რომელ პროფესიებზეა დღეს ქართულ ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნა და რატომ ვერ ახერხებენ სტუდენტები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დასაქმებას - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში "საქმე" კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს და ამბობს იმასაც, თუ რომელი პროფესიის წარმომადგენლები სჭირდება დღეს ქართულ ბაზარს ყველაზე მეტად:
- არსებობს სტატისტიკა, რომ ადამიანები პროფესიას ე.წ. პრესტიჟის მიხედვით ირჩევენ. თუმცა, ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, რომ ყველა პროფესია ძალიან ღირსეულია, მთავარია, მისი დაუფლება უნდოდეთ და, რა თქმა უნდა, არსებითია, რომ ყოველთვის გათვლა იყოს იმაზე, თუ რაზეა მოთხოვნა შრომის ბაზარზე. წინასწარ პროფესიულ ორიენტაციაში და დაგეგმვაში შეცდომები მოგვდის ხოლმე, ვინაიდან შეიძლება, ახალგაზრდამ ისწავლოს 5 წელი, დაამთავროს უნივერსიტეტი და შემდეგ მისი დასაქმება სერიოზულად გაჭირდეს. ხშირად ადამიანები თავიანთი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე იცვლიან პროფესიას.
ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რაზე იქნება ბაზარზე მოთხოვნა იმისათვის, რომ მათ სწორად დაგეგმვა შეძლონ. ვინაიდან, მსოფლიოში შრომით ბაზარზე ყველაზე დაბალკონკურენტიან კადრებად ახალგაზრდები ითვლებიან, რომლებსაც სასწავლებელი ახალი დამთავრებული აქვთ და გარკვეული ბარიერები ექმნებათ იმიტომ, რომ შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება არ აქვთ. ჩვენ ქართულ ბაზარზე გვჭირდება ინჟინრები, კონსტრუქტორები, არქიტექტორები. ასევე, სამშენებლო მასალების სპეციალისტები, ვინაიდან ამა თუ იმ მასალის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, სამშენებლო ოპერაციების წარმმართველის, აგურის დამწყობი, ტექნიკის ოპერატორები, ვინაიდან დღეს ძალიან ბევრი მექანიზაცია, ინოვაცია შემოვიდა როგორც სამშენებლო, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში. ულტრა თანამედროვე ტექნიკაა, სპეციფიკური განათლება სჭირდება, ყველა მას ვერ მართავს და ვერ შეასრულებს იმ სამუშაოს, რისი შესაძლებლობაც ამ ტექნიკას აქვს. ამდენად, ძალიან ფართოა ამ სფეროებზე მოთხოვნა.
გარკვეულწილად, ახალგაზრდების მხრიდან "დავიწყებულ" პროფესიებზე დაინტერესება წამოვიდა. მაგალითად, კვების მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგების კუთხით. დღეს თხილის მწარმოებელთა ორგანიზაციაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტექნოლოგია, რომლებმაც თანამედროვე განათლება მიიღეს და ეს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს პასუხობს. პროფესიული განათლება სახელმწიფოს მხრიდან მთლიანად ფინანსდება, ვინაიდან სახელმწიფოს გათავისებული აქვს ის პრობლემები და გამოწვევები, რაც ბაზარზე არსებობს. ნებისმიერი პროფესია, სადაც ადამიანი არის მცოდნე, მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ერთი ძალიან კვალიფიციური ინჟინერი შეიძლება, რამდენიმე საწარმოში იყოს დასაქმებული. ისევე, როგორც კვალიფიციური ექიმები რამდენიმე სხვადასხვა კლინიკაში მუშაობენ.