ბავშვებზე ზრუნვას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს დიდი გამოცდაა, რომელსაც ყველა წყვილი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს.
ითვლება, რომ ძლიერი, სრულფასოვანი ოჯახის ფუნდამენტი შვილებია და, როგორც კვლევები ცხადყოფს, ეს მართლაც ასეა. მაგრამ ვინაიდან ადამიანის ფსიქოლოგია რთული და ამოუცნობია, ზოგჯერ ოჯახური ცხოვრება წყვილის ურთიერთობაში კრიზისის მიზეზი ხდება.
ბავშვების დაბადება, მათზე ზრუნვა, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მშობლებისგან უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს და დიდ რესურსსაც ართმევს - ჯანმრთელობას, ძილს, დროს, ფულს.
ამხელა პასუხისმგებლობებმა, ძლიერმა ფიზიკურმა თუ ემოციურმა დატვირთვამ შეიძლება მშობლებს შორის ჰარმონია დაარღვიოს. ამ დროს ერთ-ერთი მათგანი, უხშირესად, მამა, ოჯახის მიღმა დასვენების, გართობის, სექსის, ემოციური მხარდაჭერის ძიებას იწყებს, რაც დამანგრეველ გავლენას ახდენს ოჯახის მომავალზე.
წარმოგიდგენთ 3 ძირითად ფსიქოლოგიურ მიზეზს, რომლებიც შვილების გაჩენის შემდეგ ერთ-ერთ მეუღლეს ღალატისკენ უბიძგებს:
მშობლობა აბსოლუტურად ყველაფერს ცვლის. თუ ადრე დიდ დროს უთმობდით საკუთარ ინტერესებს, გატაცებებს, მეგობრებს, მოგზაურობას, ახლა წინა პლანზე ბავშვები არიან და ყველაფერი, რასაც აკეთებთ, მათ ეძღვნებათ. ეს ახალი როლი ხშირად ისე იპყრობს მშობლებს, რომ ისინი საკუთარ თავს და ერთმანეთს შვილების თვალით უყურებენ და ერთმანეთს „დედა“ და „მამათი“ მიმართავენ.
ამას გადაქანცვა. ე.წ. გადაწვა ემატება. ქრონიკული სტრესი, დაღლილობა, ძალის ნაკლებობა, როცა ერთმანეთისთვის დროის და ძალისხმევის დათმობა თანდათან შეუძლებელი ხდება, გავიწყებთ, ვინ ხართ და როგორი ხართ.
სურვილი, გაიხსენო შენი ყოფილი მე, შენი წარსული, თავისუფალი, მარტივი, ხალისიანი ცხოვრება, თავი ისევ დამოუკიდებლად და უდარდელად იგრძნო, რაღაც საკუთარი თავისთვის გააკეთო და არა სხვისთვის, განაპირობებს, რომ ოჯახის მიღმა ეძებო კავშირები.
ერთდროულად იყო მშობელი და რომანტიული პარტნიორი, ძალიან მძიმე ემოციური ტვირთია. გადარჩენისთვის ადამიანი ირჩევს ერთ-ერთს და როგორც წესი, უმეტესად ბავშვები გადაწონიან.
შედეგად, მეუღლე თავს უარყოფილად, მივიწყებულად, უსიყვარულოდ, არასაჭიროდ გრძნობს, რაც უბიძგებს მას სხვაგან ეძებოს სითბო და სიყვარული.
ბავშვები გართმევენ დროს, ენერგიას, ძილს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მშობლების სექსუალური ცხოვრება ზარალდება. სექსის აღარც ძალა აქვთ და არც სურვილი, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვების ხელში განმარტოვების პრობლემაზე.
ამიტომ, ერთ-ერთმა მეუღლემ შეიძლება კომპენსირება სხვასთან სცადოს, რათა კვლავ დატკბეს იმ სპონტანურობით და უგუნური ვნებით, რომელიც თითქოს გაქრა ოჯახური ცხოვრებიდან.
მართალია, ეს მიზეზები არსებობს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ საკუთარ საქციელზე ბოლომდე თავად ვართ პასუხისმგებლები. ოჯახური ცხოვრების დასაწყისში მეუღლის ღალატი ურთიერთობაში ისეთ ბზარს ტოვებს, რომელიც შეიძლება ვეღარასოდეს გამთელდეს და თქვენი ოჯახი, შვილები ვეღარ დაუბრუნდნენ ოჯახურ ჰარმონიას. ამიტომ წყვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რამდენად მზად არიან შვილების ერთად აღზრდისთვის და ამის შემდეგ დაგეგმონ თავიანთი ოჯახური თანაცხოვრება.