რადგან ჩვენი შვილია, არ ნიშნავს, რომ ის ჩვენი საკუთრებაა... დაჩაგრული ბავშვი რომ გაიზრდება, დაგროვილ ბოღმას სხვაზე გადმოანთხევს და სხვას დაჩაგრავს ირმა იანტბელიძე ჟურნალ "გემრიელის" მთავარი რედაქტორია. კარიერული თვალსაზრისით წარმატებული ადამიანია, თუმცა ეს არ უშლის ხელს იმაში, რომ იყოს 6 შვილის დედა, ჰქონდეს დრო სამზარეულოში ფუსფუსისა და ბავშვებისთვის. ირმას მეუღლე ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი გახლავთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, წყვილს 6 შვილი ჰყავს - 17 წლის ნიკა, 13 წლის თათა, 11 წლის ხარება, 9 წლის ანდრია, 7 წლის კრავაი და 3 წლის იოანე. ირმას გამოცდილების გასაზიარებლად მივმართეთ.
- სანამ შვილი მეყოლებოდა, ბავშვები დიდად არ მიყვარდა. ხომ არიან ადამიანები, ქუჩაში რომ ეფერებიან ბავშვებს, მე ეგეთი ტიპი არ ვყოფილვარ. პატარა ძმა მყავს, რომელიც ხშირად მიჰყავდათ ხოლმე მეზობლებს, ეთამაშებოდნენ, ეფერებოდნენ და მე ეს სულ მიკვირდა. მის გაზრდაში მეც ვიყავი ჩართული, მზრუნველობა მქონდა მის მიმართ, მაგრამ სიამოვნებით არ ვაკეთებდი ამას. ზოგადად, ბავშვები რაიმე განსაკუთრებულ ემოციას არ იწვევდნენ ჩემში მანამ, სანამ შვილი მე თვითონ არ შემეძინა. მანამდე თუ ვერ ვითავისებდი ამ გრძნობას, მერე და მერე შემიყვარდა მთელი მსოფლიოს ბავშვები, ყველა ბავშვი მიყვარს, ქუჩაშიც ვეფერები, ვგულშემატკივრობ და ა.შ. მიუხედავად ამისა, პირველი შვილი დიდ სიხარულთან ერთად ჩემთვის იყო სრული სტრესი და შიში შეუცნობელისადმი, ვგრძნობდი უდიდეს პასუხისმგებლობას, მეშინოდა, რომ არაფერი დამართნოდა, გადაყოლილი ვიყავი. აი, რაც შეეხება სიამოვნებას, სიამოვნებით გავზარდე მესამე და შემდეგი შვილები, ყველა პროცესი – გამოცვლა, ჭმევა და ზოგადად ყველაფერი მეხალისებოდა, მაშინ ვიგრძენი, რა არის შვილის ყოლით მიღებული სიამოვნება. მეორეც სტრესი იყო გარკვეულწილად, შეიძლება იმიტომ, რომ მეც პატარა ვიყავი, დროც ძალიან ცუდი იყო, გაჭირვება, უშუქობა, უგაზობა, ეს დამატებითი სანერვიულო კიდევ უფრო ართულებდა სიტუაციას. ბევრ შვილს კი ახლავს ბევრი პრობლემა, მაგრამ ჩვენ, მშობლებმა უნდა გავითავისოთ ერთი რამ - ბავშვი რომ იბადება, ეს მისთვის უკვე ძალიან დიდი სტრესია, ამიტომ უნდა გავუმარტივოთ ამ სამყაროსთან შეგუება, ჩვენ თვითონვე თუ სტრესში ჩავვარდით, ეს არავისთვის იქნება კარგი, მით უმეტეს ბავშვისთვის, რომელიც ემოციურად გრძნობს დედის განწყობას. ჩვენ თუ პრობლემები გვაქვს, ეს ბავშვის ბრალი არაა და ვიღაც თუ გაგვაბრაზებს, ბავშვზე არ უნდა ვიყაროთ ჯავრი. ბევრჯერ შევხვედრივარ გაბრაზებულ მშობელს, რომელიც ქუჩაში ბავშვს ცემს, დაუყვირებს ან წამოარტყამს, ეს ძალიან ცუდად აისახება ბავშვზე, მას გაზრდა, ყურადღება და პატრონობა უნდა, მარტო ჩაცმა და ჭამა არა, ემოციური ფონიც ძალიან მნიშვნელოვანია.
