ბოლო პერიოდში მომხმარებლები სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად წერენ, რომ სოსისებსა და ძეხვეულში თმა აღმოაჩინეს, გახსნის შემდეგ საშინელი სუნი იგრძნეს, მოხარშვისას არაბუნებრივი ფერი შენიშნეს და საკვებად ვეღარ გამოიყენეს. ძეხვეული, იქიდან გამომდინარე, რომ სწრაფ და მარტივ საკვებად ითვლება, საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, ხშირად მომხმარებლებმა არ იციან, როგორ უნდა შეარჩიონ ის სწორად. სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც სოსისისა და ძეხვეულის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ძეხვეულისა და სოსისების წარმოების პროცესში ხორცს არასაკვები და დაბალი ღირებულების ნაწილი - ძვლები, მყესები, უხეში შემაერთებელი ქსოვილი სცილდება, ემატება ადვილად ასათვისებელი ცხიმი და საკვები ნედლეული (სოიოს ცილა, უცხიმო რძე, პლაზმა, კარაქი და სხვა), რაც მის ბიოლოგიურ ღირებულებას აუმჯობესებს.
ძეხვეული და სოსისები ცილოვანი ნივთიერებების წყაროა და მაღალი კვებითი და ენერგეტიკული ღირებულებით გამოირჩევა.
თუმცა, შესაძლებელია ამ პროდუქტებში ძირითადი სასარგებლო ნედლეულის - ძროხის ხორცის და ღორის ცხიმის - მეორეხარისხოვანი ნედლეულით (მაგალითად, სახამებლით ან ფქვილით) ჩანაცვლება.
ძეხვში სახამებლის აღმოსაჩენად აათალეთ მას თხელი ფენა და გადაკეცეთ. თუ ანათალი იოლად გადაიხლიჩა ნიშნავს, რომ ძეხვში ბევრი სახამებელია.
ძეხვისა და სოსისისათვის წითელი ფერის მისაცემად, შესაძლოა საკმაოდ მავნე ნივთიერებები - ნიტრიტები, ნიტრატები ან წითელი საღებავი გამოიყენებოდეს, რომელთა დაშვებულზე მაღალი კონცენტრაციით მიღება ადამიანისთვის საზიანოა.
სოსისის მოხარშვისას დააკვირდით წყლის ფერს. თუ წყალი გაწითლდა, სოსისი კი გაუფერულდა ნიშნავს, რომ სოსისში ხორცი ძალზე ცოტა იყო, სახამებელი კი - ზომაზე მეტი და დამახასიათებელი ფერის მისაღებად მასში დამატებულია წითელი საღებავი.
მოერიდეთ სანელებლების მკვეთრი სუნის მქონე ძეხვეულს, რადგან მათი დიდი ოდენობით დამატებით შესაძლებელია გაფუჭებული ხორცის გემოს შენიღბვა.
ხორცპროდუქტების მოხმარება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ საშიშია, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ვადებს.
გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა შეამოწმოთ.
ვადა დამოკიდებულია პროდუქციის გარსაცმის სახეობაზე: ნატურალური გარსაცმის მქონე პროდუქციის შემთხვევაში 2-5 დღეა, პოლიამიდის გარსაცმიანის - 6-30დღე, ხოლო სოსისების- 2-10 დღე.
თუ პროდუქტი ვაკუუმშეფუთვაშია ვარგისიანობა -2 თვემდე იზრდება.
სოსისები და მოხარშული ძეხვეული აუცილებლად უნდა ინახებოდეს მაცივარში! დაზიანებული, გაწებოვნებული ან დანაოჭებული გარსაცმი ნიშნავს, რომ პროდუქტი არასწორ პირობებში ინახებოდა და შესაძლოა ის გაფუჭებული იყოს.
მაღალი ხარისხის მოხარშულ ძეხვეულს აქვს დამახასიათებელი მოყავისფრო - მოვარდისფრო ფერი.
მკვეთრი ვარდისფერი შეფერილობა შესაძლოა პროდუქტში წითელი საღებავის დამატებაზე მიუთითებდეს , ხოლო მქრალი მოთეთრო ან ნაცრისფერი შეფერილობა მასში მიკრობების გამრავლების ნიშანი იყოს. დააკვირდით ძეხვის, სოსისის ეტიკეტს:
ეტიკეტზე მითითებული ენერგეტიკული ღირებულების და საკვები ნივთიერებების გამოყენების/მიღების რეკომენდებული ნორმებია:
რაც უფრო მცირეა პროდუქტში ამ ოთხი კომპონენტის შემცველობა, მით უფრო ჯანსაღია სურსათი.
რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ, სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე იხილოთ.