თანამედროვე სამყაროში მონარქია ბევრ ქვეყანაში აღარ არსებობს. ხოლო, იქაც კი, სადაც მმართველობის ეს ფორმა შენარჩუნებულია, უმრავლეს შემთხვევაში, სიმბოლურია და სახელმწიფოს მართვაში სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მინიმალურად ერევიან. ამის მიუხედავად, ისტორიამ არაერთი შემთხვევა შემოგვინახა, როდესაც ტახტისათვის ბრძოლა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა... ერთ-ერთი ასეთი ფაქტი 2001 წელს ნეპალის დედაქალაქში, კატმანდუში მოხდა.
ისტორიული ცნობების მიხედვით, ნეპალში მონარქიის ისტორიის საწყისი 1768 წლით თარიღდება. მაშინ პროტჰვი ნარიან შაჰმა დაქუცმაცებული სამთავროები გააერთიანა და ერთ სახელმწიფოდ აქცია.
ლეგენდის თანახმად, ერთ მშვენიერ დღეს მეფე თავის თანმხლებთან ერთად ტყეში სეირნობდა. იქ შეხვდა მოხუცს, სახელად გორაკხნათჰას, რომელსაც ყველა მცხოვრები დიდ პატივს სცემდა. ის იოგი იყო და ფიქრობდნენ, რომ ზებუნებრივი ძალები ჰქონდა. მისალმებისა და პატივისცემის ნიშნად, მონარქმა ბრძენს თეფშით ახალი ხაჭო შესთავაზა. იოგმა კერძი მიიღო, დააგემოვნა და შემდეგ ისევ თეფშზე გადააფურთხა და მეფეს შესთავაზა. უთხრა, რომ ეჭამა... თუმცა, მეფე გაბრაზდა, თეფში გამოგლიჯა, მიწაზე დაანარცხა და ფეხები ხაჭოთი დაესვარა. მოხუცმა მეფე დაწყევლა და უთხრა, რომ მისი დინასტიის არსებობა ზუსტად იმდენ თაობას გაგრძელდებოდა, რამდენი თითიც ფეხებზე ჰქონდა. მაშინ ეს სიტყვები სერიოზულად არავის აღუქვამს, მაგრამ 2001 წელს მის სისწორეში ყველა დარწმუნდა....
ბირენდრა შაჰი ხელისუფლებაში 1972 წელს მოვიდა და მმართველი დინასტიის მეათე წარმომადგენელი გახდა. ის ნეპალის მოსახლეობას განსაკუთრებით უყვარდა, რადგანაც ადამიანებს ლმობიერად ექცეოდა, თავისუფლებას აძლევდა, მათ მიმართ სიყვარულს გამოხატავდა. თუმცა, სამეფო ოჯახში მისი დემოკრატიული კურსი ყველას არ მოსწონდა.
1990-იანი წლების დასაწყისში მეფემ რეფერენდუმი ჩაატარა, რის შედეგადაც ნეპალის აბსოლუტური მონარქიის დათმობა კონსტიტუციურის სასარგებლოდ გადაწყდა. ქვეყანაში ოფიციალურად დაშვებული იყო პოლიტიკური პარტიები, რომელთა ნაწილი მეფის მიერ შექმნილ მთავრობაში შევიდა.
პარალელურად, ბევრი ადამიანი მონარქიის სრულად გაუქმებასა და კომუნიზმის დამყარებას ემხრობოდა. 1996 წელს პარტიზანული მოძრაობა ჩამოყალიბდა და სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო.
ბირენდრა შაჰი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დედოფალ აიშვარიაზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც 3 შვილი ჰყავდა: დიპენდრა, ნირაჯანი და პრინცესა შრუტი. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ხალხის საყვარელ მეფეს საკუთარი შვილი მოკლავდა...
2001 წლის 1 ივნისს სამეფო ოჯახმა ტრადიციული მიღება მოაწყო. მეფე და დედოფალი მხიარულად გამოიყურებოდნენ. მათი პირველი ვაჟი, დიპენდრა, უჩვეულოდ იქცეოდა. როგორც ცნობილია, წინა დღით მან მშობლებთან დაქორწინების თაობაზე ისაუბრა. ბიჭს მოსწონდა გოგონა, დევიანი რანა, რომელიც ლონდონში გაიცნო და 10 წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. თუმცა, მშობლები ამ ქორწინების წინააღმდეგები იყვნენ. განსაკუთრებულ უარს კი დედოფალი გამოხატავდა, რადგანაც გოგონა მისი შორეული ნათესავი იყო. ამავდროულად, არ სურდათ, მომავალი დედოფალი სხვა ეროვნების ყოფილიყო.