- როგორ ახერხებ სახლში წესრიგის დამყარებას?
- მე არ ვითხოვ, რომ სახლში იყოს სრული სიმშვიდე, გასაკვირი ალბათ არაა, რომ ჩემს სახლში არის არეულობა. მარტო ამდენი ბავშვის სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი წარმოიდგინეთ?! იდეალური წესრიგის დამყარება შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ დიდი სახლი არ გვაქვს, თუმცა ბავშვებს ვასწავლი, რასაც გაიხდიან მიალაგონ, საკუთარ ნივთებს ადგილი მიუჩინონ და ა.შ. შეიძლება ყველაფერს არ მიჯერებენ, მაგრამ გარკვეულწილად მაინც ასრულებენ. თუ ვხედავ, რომ არ ალაგებენ, მერე მე თვითონ ვაკეთებ ამას, ვეუბნები, აბა, ყველამ თითო-თითო ნივთი ავიღოთ-თქო და ასე ვრთავ მათაც დალაგების პროცესში. მოწესრიგებულობა ადამიანის ბუნებაზეცაა დამოკიდებული, ზოგს რამდენიც გინდა უჩიჩინე, მაინც მიყრის, ზოგს კი არ შეუძლია არეულობა და ალაგებს.
- როგორია აღზრდის შენეული მეთოდი?
- მეც და ჩემი მეუღლეც დემოკრატები ვართ შვილებთან მიმართებაში. ჩვენი მეთოდია არა ძალადობას!. ცემას, ძალადობას კარგი არაფერი მოაქვს, შეიძლება იმ წუთას ამით შედეგი მიიღო, მაგრამ ემოციურიად იმდენად დაიჩაგროს ბავშვი, რომ მის მომავალ ცხოვრებაზე ეს აისახოს. თუ ბავშვი რაღაცას ჭამს და თქვა, აღარ მინდა, არ ვაძალებ, მე მაძალებდნენ და ძალიან ცუდად მახსენდება, ამიტომ არ ვაკეთებ ამას, თან ვცდილობ, ისეთი კერძები გავუკეთო, რასაც სიამოვნებით მიირთმევენ. ჩვენ ბავშვზე ზემოქმედების სხვა ხერხები გვაქვს, მაგალითად, ყურადღების გადატანა, საკითხის სხვა მხრიდან დანახება და ა.შ.
- წახალისების მეთოდს თუ მიმართავთ?
- კი, როგორ არა. შეიძლება ვუთხრა, ამას თუ გააკეთებთ, სტუმრად რომ წავალ, წაგიყვან. ყველას ერთდროულად ხომ ვერ წავიყვან, ამიტომ მორიგეობით დამყავს, ან ასევე შეიძლება ვუთხრა, რომ ნამცხვრის გაკეთებისას შენ აგათქვეფინებ, რაც ძალიან მოსწონთ (იცინის). დასჯა არ მიყვარს და ამას არ ვაკეთებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლებას ვაძლევ. ბავშვი როგორც კი იგრძნობს, რომ შენზე ახერხებს ზემოქმედებას, აქვს გავლენა შენზე, ის უკვე ტირანი ხდება. გატირანება არ უნდა დავუშვათ, ოქროს შუალედია საპოვნელი. ავტორიტეტად უნდა დავრჩეთ მის თვალში, მისთვის ვიყოთ მისაბაძი მაგალითი და სიტყვის ადამიანი, რასაც ვეტყვით, შევუსრულოთ, მაგრამ ძალადობა ჩემთვის მიუღებელია.
- სწავლის თვალსაზრისით როგორები არიან შენი შვილები? როგორ უმაღლებ მოტივაციას, რომ მეტი წაიკითხონ, უკეთ ისწავლონ?
