თბილისში ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი მას შემდეგ შეუჩერდა, რაც მომხმარებელს იქ ნაყიდი შაურმის მიღების შემდეგ სალმონელოზი აღმოუჩინეს. ამის შესახებ განცხადება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა:
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე "OK"-ში (წერეთლის გამზირი 22).
ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს "მადლი" - საშაურმე "OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი - არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი).
ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები.
შპს "მადლს" კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა." - წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ პერიოდულად სურსათის ეროვნული სააგენტო ობიექტებზე როგორც გეგმიურ, ასევე არაგეგმიურ შემოწმებას ახორციელებს. მაგალითად, გასულ წელს საშაურმე "რეტროს" საქმიანობის უფლება შეუჩერდა. მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 ადამიანი მოიწამლა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყო დარღვეული.
ასევე, გასულ წელს ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "მწვადის შაურმა 2018" დახურა.
რამდენიმე დღის წინ კი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ.
ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე "დონ ჩიჩოს" მიერ წარმოებული შაურმა.
ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები, კერძოდ: ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც.
თამარ იაკობაშვილი