როგორც ცნობილია, საბედისწერო საღამოს, ტახტის მემკვიდრემ ქორწინების შესახებ ისევ დააყენა საკითხი, რაზეც მშობლებმა კვლავ მკაცრი უარი განუცხადეს და ღალატში დაადანაშაულეს. ასევე, ამბობდნენ, რომ ურჩობის გამო მშობლები ტახტის მემკვიდრეობით დატოვებას არა დიპენდრასთვის, არამედ უმცროსი ვაჟისთვის, ნირაჯანისთვის აპირებდნენ. ნირაჯანი მაშინ 22 წლის იყო, მენეჯმენტის მიმართულებით სწავლობდა და დედას განსაკუთრებით უყვარდა. თუმცა, არც უფროს ძმასთან და არც ოჯახის სხვა წევრებთან სანიმუშო ურთიერთობა არ ჰქონია.
2001 წლის 1 ივნისს დიპენდრა მთელი დღის განმავლობაში დროდადრო ვისკის სვამდა. რაღაც მომენტში ხელქვეითს დაუძახა და უთხრა, რომ მისთვის "სპეციალური სიგარეტი“ მიეტანათ. რამდენიმე ღერის მოწევის შემდეგ, თავი ცუდად იგრძნო და დაეცა. ის მაშინვე საკუთარ ოთახში შეიყვანეს, თუმცა რა მოხდა დახურულ კარს მიღმა, არავინ იცის.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრინცი ოთახიდან გამოვიდა, ხელში თოფი ეჭირა და შეკრებილებს ერთმანეთის მიყოლებით დაუმიზნა. დიპენდრამ არა მხოლოდ უმცროსი და-ძმა და მშობლები, არამედ იმ ადამიანების უმეტესობაც დახოცა, რომლებიც სასახლეში იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი წამებში მოხდა ისე, რომ ბიჭის შეჩერება ვერავინ შეძლო....
სამეფო ვახშამს 24 ადამიანი ესწრებოდა, მათგან 12 ადგილზე დაიღუპა. რამდენიმე წამში სახლი სისხლის გუბედ გადაიქცა. დიპენდრა კი გაიქცა... სასახლის მახლობლად მან თავის მოკვლა სცადა. საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე კომაში ჩავარდა. მიუხედავად დატრიალებული ტრაგედიისა, ოფიციალურად ის მაინც "მეფედ“ გამოცხადდა. თუმცა, "ტახტზე ასვლიდან“ 3 დღის შემდეგ, ისე, რომ დიპენდრა გონს არ მოსულა, გარდაიცვალა.
დროებით ტახტზე პრინცის ბიძა - გიანენდრა ავიდა, თუმცა მთელი ქვეყანა შოკში იყო. ხალხი სასახლის წინ იკრიბებოდა და მალევე, არეულობაც დაიწყო. საქმეზე პოლიცია 2 კვირის განმავლობაში მუშაობდა. დადგინდა, რომ გასროლა მიზანმიმართული იყო. ერთპიროვნული დამნაშავე კი - პრინცი დიპენდრა. მიზეზად საყვარელ ქალზე დაქორწინების აკრძალვა დასახელდა.
მოგვიანებით გიანენდრამ თავისი ვაჟი, პარასი, ახალ მეფისნაცვლად გამოაცხადა, რასაც დიდი არეულობა მოჰყვა. სამოქალაქო ომის შედეგად, 2008 წელს ნეპალის მონარქია, 240-წლიანი არსებობის შემდეგ ოფიციალურად დაეცა.
რაც შეეხება დევიანას, რომელიც უნებურად ტრაგედიის მიზეზი გახდა, ის ერთხანს იმალებოდა და საზოგადოებაში არ ჩნდებოდა. შემდეგ კი ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად. 2004 წელს ლონდონის ეკონომიკის სკოლა დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო, 2007 წელს კი ინდოელი კინოპროდიუსერის ვაჟს გაჰყვა ცოლად. მისი მეუღლე ინდოეთის ერთ-ერთი მინისტრის შვილიშვილი იყო. სამი წლის შემდეგ ისინი მშობლები გახდნენ.