თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ პროგრამის "ისწავლე და დასაქმდი" ახალი ეტაპის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომზადება-გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება:
- ქვეყანაში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამოწვევა გვაქვს. ბევრი ადამიანია, ვინც ეძებს სამსახურს და მეორე მხრივ, ბიზნეს-სექტორს კვალიფიციური, პროფესიონალი კადრების პრობლემა აქვს. ძალიან კარგი პროგრამის განხორციელება დავიწყეთ, რომელსაც ჰქვია: ,,ისწავლე და დასაქმდი“. პროგრამის ახალ ეტაპს ვიწყებთ. 10 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით დაინტერესებული მოქალაქეები ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე www.dasakmdi.ge გავლას შეძლებენ. პროგრამა მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების მომზადება-გადამზადებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ჩვენს თანამოქალაქეებს გადავამზადებთ. ეს კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და სამსახურის მოძიებაში დაგეხმაროთ. პროგრამას წელს 15 ახალი მიმართულება დაემატება და მოქალაქეებს მომზადება-გადამზადების შესაძლებლობა 65 სპეციალობაში შეეძლებათ. აღნიშნულ კურსებზე სწავლას მთლიანად მუნიციპალიტეტი დააფინანსებს. გადასახადი არაფერი გექნებათ. ბოლო წლების განმავლობაში 9 000-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდა და დასაქმების 70%-იანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან მაგარი შედეგია, თუმცა მგონია, კიდევ გვაქვს იმის რესურსი, რომ დასაქმების მაჩვენებელი გავზარდოთ. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის გვაქვს კიდევ ერთი სიახლე. ვისაც ონლაინ კურსებზე სწავლა სურს და ამისთვის ესაჭიროება სივრცე, საიდანაც სასწავლო პროცესს დაესწრება, ახლად რეაბილიტირებული მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების თავისუფალ სივრცეებს ვთავაზობთ.