კალათბურთი ბევრი ბავშვის საყვარელი სპორტია. ვარჯიში, სხვადასხვა შეჯიბრებაზე გასვლა კი განსაკუთრებით მოსწონთ. წლების შემდეგ, ზოგი პროფესიონალურად აგრძელებს თამაშს, ზოგი სხვა მიმართულებას ირჩევს, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ სპორტს ფიზიკური, გონებრივი და ემოციური განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხათუნა გაბედავა 27 წელია, კალათბურთის მწვრთნელია. იქამდე აქტიურად თამაშობდა და დიდი გამოცდილებაც დააგროვა. დღეს ის საკუთარი საქმიანობის, კალათბურთისა და იმ სირთულეების შესახებ გვიყვება, რომლებიც ამ სპორტს თან ახლავს:
- 8 წლის ვიყავი, როდესაც კალათბურთზე შევედი - ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ბატონი გურამ დარჩია. ჩვენს სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელს კალათბურთის სექცია ჰქონდა და ტანმაღალ გოგონებს არჩევდა. ასაკთან შედარებით, გამორჩეულად მაღალი ვიყავი და მასწავლებელმა დედაჩემს სთხოვა, რომ კალათბურთზე მივეყვანე. ახლა 53 წლის ვარ. 8 წლის ასაკიდან დღემდე კალათბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჯერ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და გუნდთან ერთად, სხვადასხვა შეჯიბრებაზე გამოვდიოდი, შემდეგ კი გადავწყვიტე, ბავშვებთან მემუშავა და მწვრთნელი გავმხდარიყავი. როდესაც შვილები შემეძინა, ცოტა ხნით პაუზა ავიღე, თუმცა შემდეგ ისევ გავაგრძელე. 27 წელია, რაც კალათბურთის მწვრთნელი ვარ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კალათბურთის ეროვნულ ჩემპიონატს ვმსაჯობდი და ეს საქმე ახლაც ჩემი ცხოვრების ნაწილია. მაშინ, როდესაც თავად ვთამაშობდი და საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ვიყავი, სხვადასხვა ჩემპიონატი ტარდებოდა და ეს იმდენად მაღალი დონის შეჯიბრებები იყო, რომ ახლანდელ ევროპის ჩემპიონატს არ ჩამოუვარდებოდა. საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა და ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო.
- კალათბურთი გამორჩეული სპორტია. გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ფიზიკურად გააქტიურებას ხელს უწყობს, სხვა არაერთ ისეთ უნარსა და ჩვევას ავითარებს, რაც ადამიანს სამომავლოდ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგება. კალათბურთზე ძალიან ბევრი ბავშვი დადის, მაგრამ მათგან ყველა პროფესიონალურ თამაშს აღარ აგრძელებს. მიუხედავად ამისა, კალათბურთის თამაში მათ ფიზიკურად, ემოციურად, ინტელექტუალურად განვითარებაში მნიშვნელოვნად ეხმარება. ბავშვებს, რომლებიც სპორტის ამ სახეობაზე დადიან, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი უყალიბდებათ. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარმოჩენას, დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობის გააზრებას სწავლობენ. ყველა ვარჯიშზე რაღაც ახალს იღებენ. წლების წინ, როდესაც თავად ვთამაშობდი, ფსიქოლოგიურ მზაობას ამხელა ყურადღება არ ეთმობოდა. დღეს ვცდილობთ, ყველა ბავშვს დავეხმაროთ, გარდა იმისა, რომ ტექნიკურად კარგად ითამაშონ, საკუთარი თავი, პიროვნება ყოველდღიურად გაზარდონ და ახალი რაღაცები ისწავლონ, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და ჰქონდეთ მოტივაცია, რომ წარმატებას მიაღწიონ. ფიზიკურ აქტივობას, რა თქმა უნდა, ადამიანის ცხოვრებაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ძალიან დიდი როლი აქვს. თუმცა, ფიზიკური აქტივობა გონებრივ შესაძლებლობებსაც აუმჯობესებს.
- ვფიქრობ, მწვრთნელს ძალიან საპასუხისმგებლო მისია აკისრია. გარდა იმისა, რომ ტექნიკური დეტალების სწავლება მნიშვნელოვანია, ბავშვების ფსიქოლოგიურად მომზადებაც და მათთვის მოტივაციის მიცემაც აუცილებელია. ზოგიერთი ბავშვი ძალიან ნიჭიერია, შესანიშნავ მონაცემები აქვს, თუმცა თავდაჯერებულობა აკლია, ფიქრობს, რომ არ გამოუვა. მწვრთნელმა უნდა დაინახოს მისი უნარები და განვითარებაში ხელი შეუწყოს.
