით მივუჯდეთ და გულწრფელად დავინტერესდეთ, რას თამაშობს, რას აკეთებს. როდესაც შენ მისი მეგობარი ხდები და არა მიმთითებელი, როცა მას არჩევანის უფლებას აძლევ, უფრო დიდი სიხარულით აკეთებს ყველაფერს. მე თუ ჩემს შვილს 4 წასაკითხს ვაძლევ და ვეუბნები, თავად აირჩიოს, რომელიც უნდა, ბევრად უფრო მოსწონს, უფრო მეტი შანსი მაქვს, დავიყოლიო, ვიდრე დავუდო 1 და ვუთხრა, კონკრეტულ დროში აუცილებლად წაიკითხოს. არჩევანის უფლება, გულწრფელი მეგობრობა, გულწრფელი ინტერესი, რას აკეთებს მთელი დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანია. 10 წუთიც საკმარისია, რომ ყოველდღიურად მისი ცხოვრებით დავინტერესდეთ. ასე ბევრად უფრო დამყოლი იქნება, ვიდრე ჰყავდეს მშობელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან ბევრი კარგი უნდა და ამიტომ მას რაღაცებს ძალით აკეთებინებს.