ოჯახში თბილი ურთიერთობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ შვილებისთვისაც აუცილებელია. ზოგიერთი დედას იმდენად უნდა, რომ საკუთარი შვილები დაიცვას და მათ ზედმეტი პრობლემები თავიდან აარიდოს, რომ მათ ნაცვლად, ფაქტობრივად, ყველაფერს თავად აკეთებს, თავად იღებს გადაწყვეტილებებს, თავად არჩევს, რა უმჯობესია. გოგონების შემთხვევაში მათ პირად ცხოვრებაში ერევიან და ხშირად ასეთი დომინანტი როლის მქონე დედები შვილის პირადი ცხოვრების ვერაწყობის, ან ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდებიან.
თუ გოგონას აღზრდის პროცესში დედასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონია, მისგან გამუდმებით შენიშვნებს ისმენდა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა და ვერც აზრს აფიქსირებდა, ეს მის ცხოვრებაზე სამომავლოდ განსაკუთრებით აისახება და უარყოფით გავლენას მოახდენს.

ნიშნები, რომლებითაც ამოიცნობთ, რომ გოგონას ბავშვობაში დედა აკონტროლებდა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლებას არ აძლევდა:
- დედის მოსაზრებების გადაჭარბებულად გათვალისწინება - ასეთ დროს გოგონა საკუთარ სურვილებზე უარს ამბობს და მათ დედის მოთხოვნილებებით ჩაანაცვლებს. ის იქცევა ისე, როგორც დედას წარმოუდგენია და მოსწონს.
- მუდმივი კონტროლი - ეს მეორე უკიდურესობაა, როდესაც გოგონა, იმის გამო, რომ თავად იყო გადაჭარბებული კონტროლის მსხვერპლი, თავადაც იმავე გზას იყენებს და იმეორებს.
- შექებისა და მოწონებების მიღების მოთხოვნილება - გოგონებს, რომლებიც მუდმივად დედის აზრზე იყვნენ დამოკიდებულნი და მათგან შენიშვნებსაც ხშირად იღებდნენ, სამომავლოდ უჩნდებათ განცდა, რომ ყველასგან მოწონება და შექება უნდა დაიმსახურონ. ამის გამო კი თავიანთ რეალურ სურვილებს თრგუნავენ და იმას აკეთებენ, რაც შექებას, სხვების მოსაზრების დაკმაყოფილებას გამოიწვევს.
- გაურკვეველი ინტერესები - გოგონებს, რომელთა ქმედებასაც დედა მუდმივად აკონტროლებდა და ხშირად საყვედურობდა, მკაფიო მიზნები და ხედვები არ აქვთ. ის თავს საკმარისად ქმედუნარიანად არ თვლის, დაბალი თვითშეფასება აქვს და უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ეს ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება.
- უნდობლობა- გოგონას ძალიან უჭირს, რომ ვინმეს ენდოს, ამის გამო შფოთვასა და ემოციურ არასტაბირულობას განიცდის და ურთიერთობების აწყობა არ გამოსდის.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები აღგენიშნებათ, ჯობს, ფსიქოლოგს მიმართოთ და მასთან კონსულტაცია გაიაროთ. სწორი თერაპიით არსებულ პრობლემებს დაძლევთ და დამოუკიდებლად ცხოვრებას დაიწყებთ.