- კალათბურთში ყოველი წამი, წუთი შეიძლება, საუკუნის ტოლფასი იყოს. 3 წამში შესაძლოა, თამაში მოიგო ან წააგო. 3 წამი კალათბურთში შეიძლება, ძალიან დიდი დრო იყოს. ამიტომ, თამაში ყოველთვის დიდ დატვირთვასთან, სრულად ჩართვასთან, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად, ასოცირდება. წამებში უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, ვფიქრობ, ეს მოთამაშეებს ცხოვრებაშიც ეხმარება, რომ პიროვნულად გაიზარდნონ და გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღონ. რაც შეეხება ტრავმებს, ტრავმისგან დაზღვეული არც ერთ სპორტში არ ვართ. კალათბურთი კონტაქტური თამაშია. სწორი დატვირთვა, სწორად მომზადება აუცილებელია, რომ რისკები შემცირდეს. უფრო ხშირად, კალათბურთელები ტრავმას თითებზე იღებენ, მაგრამ პრობლემა შეიძლება, არასწორი დატვირთვითაც გაჩნდეს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მათ სწორი რეკომენდაციები ჰქონდეთ.
- კალათბურთს სიმაღლეში გაზრდის კუთხით ნამდვილად არ აქვს ეფექტი. ასე რომ იყოს, მაშინ ყველა ადამიანი ამ სპორტზე ივლიდა და ყველა მაღალი იქნებოდა. სიმაღლეში ზრდა მთლიანად გენეტიკურ კოდს უკავშირდება. ძალიან ხშირად მსმენია მშობლებისგან, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი კალათბურთზე შეიყვანეს, სიმაღლეში გაიზარდა. ეს უბრალოდ წარმოდგენაა - ბავშვი გენეტიკური მოცემულობით, კალათბურთზე სიარულის გარეშეც გაიზრდებოდა.
- გარდა იმისა, რომ სიმაღლეს, სისხარტესა და მოქნილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ასევე ლოგიკურად აზროვნების უნარს, მტკიცე ხასიათს, სირთულეების დაძლევის შესაძლებლობას დიდი როლი აქვს. თავდაჯერებულობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. ზოგჯერ მტკიცე ხასიათისა და თავდაჯერებულობის მქონე, თუმცა შედარებით ნაკლები სიმაღლის მოთამაშე იმაზე დიდ წარმატებას აღწევს, ვიდრე შეიძლება 2,10-2,15 სმ-ის სიმაღლის, მაგრამ ნაკლებად თავდაჯერებული მოთამაშე. დღევანდელ კალათბურთში პირდაპირი განსაზღვრება, რომ მოთამაშე აუცილებლად კონკრეტული სიმაღლის უნდა იყოს, ნამდვილად არ არის, ისტორიაში დაბალი სიმაღლის მქონე არაერთი კალათბურთელია, რომლებიც შესანიშნავად თამაშობდნენ. მაგრამ, ზოგადად, ძირითადად, კალათბურთი უფრო მეტად მაღალი ადამიანების სპორტია.
- ბიჭების მწვრთნელი ვარ. ასევე, 2 ბიჭის დედა ვარ. იმდენად მიყვარდა კალათბურთი, რომ იდეა, გავმხდარიყავი მწვრთნელი, ჩემმა მწვრთნელმა, ბატონმა როლანდ გელოვანმა მომაწოდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. კალათბურთის გარეშე ცხოვრების არც ერთი წამი არ წარმომედგინა. ჩემმა მწვრთნელმა შემომთავაზა, რომ ბავშვებთან მუშაობა მეცადა. ბავშვები ძალიან მიყვარს და რომ დავიწყე ამ საქმის გაკეთება, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა. დიდი წვლილი შეიტანა ასევე ჩემს მწვრთნელად ჩამოყალიბებაში ვაჟა ჭოტაშვილმა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო თამაზ ოქრუაშვილი. გამორჩეული მწვრთნელი იყო. რომ არა ის, ამდენ რამეს ვერ ვისწავლიდი.
