ონლაინრომანი "დაქირავებული დიასახლისი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
V ნაწილი (იხილეთ დასაწყისი)
შუადღე რომ გადავიდა, მართლაც წავიდნენ სასეირნოდ სამივენი, ოღონდ არა ზოოპარკში, არამედ იქვე, ვაკის პარკში გადავიდნენ. საკმაოდ ცხელოდა. ვერიკო არ იყო მიჩვეული ამდენ სიარულს და მალე დაიღალა. ერთი სული ჰქონდა, სადმე ჩამომჯდარიყო, თუნდაც ორიოდე წუთით. თამთა ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა. კიდევ კარგი, ატრაქციონი არ მუშაობდა, თორემ მერე გენახათ ვერიკოს საცოდაობა, მასთან ერთად რომ მოუწევდა “კატაობა”.
- აი ფიჩო, - აჭყლოპინდა უცებ თამთა.
ვანომ და ვერიკომ ერთდროულად მოხედეს. ლურჯი მერხიდან გრძელბეწვიანმა კატამ გამოყო თავი და დაიკნავლა.
- ნახე, რა ეშმაკია, უკვე ფისოც იცის, - გაიცინა ვანომ.
- ასე მგონია, “პამპერსი” რომ არ უკეთია, უფრო თავისუფლად დადის, - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ქალმა.
- სამაგიეროდ, ხომ ნახეთ, უკვე ორჯერ სცადეთ გადაყენება და არც ერთხელ არ ქნა, - მოუბრუნდა ვანო.
- არა უშავს, ასე ერთ დღეში მაინც ვერ გადაეჩვეოდა. ჯერ დრო სჭირდება, პატარაა. რა პრობლემაა, ტრუსები ბლომად წამოვიღე, წამში გამოვუცვლი, - შეღიმა ვერიკომ პატრონს.
- გინდათ გოლფ-კლუბში შევიდეთ? გოლფი ვითამაშოთ, - შესთავაზა უცებ.
- არა, არ ვიცი გოლფის თამაში, - იუარა ქალმა.
- გასწავლით, ძალიან ადვილია. მოგეწონებათ, - დააიმედა ვანომ.
- გმადლობთ, ჯობია, არ შევიდეთ. მე თუ თამაში მომეწონა, მტრისას! საშინლად აზარტული ვარ, მერე ირგვლივ ყველაფერი მავიწყდება, - გაიცინა.
- მართლა? - სახე გაუნათდა მამაკაცს, - ყველა თამაშში ასეთი ხართ?
- თითქმის.
- აბა, მითხარით ერთი, რა თამაშები იცით? - ეშმაკური ღიმილით დაეკითხა იგი.
- კარტი, ნარდი, დომინო, ჩაძირობანა…
- სკოლის პერიოდში მეც დიდი სიამოვნებით ვთამაშობდი ჩაძირობანას, განსაკუთრებით ბოტანიკის გაკვეთილზე.
ორივეს გაეცინა. თამთა ამ დროს გრძელბეწვიან კატას უტრიალებდა. ვერც ახლოს მისვლას ბედავდა, ვერც შორდებოდა. “ფი-ჩო, ფი-ჩო, ავ! ავ!” - მისდევდა კუდში.
- ძაღლი და კატა ვერ გაურჩევია ერთმანეთისაგან, - გადაიხარხარა ვანომ.
თამთა მოულოდნელად შედგა, თითქოს ერთ ადგილზე გაშეშდაო. მერე ნელ-ნელა მოატრიალა თავი და უკან მომავალთ მოხედა. შემდეგ ძირს დაიხედა. ვანო მიუხვდა.
- ჩაიფსა ამ მამაძაღლმა, - ჩაიცინა.
- კიდევ კარგი, თორემ უკვე მეგონა, რომ უპამპერსობამ შარდის შეუკავებლობა დამართა, - ვერიკომ შვებით ამოისუნთქა, ჩანთა გახსნა, ბავშვის საცვალი ამოიღო და თამთასკენ გაემართა.
პატარა არ გასძალიანებია. მორჩილად დაჰყვა ძიძას.