- პირველი კლასიდან მოყოლებული დღემდე არც ერთ შვილს არ დავჯდომივარ გვერდით, არ მიწერია და არ წამიკითხავს მათ ნაცვლად. პირველი კლასი ძალიან რთულია თვითონ ბავშვისთვის, თამაშის ეტაპიდან სხვა განზომილებაში გადადის, ემატება პასუხისმგებლობა და უჭირს იმის გააზრება, რომ კი არ უნდა ითამაშოს, უნდა ისწავლოს კიდეც. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემს შვილს არ დაუწერია დავალება, მეორე დღეს მასწავლებელს საყვედური უთქვამს, რითაც ის მიმხვდარა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაა და არა ჩემი. ვეუბნები, თუ არ დაწერ, მასწავლებელი გეტყვის საყვედურს და შენ შეგრცხვება კლასის წინაშე. იციან, თუ არ დაწერენ დავალებას, მერე შერცხვებათ საკუთარი საქციელის. ერთადერთი რაც უჭირთ ისაა, რომ ცუდი კალიგრაფია აქვთ, მაგრამ დღეს, კომპიუტერის ეპოქაში, არ მგონია, ეს დიდი პრობლემა იყოს.
- ირმა, შვილები მარტომ გაზარდე?
- გარშემო ვინცაა, ყველა მეხმარებოდა ცოტ-ცოტას, ჩემი და ჩემი მეუღლის დედმამიშვილები, დედა, მამაჩემი, ჩემი მეუღლის დედა და ა.შ. თუკი მჭირდება, ყოველთვის ჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც მეხმარება. ჩემი მეუღლე, დაჩი მეხმარებოდა კარგად. განაწილებული გვქონდა, დღე მე ვუვლიდი ბავშვებს, ღამე - დაჩი, მე ღამე ფაქტობრივად არასდროს არ ავმდგარვარ, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როცა დაჩი მივლინებაში იყო და ფიზიკურად არ იყო აქ. მართალია, დილით სამსახურში მიდიოდა, მაგრამ ღამით საკუთარ თავზე იღებდა ბავშვების მოვლას. ახლა უკვე ბავშვები დიდები არიან და თვითონაც მეხმარებიან, მათი მარტო დატოვება აღარაა პრობლემა.
- მიუხედავად იმისა, რომ 6 შვილის დედა ხარ, მუშაობ, კარიერული თვალსაზრისითაც აქტიური ხარ, როგორ ახერხებ ამას?
- ჩემი სამსახური არაა ისეთი, რომ 9 საათიდან 6 საათამდე ოფისში ყოფნას მოითხოვდეს, ინტერნეტით ვმუშაობ, ვიღებ ტექსტებს, ვკითხულობ და ჩასწორებულ ვარიანტს ვაგზავნი, რედაქციაში მივდივარ უკვე აწყობილი ჟურნალის სანახავად. მე მაქვს დედლაინი, როცა ჩემი ჟურნალი უნდა იყოს მზად, საქმე შემიძლია ორ დღეში გავაკეთო, ან ვიმუშაო მასზე მთელი თვე, მთავარია, სტამბაში ჟურნალი დროზე წავიდეს. აქედან გამომდინარე, გასვლა შეიძლება დამჭირდეს იშვიათად სამსახურში, ასეთი რეჟიმით მუშაობა კი ჩემთვის იდეალურია. ოფისში მუშაობას ალბათ ვერ შევძლებდი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა უკვე სამი წლისაა.
- შენი ჟურნალის გემრიელი რეცეპტები თუ გადაგაქვს შენსავე სამზარეულოში?
