მეცნიერებმა მიაგნეს გზას, თუ როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს სკოლაში სწავლის ხარისხი გააუმჯობესონ.
მათი თქმით, საჭიროა მაქსიმალურად შეამციროთ ყველა იმ აქტივობების დრო, რომელიც სწავლასთან, სპორტთან და ძილთან დაკავშირებული არ არის.
ამ დასკვნამდე მივიდნენ სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა სტატია ჟურნალში Health Education & Behavior-ში გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად 9-დან 12 წლამდე ასაკის ორი ათასი სკოლის მოსწავლე შეარჩიეს. ყველა მათგანს ერთი კვირის განმავლობაში მაჯაზე ეკეთა მოწყობილობა, რაც მათ საშუალებას აძლევდა თვალყური ედევნებინათ ბავშვების აქტივობისთვის. გარდა ამისა, ყველა ბავშვს ჩაუტარდა ტესტირება ლიტერატურულ და მათემატიკურ უნარებში.
შედეგად, აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს ბავშვი ისეთ აქტივობებზე როგორიცაა, საოჯახო წვრილმანები, კომპიუტერთან ჯდომა, ვიდეო თამაშები, უბრალოდ გართობა - მით მეტი დრო აქვს ძილის, სწავლისა და სპორტისთვის და მით უფრო მაღალია მისი აკადემიური მოსწრება.
როგორც ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა ტიმ ოლდსმა განმარტა, თამაში და უსაქმურობა კი არ არის დამნაშავე ცუდ აკადემიურ მოსწრებაში. პრობლემა ის არის, რომ ისინი ძვირფას დროს ართმევენ ბავშვს, რადგან დღეში მხოლოდ 24 საათია. ოლდსის და მისი კოლეგების რეკომენდაციების თანახმად, 9-12 წლის მოსწავლემ დღეში დაახლოებით ერთი საათი ენერგიულ ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოახმაროს, ორ საათზე ნაკლები დრო უნდა დახარჯოს კომპიუტერზე ან სმარტფონზე თამაშში და ღამით 9-11 საათი ეძინოს.
„თუ მშობლები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვს საკმარისად ეძინოს, ივარჯიშოს და სწავლისთვისაც შესაბამისი დრო გამოყოს, მაშინ ბავშვს, უბრალოდ, დრო არ დარჩება სხვა რამისთვის და სწავლის პრობლემაც მოგვარდება“, - განმარტა ოლდსმა.,