- მგონი, სახლში წასვლა აჯობებს, ფეხსაცმელები დასველებია, - შენიშნა ვანომ.
- აწი მოშივდება კიდეც, თორემ ფეხსაცმელი პრობლემა არ არის. სულაც არ ჩავაცვამ, ივლიდა ფეხშიშველი.
- ფეხშიშველი? აქ? პარკში? - გაიოცა ვანომ.
- ჰო, აქ. მე მთელი ბავშვობა ფეხშიშველი დავრბოდი, მაგრამ ფრჩხილიც არ წამომტკენია. ჯანმრთელობისთვის უკეთესიცაა, ცოტათი გაკაჟდება. თანაც, ბრტყელტერფიანობას აიცილებს თავიდან, - დააყოლა ღიმილით.
ჯერ კიდევ გაოცებულ მამიკოს პასუხი არ გაუცია. როგორც ჩანდა, მოეწონა კიდეც ვერიკოს აზრი.
- თქვენ მე მატყუებთ, როგორც ვატყობ, - წამოიწყო უცებ ვანომ.
ვერიკოს ფერი ეცვალა.
- მე-ე?
- დიახ, დიახ, თქვენ.
- რაში გამოიხატა ჩემი ტყუილი?! - წამოენთო ქალი.
- ბავშვის გაზრდის გამოცდილება არა მაქვსო. არა გაქვთ კი არა, მგონი, დისერტაციაც კი გაქვთ დაცული, ისე ირჯებით, - გაუღიმა მამაკაცმა და მკლავზე ოდნავ მოუჭირა ხელი. ვერიკოს სითბომ დაუარა სხეულში.
ვანომ ტაქსი გააჩერა. ახლა ფეხით სიარულის თავი არც ერთს არ ჰქონდა.
- სასიამოვნო დღე იყო, - აღტყინებით ჩაილაპარაკა ვერიკომ, ეზოში რომ შევიდნენ, - დიდი მადლობა.
- არაფრის. ამას რა ვუყოთ, ეძინოს ასე უჭმელს? - მიანიშნა ვანომ თამთაზე, რომელსაც მამის მხარზე თავი მიედო და ტკბილად ეძინა.
- არა უშავს, როცა გაიღვიძებს, მერე ვაჭმევ. მომეცით, წავიყვან და დავაწვენ.
- მოგეხმაროთ?
- არა, ბოლოს და ბოლოს, მარტოც ხომ მომიწევს მასთან ყოფნა. ჯობს აქედანვე მივეჩვიო, - ქალმა ხელები გაიშვირა და ბავშვი მაშინვე თავის მკლავზე გადმოიწვინა. ვანომ ხელი შეაშველა და მოულოდნელად ოდნავ შეეხო ვერიკოს მშვენიერ მკერდს. თითქოს რაღაც მოხდა… თითქოს არც არაფერი მოხდა… წამით ორივემ ერთმანეთის მზერა დაიჭირა. იყო ამ მზერაში რაღაც… თუმცა, არც ერთს და არც მეორეს არ უცდია, გაეშიფრა ის “რაღაც”…
ვერიკო არეული ნაბიჯებით გაემართა თავისი ოთახისკენ. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. გზაში ვანოს სიტყვები დაეწია:
- მერე ნარდი ვითამაშოთ, კარგი?
ქალი შედგა. მოტრიალდა.
- ნარდი?
- ოღონდ სანაძლეოზე, - შეღიმა მამაკაცმა. დაბნეულმა ვერიკომ მხრები აიჩეჩა.
- სამ სურვილზე, - არ ეშვებოდა ვანო.
- სანაძლეოს ყოველთვის ვაგებ, მაგრამ მაინც თანახმა ვარ, - ისე გაებადრა სახე, ახლა სამს კი არა, სამასჯერ სამ სურვილსაც წააგებდა ვანოსთან. გრძნობდა, ამ წაგებით მაინც თვითონ დარჩებოდა მოგებული. იმიტომ, რომ ეს კაცი უკვე უყვარდა.
***
“ღმერთო ჩემო, რას ვგავარ, რამდენი წელია, თვალები არ დამიხატავს, არც პომადა წამისვამს. თმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. რომ შეიძლებოდეს, ვარცხნილობას მაინც შევიცვლიდი”, - ვერიკო სარკის წინ იდგა და თავის ორეულს აკვირდებოდა.
