ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას - როგორია ჩაჭრილთა და ზღვარგადალახულთა სტატისტიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში - მშობლები

ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას - როგორია ჩაჭრილთა და ზღვარგადალახულთა სტატისტიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში

2024-04-23 11:30:56+04:00

ყოველწლიურად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა გარკვეული რაოდენობა გამოცდებზე აღარ გადის. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მათ შორისაა, დაგვიანება, პრიორიტეტების შეცვლა და უნივერსიტეტის მიღმა განათლების მიღების გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. სტატისტიკა აბიტურიენტებისათვის ყოველთვის საინტერესოა, რადგანაც სურთ, დაახლოებით განსაზღვრონ, როგორი კონკურენცია იქნება კონკრეტულ წელს და რამდენად შეძლებენ სასურველ პროგრამაზე მოხვედრასა და გრანტის მიღებას.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. მაშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში თქვეს, რომ ეს მონაცემი, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული იყო. თუმცა, წელს გამოცდებისათვის რეგისტრირებული აბიტურიენტების რიცხვი კიდევ გაიზარდა. ამ მონაცემებმა ბევრი აბიტურიენტი ააღელვა და მოსალოდნელ კონკურენციაზე დააფიქრა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, როგორც წესი, ყველა მათგანი გამოცდაზე არ გადის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ წერილით და საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ მონაცემები, 2014 წლიდან 2023 წლამდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან რამდენი გავიდა გამოცდებზე, რამდენმა პროცენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და რამდენი დარჩა უნივერსიტეტს მიღმა.

ზოგად ტენდენდიას თუ გადავხედავთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში თანდათან უფრო ნაკლები აბიტურიანტი რჩება უნივერსიტეტს მიღმა. გასულ წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

მონაცემები წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2014 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 93.86% გავიდა. მათგან სწავლის გაგრძელების უფლება 77.82%-მა მოიპოვა. გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 22.18% უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.
  • 2015 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 93.42% გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 74.96%-მა მოიპოვა, 25.04% კი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.
  • 2016 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 89.54 გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 74.41%-მა მოიპოვა, 25.59% კი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.
  • 2017 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 89.41% გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 76.41%-მა მოიპოვა, 23.59% კი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.
  • 2018 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 90.33% გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 76.46%-მა მოიპოვა, 23.54% კი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.
  • 2019 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 95.81% გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 74.14%-მა მოიპოვა, 25.86% კი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.
  • 2020 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94.45% გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 79.62%-მა მოიპოვა, 20.38% კი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.
  • 2021 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 93.67% გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 81.60%-მა მოიპოვა, 18.40% კი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.
  • 2022 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94.66% გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 82.21%-მა მოიპოვა, 17.79% კი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.
  • 2023 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94.05% გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 82.32%-მა მოიპოვა, 17.68% კი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.

ასევე, დამატებით განგვიმარტეს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად გამოვლინდებიან ის აბიტურიენტები, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აბიტურიენტი სტუდენტი ხდება მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემდეგ. ანუ, შესაძლებელია, აბიტურიენტმა ყველა საგანში ბარიერის გადალახვით უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვოს, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდეს იმის გამო, რომ, მაგლითად, მის მიერ არჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურენციაა, უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ადგილები მასზე მაღალი ქულის მქონე აბიტურიენტებმა შეავსეს და ასე შემდეგ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით ფორმდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა - როგორია ბოლო წლების სტატისტიკა
რომელ საგანშია ყველაზე დიდი კონკურსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - სტატისტიკა და წინა წლის მონაცემების შედარება
როგორი იქნება წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები და რა უნდა გაითვალისწინოთ მეცადინეობის დროს, რომ გამოცდებზე კარგი შედეგი დააფიქსიროთ - საჭირო რჩევები აბიტურიენტებს
ნაშრომი არ შეფასდება, თუ 150 სიტყვაზე ნაკლები იქნება - რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ასეთი ნაწერი არ გასწორდება - უცხოურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის საჭირო რეკომენდაციები

თამარ იაკობაშვილი