- კი, რა თქმა უნდა. თუ რამე ახალს ვაკეთებ, აუცილებლად ვრთავ შვილებს, ერთდროულად ვამზადებთ ხოლმე ყველაფერს. მე არ ვუშლი ბავშვებს სამზარეულოში ფუსფუსს, დიდ სიხარულს ანიჭებთ მათ ეს, თუ ცომს ვაკეთებ, ყველა ფქვილშია ამოსვრილი, იატაკის დასვრა და ასეთი დეტალები არ მაღელვებს. იმდენად დიდ სიამოვნებას ღებულობენ, საკუთარი ხელით გამომცხვარს რომ ჭამენ, ასეთი საკითხების გამო მათთვის ამ სიხარულის მოკლება ნამდვილად არ ღირს.
- ბავშვების განსხვავებული გემოვნების გამო, გიწევს რამდენიმე სადილის გაკეთება?
- ძირითადად რასაც ვაკეთებ, ჭამენ, მაგრამ თუ ვიცი, რომ რომელიმე ბავშვი არ ჭამს იმას, რაც მომზადებული მაქვს, მაშინ ისეთს ვუკეთებ, რაც მას მოსწონს. წიწიბურის გაკეთებას მე საჭმლის გაკეთებას არ ვეძახი, ისე კი დღეში ორი-სამი სახეობის კერძს ვამზადებ.
- ირმა, გარდატეხის ასაკი როგორც შვილის, ასევე მშობლისთვის საკმაოდ რთული ეტაპია, როგორი მიდგომაა საჭირო ამ პერიოდში?
- ძალიან საყურადღებოა გარდატეხის ასაკი, ამ დროს შეიძლება, ისეთი დეტალი გამოგვეპაროს, რაც ჩვენთვის უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ბავშვისთვის ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა. სიმკაცრე არც ამ დროსაა კარგი გამოსავალი, მეგობრობა ჯობია. რასაკვირველია, უნდა ვიცოდეთ, სად არის, ვისთან მეგობრობს, რას აკეთებს, რა ინტერესები აქვს და ა.შ. მე არც ერთი შვილი ძალით არ მიტარებია ამა თუ იმ წრეზე, ფეხბურთი იყო, მუსიკა თუ ჩოგბურთი, ყველაფერზე თავისი სურვილით დადიოდნენ და დადიან. მე მუსიკალური შვიდწლედი სულ ძალით დამამთავრებინეს, მწარედ მახსოვს, ჩემი თაობის დაღია მგონი ეს. ანდრია კი მეხვეწა, რომ ფორტეპიანოზე მიმეყვანა და დღეს ძალიან კარგად უკრავს, სიხარულით დადის მუსიკაზე. სწავლაც, კითხვაც აუცილებელია, მაგრამ ეს დაძალებით არ უნდა მოხდეს, დღეს იმდენნაირი ლიტერატურაა გამოცემულ, არ არსებობს, ბავშვი რაღაცით არ დაინტერესდეს. გარდატეხის ასაკში ემოციური ფონი გამძაფრებულია და ჩვენ აღარ უნდა დავუმატოთ, ცოტა რბილები უნდა ვიყოთ, ცოტა უნდა მოვითმინოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გვქონდეს დიალოგი ბავშვთან, გაუცხოება არ უნდა მოხდეს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი შვილი არის ინდივიდი, აქვს საკუთარი ცხოვრება და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებებს. არ შეიძლება უხეშად მათ ცხოვრებაში ჩარევა, რადგან ჩვენი შვილია, არ ნიშნავს, რომ ის ჩვენი საკუთრებაა, ის ცალკე პერსონაა, რომლის ინდივიდუალიზმსაც პატივი უნდა ვცეთ და მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. ბავშვი არც უნდა დაჩაგრო და არც უნდა გაატუტუცო, დაჩაგრული ბავშვი რომ გაიზრდება, დაგროვილ ბოღმას სხვაზე გადმოანთხევს და სხვას დაჩაგრავს, გატუტუცებული ბავშვი კი ცალკე პრობლემაა, ზომიერი შუალედია საჭირო. თუმცა თვითონ ბავშვზე, გარემო პირობებზე ბევრია დამოკიდებული, ზოგადი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ემოციით უნდა ვაკონტროლოთ, რომ არ არც აქეთ გადავამლაშოთ და არც – იქით.
ციცი ომანიძე