არა, ახლა გაპრანჭვა არ გამოვა. არც თმის შეჭრა ივარგებს და არც სახის გალამაზება. ვანო იფიქრებს, მე მეკეკლუცებაო. რა თქმა უნდა, ასეც არის, მაგრამ მას რატომ უნდა აფიქრებინოს? არ იტყვის, რადგან ასე შეიცვალა, ესე იგი, რაღაც იმედი აქვსო? ან იქნებ უარესიც გაივლოს გულში და იფიქროს, თითქოს ვერიკოს მისი საყვარლობა სურს? ჰოდა, ჩემო ბატონო, უმჯობესია, დაეტიოს თავის ადგილზე და შეასრულოს თავისი მოვალეობა!
ამ ფიქრებში იყო, მობილურმა რომ დაიწრიპინა. შეტყობინება მოუვიდა. სწრაფად დაიწყო გადაფურცვლა. “მე და ნარდი ორივე გელოდებით ბასეინთან”. ვანოს მესიჯი იყო. ალმური წაეკიდა სახეზე. კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, ღაწვებზე ხელი გადაისვა, თითქოს სიწითლის მოშორება უნდაო, სიყვარულით გადახედა მძინარე ბავშვს და ფრთხილად გაიხურა კარი.
ვანოს ტანთ გამოეცვალა. საშინაო ფორმაში დახვდა მოსამსახურეს. ვერიკოს კი დაავიწყდა საგარეო სამოსის გახდა. გამოწკეპილი მიეახლა პატრონს. უხერხულად იგრძნო თავი.
- სადმე ხომ არ აპირებდით წასვლას? - ვანომ აათვალიერ-ჩაათვალიერა.
- არა, არა, უბრალოდ, ვერ მოვიფიქრე, გამომეცვალა.
- არა უშავს, ეგ არ არის პრობლემა. დავიწყოთ?
ვერიკომ მხრები აიჩეჩა.
- კონტრაქტი დავდოთ?
- როგორც გენებოთ.
- კარგი, ეგრე იყოს. როგორია თქვენი პირობები?
- არ ვიცი, ჯერ თქვენი პირობები წამოაყენეთ.
მამაკაცს ღიმილი მოერია.
- ჩემი პირობა ასეთია. თუ მე მოვიგებ პირველ ხელს და მერე თქვენ, ან პირიქით, თქვენი სურვილი ჩემის გაბათილება არ უნდა იყოს. მოსულა?
- მოსულა, - ყოყმანის მერე დაჰყაბულდა ვერიკო.
- როგორ ფიქრობთ, სურვილები თამაშის დაწყებამდე უნდა ჩამოვაყალიბოთ?
- არც ეგ ვიცი, - დაიბნა ქალი.
- არა, ასეთ რამეებში თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ. სხვანაირად არ გამოვა.
- თავიდანვე იცით, ცოტა ძნელია სურვილების ჩამოთვლა. ხომ შეიძლება იმწუთში არაფერიც არ მსურდეს, - ცოტა გათამამდა ვერიკო.
- ძალიანაც კარგი, - როგორც ჩანს, მამაკაცს ჭკუაში დაუჯდა შემოთავაზებული წინადადება.
- ოღონდ… - ვერიკო გაჩუმდა.
- თქვით, თქვით, გულდასმით გისმენთ.
- გააჩნია სურვილს…
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე ისეთს არაფერს მოგთხოვთ, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებთ, რაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება.
- ეს არ არის საკმარისი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ… ხომ შეიძლება ისეთი რამ ისურვოთ… - ქალს აშკარად ენა დაება.
- მაგალითად რა?
- აი თუნდაც, რომ მითხრათ, ერთი საათი ყირაზე დადექითო, ნამდვილად ვერ დავდგები, - აილეწა ქალი.
