არაერთი შემთხვევაა, როდესაც დედინაცვალი ან მამინაცვალი ბავშვების ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მათი ბიოლოგიური შვილები არ არიან, ხელს უწყობენ განვითარებასა და ბედნიერი ცხოვრების შექმნაში. თუმცა, სრულიად საპირისპირო შემთხვევებიცაა, როდესაც ბავშვებისათვის არაბიოლოგიური მშობლები მონსტრად გადაიქცევიან და ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევენ. ამის ნათელი მაგალითი როზალინ მაგინისის ისტორიაა...
როზალინ მაგინისი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპრინგფილდში დაიბადა. ძალიან მშვიდი და ბეჯითი ბავშვი იყო. თავისუფალ დროს მუსიკაზე დადიოდა, უკრავდა ვიოლინოზე და ვეტერინარობაზე ოცნებობდა. მისი ბიოლოგიური მამის შესახებ არაფერია ცნობილი. გოგონას ადრეული ასაკიდან დედა ზრდიდა. ერთ დღეს ქალი ჰენრი პიეტს შეხვდა. ერთმანეთს რომ გამოელაპარაკნენ, მიხვდნენ, რომ ბევრი საერთო ჰქონდათ და ურთიერთობა დაიწყეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ერთად ცხოვრებას შეუდგნენ.
მაშინ როზალინი 10 წლის იყო. მამინაცვლის სურვილით, დედა-შვილი ოკლაჰომაში გადავიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რატომ იცვლიდნენ საცხოვრებელს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცმა ამ გზით მათი ახლობლებისა და ნათესავებისაგან იზოლირება მოახერხა.
საცხოვრებლის შეცვლის შემდეგ, ჰენრი პიეტი თითქოს გამოცვალეს და სხვა ადამიანი წარდგა მის ნაცვლად... მოსიყვარულე კაციდან ის ნამდვილ მონსტრად გადაიქცა. როზალინის დედას გამუდმებით სცემდა და სექსუალურად ავიწროებდა. კაცი მაშინ 42 წლის იყო. როზალინის დედა ძალადობას ერთი წლის განმავლობაში ითმენდა. შემდეგ კი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს მიმართა და კაცს თავი საბოლოოდ დააღწია. თითქოს, ამ გზით წარსულის საშინელება უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ბევრად უარესი რამ მოხდა...
1997 წლის 31 იანვარს როზალინი სკოლაში წავიდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვეღარ მივიდა. მას გზაში პიეტის ვაჟი შეხვდა, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. მანქანაში ჩასვა და იქ წაიყვანა, სადაც მამამ სთხოვა. ადგილზე მისული როზალინი ძალიან შეშინდა, მაგრამ მამინაცვალი არწმუნებდა, რომ დედაც მალე მივიდოდა და საშიში არაფერი იყო. სამწუხაროდ, ბავშვს დედა აღარ უნახავს... მამაკაცმა როზალინი სხვა ქალაქში წაიყვანა. გზად ეუბნებოდა, რომ დედამ მიატოვა და თუ სახლში დაბრუნებას მოინდომებდა, უბედურება მოხდებოდა.
როზალინი სკოლიდან რომ არ დაბრუნდა, დედამ მაშინვე პოლიციას შეატყობინა. ქალმა თქვა, რომ შესაძლოა, ბავშვი შურისძიების გამო მის პარტნიორს გაეტაცებინა. გამოძიება დაიწყო, თუმცა როზალინისა და ჰენრის კვალს ვერსად მიაგნეს.
ამასობაში, ჰენრი გოგონაზე სასტიკად ძალადობდა. ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებდა და ბავშვს სცემდა. გოგონას თმა შეუღება, სათვალე გაუკეთა, რომ ვერავის ვერსად ეცნო და გარეთ გაუშვა, რომ მოწყალება ეთოვა. როდესაც როზალინი 11 წლის გახდა, ჰენრიმ ყველა ზღვარს გადააბიჯა და გადაწყვიტა, მასზე დაქორწინებულიყო. ამ ყველაფერს მისი თინეიჯერი ვაჟიც ხედავდა, რომელიც როზალინის გატაცებაში დაეხმარა. გოგონას აუპატიურებდა და გამუდმებით სცემდა. ბავშვმა გაქცევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყოველი მცდელობა კრახით დასრულდა. სამაგიეროდ, მამინაცვალი კიდევ უფრო სასტიკი გახდა...
