თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ ამოვიცნოთ სიმსივნე ადრეულ ეტაპზე და ერთ-ერთ სიმპტომად აუხსნელ ცხელებას ასახელებს:
- აუხსნელი ცხელება ძალიან ხშირი სიმპტომია. როგორც წესი, პაციენტი ყველა ორგანოს გამოკვლევას, ინფექციის ძებნა იწყებს. თუმცა, ცხელების მიდგომაში ცალსახად წერია, რომ მეორე რიგი დაავადებისა, რაც უნდა გამოვრიცხოთ, სიმსივნეა. პირველი, რა თქმა უნდა, ინფექციაა. ამას თავისი ნაბიჯები და გაიდლაინები აქვს. პაციენტის მიერ (თვითნებურად) ძებნის დაწყება ყოველთვის წამგებიანია. აუცილებელია ექიმთან მიხვიდეთ და ის თქვენს ჩივილებს, ისტორიას, რისკებს თავს მოუყრის.
როდესაც ადამიანებს აუხსნელი ცხელება აქვთ, მიზეზებს, პირველ რიგში, ფილტვებში ეძებენ. ასევე, გულში, ნაწლავებში, ნაღვლის ბუშტს "ერჩიან", ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მაგრამ, თუკი ცხელება რომელიმე კონკრეტული ორგანოს დაავადებასთანაა დაკავშირებული, იქ რაიმე ლოკალური სიმპტომიც იქნება, გარდა გარკვეული ვირუსული დაავადების, რომელიც შეიძლება, ქრონიკულად მიმდინარეობდეს. მაგალითად C ჰეპატიტს შეიძლება, სიმპტომურად გამოვლინება არ ჰქონდეს, ქრონიკული დაავადებაა. შესაძლებელია, ტუბერკულოზი იყოს და ვერ იძებნებოდეს რუტინული კვლევებით და მცირე კერა იყოს სადღაც. რასაკვირველია, სხვა დიაგნოსტიკური ტესტებიც არსებობს, რომლებსაც დამხმარედ გამოვიყენებთ და მივაგნებთ. ამიტომ, პაციენტების უმრავლესობას ჰგონია, რაც უფრო მაღალი გარჩევადობის ვიზუალიზაციას გამოვიყენებთ, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, მით უფრო მივაკვლევთ პროცესს. ამ დროს შესაძლებელია, მას ძალიან მარტივი და იაფი კვლევით მოვაგნოთ.