- ჰა-ჰა-ჰა-ჰა! რა ეშმაკი ხართ, ვერონიკა! ყირაზე დადექითო! ჰა-ჰა-ჰა-ჰა! რამ მოგაფიქრათ. არა, მაგას ნამდვილად არ ვისურვებ. აბა, რა სანახავია ყირაზე დამდგარი მანდილოსანი, თანაც ჩემი შვილის ძიძა. მე ისეთ რამეს არ ვისურვებ, რაც თქვენ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. თუმცა შეიძლება კოცნა გთხოვოთ.
- კოცნა? - შეშფოთდა ქალი.
- ჰო, კოცნა. რა იყო, რამეს ხედავთ ამაში მიუღებელს? ბავშვობაში “ფანტა” არ გითამაშიათ? ამან იმას აკოცოს, იმან ამას, ან კიდევ “ამის პატრონმა რა ქნას”. ხომ ასრულებდით მსგავს სურვილებს? - თვალები მოჭუტა მამაკაცმა.
- გააჩნია, კოცნაში რას იგულისხმებთ, - ვერიკოს უკვე მხრები უცახცახებდა.
- ახლა ხელზე მაკოცეთ-მეთქი, რომ არ გეტყვით, ალბათ გასაგებია…
- ჰო მაგრამ, ტუჩებში რომ არ გაკოცებთ, ესეც ხომ კარგად იცით? - ცოტა რიხი შეურია ხმაში და ნიშნის მოგებით გადახედა მამაკაცს.
- კარგი, შევთანხმდით. ესე იგი, ინტიმური კოცნები გამოვრიცხოთ, არა? - ვანოს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, - მაგაზეც ყაბულს ვარ. მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ. თუ რომელიმეს სურვილი არ მოეწონება და უარს იტყვის მის შესრულებაზე, მაშინ საპირისპირო მხარეს ორი ახალი სურვილის უფლება მიეცემა. გასაგებია? და ამ ორი ახალი სურვილის შეუსრულებლობა არ იქნება!
ვერიკო დაფიქრდა. გუნებაში აწონ-დაწონა შემოთავაზებული წინადადება და ბოლოს დათანხმდა.
დაიწყეს თამაში. ვერიკოს არც ახსოვდა, ბოლოს ნარდი როდის ითამაშა. ჯერ კარებში ქვების გადანაწილებაში დაიბნა, მერე, დუბეში რომ მოუვიდა, კინაღამ თითებით დაიწყო გადათვლა, რომელ კარში უნდა დაესვა ქვა. ვანიკო ამხნევებდა, არა უშავს, თუ მე მოვიგებ, არ შეშინდე, ხომ იცი, პირველი ხელი “ფრაერებისააო”. ვერიკოც ნელ-ნელა გაუთამამდა კამათლებს. ცოტა ხანში ისეთ აზარტში შევიდა, საერთოდ დაავიწყდა, ვისთან ერთადაც თამაშობდა. ღიმმორეული ვანო ვერიკოს ცქერით უფრო მეტ სიამოვნებას იღებდა, ვიდრე ნარდის თამაშით.
- მომიკალი? - შესძახა გაოცებულმა ვანომ.
- ჰო.
- კი მაგრამ, ორი კარი რომ ღია გაქვს?
- გავრისკე.
- სულ ტყუილად, - დაქადნებით თქვა მამაკაცმა და ხელის ოსტატურად აქნევით გააგორა კამათლები.
ვერ გააცოცხლა. ამიტომაც პირველი ხელი წააგო კიდეც. ვერიკოს სტიმული მიეცა.
ახლა მეტი მონდომებით შეუდგა თამაშს. გულმოდგინედ აჩხაკუნებდა კამათლებს თავის წვრილ, ქალურ თითებში და აღტყინებით მოისროდა ბოლოს. ვანო სიცილს ვერ იკავებდა. როგორც იქნა, თამაში დაამთავრეს. ვერიკომ მაინც წააგო 2:1.
- როგორი გაწითლებული გაქვთ ლოყები, იცით? - ვანო თვალს არ აშორებდა ქალს.
- ძალიან ვღელავდი, მოვკვდი ნერვიულობით, - ვერიკომ გაშლილი ხელები ღაწვებზე აიფარა, - როგორ მიხურს.
- აი, ცეცხლი კი ჩაქრა, - გაიცინა კაცმა.
