დღეს კახა ბენდუქიძის დაბადების დღეა. მისი ქალიშვილი ანასტასია ბენდუქიძე სოციალურ ქსელში ვაჟის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"ბოლო დღეებში მაგრად დამაკლდა კახა. მგონი რეალურად ბევრს ენატრებოდა, როგორც ქართველი მოღვაწე, რადგან ეხლა საქართველოში არის ეს მომენტი, როცა მას შეგვეძლო გვეკითხა "ცუდად არის საქმე, ეხლა რას ვშვებით" და ვიცოდით, რომ მისი პასუხი იქნებოდა ზუსტად ისეთი, როგორიც ეხლა გვჭირდება - "იბრძოლეთ". ძალიან მარტივ სიტყვებით, ყველასთვის გასაგებად, ალბათ ცოტა ირონიით, აგვიხსნიდა რატო არ შეგვიძლია დავამუხრუჭოთ ბრძოლა და რომ ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია.
რამდენიმე ხნის წინ, გავიაზრე, რომ კახა ჩამოვიდა საქართველოში 2004-ში და ქვეყნიდან გააძევეს 2014-ში. ანუ მან მოახერხა თავისი ყველა ძირითადი რეფორმა და 2 საუკეთესო უნივერსიტეტის დაარსება სულ რაღაც 10 წელიწადში. ამის მერე უკვე გავიდა შემდეგი 10 წელი, და ჩვენ, სამწუხაროდ, არა ერთი პრინციპული ნაბიჯი უკან გადავდგით ჩვენი წარსულისკენ, რომელსაც კახა ებრძოდა მთელი მისი არსით.
სანიმ რომ გაიგო, დღეს "კახა ბაბუს" დაბადების დღეა, ეგრევე მთხოვა, რომ წავიყვანო მასთან, ტორტიც საყიდელიაო. მანქანების ტერმინებში ავუხსენი, რომ კახას მოტორი - ანუ გული - აღარ მუშაობს, და საჭირო იყო, რომ მას "დავაყენოთ" მიწის ქვეშ, რომ არ გრძნობდეს ამ ყველაფერს. მაშინ კახა ბაბუს ვიდეო მაჩვენეო. ვზივართ ერთად და ვუყურებთ კახას ინტერვიუებს, როგორ ცეკვავს რუსკასთან და კიდევ უფრო ვგრძნობ როგორ მენატრება. მაგრამ დღეს არა როგორც ქართველი რეფორმატორი, არამედ უბრალოდ როგორც მამაჩემი და სანის ბაბუა.
გილოცავ და მის იუ".