ტყუპი ყვავილი - ამბავი პატარებისთვის - მშობლები

ტყუპი ყვავილი - ამბავი პატარებისთვის

2024-03-28 20:39:38+04:00

ავტორი: ქეთი კვიტატიანი

გაზაფხულზე, ერთ მარადმწვანე ბუჩქის ძირას ამოვიდა ორი ყვავილი - ია და ენძელა. ერთს ლურჯი ყვავილი ჰქონდა, მეორეს - თეთრი და მაინც ეს ონავარი ბუჩქი ტყუპს ეძახდა: -ჰეი, ტყუპებო, აბა როგორია ამ სიცივეში გარეთ ყოფნა, ხომ არ გადმოვიხარო და გაგათბოთო?

- ტყუპი არ ვართ, სრულიად განსხვავებული ყვავილები ვართ, წადი, მხედველობა შეიმოწმეო! - ეტყოდნენ ია და ენძელა და თან სიცილისგან იგუდებოდნენ, რა სულელია ეს ბუჩქიო. ბუჩქი კი სულაც არ იყო სულელი, არც მხედველობა აკლდა, უბრალოდ გასართობი შემოლეოდა და როგორც შეეძლო ისე იყოლიებდა საუბარში ახალ მეზობლებს.

- რანაირად არ ხართ ტყუპი, ლაპარაკითაც ერთ ხმაში ლაპარაკობთ! - იცინოდა ბუჩქი და მოკლე ფოთლებს აშრიალებდა.

- არ ვართ, არ ვართ! - მართლაც ერთ ხმაში იძახდნენ ყვავილები და სიცილისგან იგუდებოდნენ. რა სამწუხაროა, რომ ეს მხიარულება მალე დასრულდა. ერთხელ ძაღლმა ჩამოირბინა, იქვე მიწა ამოჩიჩქნა, ძვალი ჩაფლა და ზემოდან ისევ მიწა მიაყარა. დიდი ძაღლი იყო, ცოტა ძლიერად მოუვიდა თათების მოქნევა და იის ფოთლები პატარა ბელტებით დაფარა. იას შიშისგან გული წაუვიდა. ენძელა შეეცადა თავისი ფოთლები შეეცურებინა და ისე გადაეყარა მიწა იის ტანიდან. მძიმე იყო! ბუჩქმა ქვედა ტოტები დახარა და მთელი ძალით მიუსვ-მოუსვა მიწიან ადგილებს. არაფერი გამოვიდა! იას ყვავილი მოემჩვარა, ჭკნობისკენ წავიდა...

- ქარო, ქარო, მოქროლდი, სად ხარ?- დაიძახა უცებ ენძელამ. ნიავიც კი არ იძვროდა. ენძელამ ძალა მოიკრიბა, ბუჩქი მიუხვდა განზრახვას და ერთად, ორ ხმაში ატეხეს ყვირილი: ქარო, მოქროლდი, სწრაფად მოქროლდი!..

სად იყო და სად არა, უცებ დაუბერა და რა დაუბერა. ქარმა ორ წუთში გადაყარა იის ფოთლებიდან მიწის პატარა ბელტები. იამ ამოისუნთქა, თვალები გაახილა. ირგვლივ ქარისგან მიმოფანტული ბუჩქის ფოთლები ეყარა. ფოთოლშეთხელებული ბუჩქი ქოშინით სუნთქავდა, თუმცა იას მაინც უღიმოდა და თან აბურდულ ტოტებს ისწორებდა, მაგრამ არსად ჩანდა ენძელა. ძლიერ ქარს შემთხვევით ამოეგლიჯა ერთი ბეწო თეთრი ყვავილი და სადღაც გაეტაცა. იას ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან და როცა ბუჩქმა ჰკითხა: სად არის შენი ტყუპისცალიო, აღარ გაუპროტესტებია, არ შეეძლო ეთქვა, რა ტყუპის ცალი, საიდან მოიტანეო, რადგან ახლა ცხადად გრძნობდა, რომ ვიღაც მნიშვნელოვანი დაკარგა, ტყუპივით ახლობელი და საკუთარივით საყვარელი. ია მიხვდა, რომ ყოველთვის შეგიძლია ტყუპისცალი დაარქვა იმასაც, ვისაც შეუძლია შენ გამო თავი გაწიროს და მერე რა, რომ თეთრი ყვავილი აქვს, განსხვავებული მოყვანილობა, სიგრძე და სიგანე.

ენძელას ადგილას დარჩენილი ღრმული, ყველაზე ცარიელი ადგილი იყო მთელს დედამიწაზე... ია ატირდა. სანამ ქარი მის ტირილს გაიგონებს, სანამ ენძელას უკან მოაფარფატებს და ეს ამბავი კეთილად დარულდება, ძაღლების პატრონებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ზოგჯერ, პატარა ყვავილების შემჩნევა ძალიან რთულია. ამიტომ, სანამ ბუჩქებთან ძალიან ახლოს ჩაატარებთ თქვენს შინაურ ცხოველს, ჯერ მიმოიხედეთ, რომ ყვავილები არ დააზიანოთ, ზოგიერთი მათგანი ხომ ისედაც ერთ თვე ხარობს.