- რა ცეცხლი? - ვერიკომ ზურგს უკან გაიხედა მექანიკურად.
- თამაშის დროს სულ ნაპერწკლები გცვიოდათ თვალებიდან. ახლა კი ჩაქრა, - თბილად გამოუვიდა ნათქვამი ვანოს.
- ჰო. ახლა ცოტა მოვეშვი და ალბათ იმიტომ.
- მართლა აზარტული ყოფილხართ. მე ვიტყოდი, ზომაზე მეტად აზარტულიც. აღფრთოვანებული დავრჩი პირდაპირ. მაგარი სანახავია, როცა ხედავ, როგორ მიდის ქალი რისკზე.
- გააჩნია, რის რისკზე, - შეეკამათა ვერიკო.
- არა აქვს მნიშვნელობა. როცა ადამიანი რისკავს, ის უკვე აზარტშია და იცის, რომ ან მოგებული დარჩება, ან წაგებული. ვითამაშოთ კიდევ ერთი ხელი? ძალიან მსიამოვნებს. კარგი პარტნიორი ხართ.
- რა აზრი აქვს, მე ხომ უკვე წავაგე სამი სურვილი, - დანანებით თქვა ქალმა.
- მერე რა, მეორე სამის მოგების შანსი გეძლევათ სამაგიეროდ, - თავი გვერდზე გადაწია ვანომ, ხელები გადაიჯვარედინა და ვერიკოს მომნუსხველი მზერა ესროლა. მსგავსი მზერა მხოლოდ პირველ დღეებში დაამახსოვრდა ქალს.
- ეგ კი, მაგრამ კიდევ რომ წავაგო? - წარბები აწკიპა.
- გარისკეთ. თქვენ ხომ გიყვართ გარისკვა, - ფეხი ფეხზე გადაიდო მამაკაცმა.
- ამჯერად რისკი არ ღირს. წაგების შემთხვევაში ექვსი სურვილის შესრულება მომიწევს. ვაითუ, ვერ გავწვდე ან ვერ მოვერიო. მერე რა ვქნა? - იგი მამაკაცს უკვე ფლირტში იწვევდა.
ვანო მიუხვდა და აჰყვა.
- მე ვიზრუნებ იმაზე, რომ გასწვდეთ და მოერიოთ, ერთ ექვსჯერად სურვილს შეგასრულებინებთ და პრობლემაც მოიხსნება დღის წესრიგიდან. თანახმა ხართ, ერთი და იგივე სურვილი ექვსჯერ შეასრულოთ? - გამომცდელად შეხედა “პატრონმა”.
- მაგრამ ჯერ ხომ არ წამიგია?
- მე ვგულისხმობ, თუ წააგებთ, იმ შემთხვევაში.
- თუ სხვა გზას არ დამიტოვებთ…
ამ დროს ბავშვის ტირილი მოისმა. ორივე ერთდროულად წამოხტა ფეხზე. ვერიკო არ დაელოდა ვანოს და სირბილით გავარდა თავისი ოთახისაკენ. თამთა საწოლზე წამომჯდარიყო და გულამოსკვნილი ტიროდა.
- აქა ვარ, პატარავ, ნუ ტირი, აქა ვარ, - დაუყვავა ახალგაღვიძებულ ბავშვს და ხელში აიყვანა.
თამთა გაჩუმდა, მაგრამ როგორც კი ვანო ოთახში შემოვიდა, ისევ ატირდა და მამისკენ გაიწია.
- აჰა, “მტრები” მყავს ოჯახში, “მტრები”, ძლივს სამი სურვილი მოვიგე და მის შესრულებას არ მაცლიან, - სიცილით თქვა ვანომ და ვერიკოს ბავშვი გამოართვა.
- მე წავალ, საჭმელს შევუთბობ, - ვერა ისე იყო დაბნეული, სხვა გამოსავალი ვერ იპოვა ოთახიდან გასასვლელად. არადა, მამაკაცის რაღაცის მთქმელ გამოხედვას ვერსად დაემალა. თითქოს თვალებს ვერ იმორჩილებდა. თვით ვერიკოს მზერაში კი იმაზე მეტი იკითხებოდა, ვიდრე მას სურდა.