ადვილი არ არის, მაგრამ ბავშვებთან მუშაობა იმდენად სასიამოვნოა, მათი ხასიათის შეცნობა, იმის გააზრება, რომ დახმარება შეგიძლია და თავადაც გენდობიან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართლა ბედნიერებაა, რომ მათთან მუშაობის შესაძლებლობა მაქვს და ამ სიტყვებში აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. ძალიან კარგი, ნიჭიერი და სხარტი თაობა გვყავს. მათთან ურთიერთობა ერთი ბედნიერებაა. კალათბურთის მწვრთნელი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, ჩემი ცხოვრება ასეთი საინტერესო და ბედნიერი არ იქნებოდა. ბევრი ბავშვი, რომლებმაც ჩემთან დაიწყეს ვარჯიში, დღემდე კალათბურთს წარმატებით ემსახურებიან. ზოგი მწვრთნელია, ზოგი აქტიურად თამაშობს. სუპერლიგის ორი მოთამაშე გოგნაძე და ლომიძე ჩემი გაზრდილები არიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც მიმიძღვის წვლილი მათ წარმატებაში.
- ჩემი შვილი ყოფილი კალათბურთელია. ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და თავი დაანება. 3 შვილიშვილი მყავს, ერთი საქართველოშია, ორი აქ არ ცხოვრობს. ჯერჯერობით, ისინი კალათბურთზე არ დადიან და, რა თქმა უნდა, ეს მათი არჩევანია, მაგრამ, ბურთის სიყვარული, ალბათ, გენეტიკურია. ხანდახან ისე დაიჭერენ ბურთს, ისე ზუსტად აკეთებენ ამას, მეცინება ხოლმე. იგივე რომ ასწავლო, ხანდახან ბავშვებს დიდი დრო სჭირდებათ. მშობელმა შვილს არ უნდა დაუგეგმოს, კალათბურთელი იყოს, თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი. ეს დამოუკიდებელი არჩევანი უნდა იყოს. ამიტომ, ჩემს შვილიშვილებს, კალათბურთის თამაშს ვერ დავაძალებ. დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რა აინტერესებთ. ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი, რომელიც საქართველოშია, 4 წლისაა, სულ იძახის, რომ ბებიასთან უნდა დარბაზში და ბურთები მოსწონს. ბედნიერი ვიქნებოდი, ისინი მოედანზე რომ მეხილა, მაგრამ ეს მათი ცხოვრებაა და თავად უნდა გადაწყვიტონ.
- ჩემი შვილი ლიტვაში თამაშობდა და იქ ბავშვები კალათბურთზე 4 წლიდან იწყებენ სიარულს. მათთვის კალათბურთი ეროვნული სპორტია, ამიტომაც მცირე ასაკიდანვე დიდ ყურადღებას აქცევენ. ჩვენთან მსგავსი მოთხოვნა არ არის, უფრო მოზრდილს ასაკში მოჰყავთ ხოლმე. თუმცა, რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებს ბავშვი ვარჯიშს, ასაკისთვის შესაბამის ფიზიკურ აქტივობებს, მით უკეთესია. 5 წლის ბავშვი სულ რამდენჯერმე მყავდა ჯგუფში. კონკრეტული ასაკის გამოყოფა, როდის უნდა მივიყვანოთ კალათბურთზე, რთულია, რადგანაც ბავშვები ფიზიკური, გონებრივი, ემოციური განვითარების თვალსაზრისით, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და შესაძლოა, 5 წლის ასაკის მოთამაშეს ბევრად უკეთ შეეძლოს კონცენტრირება, ვიდრე შედარებით დიდი ასაკის ბავშვებს.
- ბევრი ძალიან კარგი და ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს. წელსაც რამდენიმე დაემატა. ოჩხიკიძეს გამოვყოფდი, ძალიან მომწონს, შესანიშნავად ჩაერთო. ჩვენი ნაკრები ყოველთვის წარმატებულად გამოდიოდა ჩემპიონატებზე და ვიმედოვნებ, რომ ასე გააგრძელებენ. საბედნიეროდ, დღევანდელ კალათბურთში არაერთი პერსპექტიული და პროფესიონალი ადამიანია. ჩემი მეწყვილე, კოკა ტომარაძეც შემიძლია დავასახელო, რომელიც არაჩვეულებრივი მწვრთნელია. ახალგაზრდა თაობის მიდგომები ძალიან მომწონს. მათი ენერგია და შემართება წარმატებას აუცილებლად მოგვიტანს.
თამარ იაკობაშვილი