როზალინი პირველად რომ დაორსულდა, მას არალეგალურად აბორტი გაუკეთეს. 15 წლის ასაკში კი ფურგონში იმშობიარა... წლებთან ერთად, მათ ჯამში 9 შვილი შეეძინათ... მაგრამ, შვილების დაბადებამაც ვერ შეამსუბუქა ჰენრის სისასტიკე. გოგონას არა მხოლოდ მუშტებს, არამედ ყველაფერს ურტყამდა, რაც ხელთ მოხვდებოდა. მათ შორის იყო ლუდის ბოთლები, ჯოხები და ასე შემდეგ.
როდესაც მაგინისი 18 წლის გახდა, ჰენრიმ აიძულა, პოლიციის განყოფილებაში წასულიყო და ეღიარებინა, რომ მექსიკელი მეგობრისგან დაორსულდა და სახლიდან შიშის გამო გაიქცა. მისი მთავარი მიზანი იყო, გოგონა დაკარგულ პირთა ეროვნული რეესტრიდან ამოეღოთ. თუ როზალინი ამას არ გააკეთებდა, ჰენრი შვილების დახოცვით ემუქრებოდა. ამიტომაც, ის გააკეთა, რაც უთხრა. პარალელურად, კაცი "შვილობილზე" ლეგალურადაც დაქორწინდა...
დრო გადიოდა, ჰენრი იმდენად დამოკიდებული იყო ნარკოტიკებზე, რომ ყველაფერი გაყიდა, რაც გააჩნდა და ოჯახთან ერთად კარავში დასახლდა. როზალინი დარჩენილ თანხას იზოგავდა. ერთ დღეს მაღაზიაში წავიდა და მისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა.
2016 წლის დასაწყისში როზალინი, რომელიც მაშინ ფსევდონიმად სტეფანის იყენებდა, სუპერმარკეტში საყიდლებზე წავიდა. გოგონას თან რამდენიმე შვილი ახლდა. მის გვერდით ცოლ-ქმარი აღმოჩნდა, რომლებიც გამოელაპარაკნენ და მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც არასწორად იყო. როზალინი და მისი შვილები საშინლად გამხდრები და ჭუჭყიანები იყვნენ. მათი საყიდლების ფული ცოლ-ქმარმა გადაიხადა. თუმცა, როზალინი მიხვდა, რომ გათავისუფლების შანსს თუ არ გამოიყენებდა, სამუდამო ტყვეობაში დარჩებოდა. მაშინ ის უკვე 30 წლის იყო, ჰენრი კი 62-ის.
გოგონამ მაღაზიაში ცოლ-ქმარს ყველაფერი უამბო. მათთვის იმდენად შემაძრწუნებელი იყო ეს ინფორმაცია, რომ მაშინვე უნდოდათ, შესაბამისი ზომები მიეღოთ. თუმცა, გადაწყვიტეს, ფრთხილად ემოქმედათ. დაელოდნენ იმ პერიოდს, როცა ჰენრი კიდევ ერთხელ გონების დაკარგვამდე დათვრებოდა, როზალინთან ტაქსი გააგზავნეს და ბავშვებიანად წამოიყვანეს... 2017 წელს გამტაცებელი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებდა, თუმც 2018 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, სასამართლომ დააკისრა, რომ როზალინისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაეხადა.
როზალინს მენტალური პრობლემები შეექმნა, რადგანაც 20 წელი მანიაკთან ცხოვრობდა. მუდმივად ეშინოდა, რომ გამტაცებელი ციხიდან გამოვიდოდა და კვლავ რაიმეს დაუშავებდა, თუმცა ნელ-ნელა ამ პრობლემის დაძლევა მოახერხა. რაც შეეხება ჰენრის შვილს, რომელიც მამას როზალინის გატაცებაში დაეხმარა, მან მოსამართლე დაარწმუნა, რომ მამამ დააშინა და სხვა გზა არ ჰქონდა. ამიტომაც, ის ციხეში არ ჩაუსვამთ.