"სიჩქარე მიყვარს ავტოდრომზე და ისეთ გზაზე, სადაც მანქანები არ მოძრაობენ... ქუჩებში, ქალაქში კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ყველანაირ აჩქარებას... შვილებიც ჩვენსავით არიან ჩართული ავტოსპორტში" - როცა დედა ავტომრბოლელია - მშობლები

"სიჩქარე მიყვარს ავტოდრომზე და ისეთ გზაზე, სადაც მანქანები არ მოძრაობენ... ქუჩებში, ქალაქში კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ყველანაირ აჩქარებას... შვილებიც ჩვენსავით არიან ჩართული ავტოსპორტში" - როცა დედა ავტომრბოლელია

2024-04-29 19:48:54+04:00

სოფიო ხიზანიშვილი მოყვარული ავტომრბოლელია, თავისუფალ დროს ყოველთვის ავტოდრომზე, მთაში ან ტყეში ოფროუდზე ატარებს. ამასთან, სოფიოს თბილისში საკუთარი ივენთ კომპანია აქვს. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი. იმას, რომ ქალი ენერგიის უშრეტი წყაროა, ჩვენი რესპონდენტი ნამდვილად ადასტურებს. ამ ყველაფერში ინტერვიუს წაიკთხვის შემდეგ დარწმუნდებით.

- რა ასაკიდან მართავთ მანქანას? გაიხსენეთ პირველი ემოცია, როცა საჭესთან დაჯექით…

- დაახლოებით 8-9 წლის ვიყავი, როდესაც მამამ დამსვა საჭესთან და ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებული ემოციები მახსოვს, უფრო იმის განცდა მქონდა, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ძალიან მსიამოვნებდა.

- სიჩქარე გიყვართ?

- სიჩქარე მიყვარს ავტოდრომზე და ისეთ გზაზე, სადაც მანქანები არ მოძრაობენ. ქუჩებში, ქალაქებში და ისეთ ადგილებში, სადაც გვაქვს სიჩქარის შეზღუდვა და არის დიდი მოძრაობა, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ყველანაირ აჩქარებას ან და სპორტულ მანევრირებას. ერთმა წამმა შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს და ვერ გათვალო რას მოიმოქმედებს სხვა, რაც ხშირ შემთხვევაში ავარიების გამომწვევი მიზეზია.

0de61f49-3b7d-4d8b-bc91-873119be9e41-1714469219.jpg

- როდის და რატომ დაინტერესდით ოფროუდით? რამდენად რთულ პირობებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- ჩემი მეუღლე, ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ოფროუდით და ყოველთვის ჰყავდა ისეთი ავტომობილი, რომელიც უგზოობისთვის იყო გათვლილი. მისი ინტერესებიდან გამონდინარე, მეც დავინტერესდი უკვე ექვს წელზე მეტია. საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი რელიეფით გამოირჩევა. არის ბევრი ისეთი მიუვალი ადგილი, სადაც მსუბუქი ავტომობილით მისვლა წარმოუდგენელია. არადა, საოცრად ლამაზი და მდიდარი ქვეყანა გვაქვს, ზოგჯერ ვმუნჯდებით, ისეთ პეიზაჟებს ვხვდებით.

4919abdf-f49e-4fe5-b116-8ea73d7d5f29-1714469220.jpg

- რას განიცდით ჩქაროსნული სლალომის დროს?

- ოფროუდისგან განსხვავებით, ავტოდრომზე სულ სხვა შეგრძნებებია: ადრენალინი, შიში, დაძაბულობა, სიამოვნება, კონცენტრაცია. ერთი წამით რომ გააუმჯობესო საკუთარი შედეგი, დღეების ვარჯიშია საჭირო, რასაც სამწუხაროდ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ვეღარ ვახერხებ.

- ორი ბიჭი გყავთ. როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას, მათ თუ აქვთ მანქანის ინტერესი და ასწავლით თუ არა მართვას?

- ჩემი შვილებიც ჩვენსავით არიან ჩართული ავტოსპორტში და ვფიქრობ, მათი ასაკისთვის, საკმაოდ კარგად არიან გარკვეულები. პატარა სასწაულად მართავს კვადროციკლს, 1.6 თვის იყო, დამოუკიდებლად რომ ატარებდა. უფროსი კარგად ფლობს საჭეს, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, არ აქვს მართვის მოწმობა და ამიტომ თამამად ვერ ვსვავთ. ორივეს ძალიან უყვარს და მოსწონთ ჩემი და ჩემი მეუღლის გატაცება და ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან.

b6602d2c-1c52-46db-b937-46f76c47e304-1714469220.jpg

- ასევე ხართ ივენთების დიზაინერი. რა ტიპის ღონისძიებებს აფორმებთ?

- მყავს მესამე შვილი - ჩემი კომპანია, რომელიც არის ძალიან დიდი სიფრთხილით, სიყვარულით და ძალისხმევით გაზრდილი. ვაფორმებთ და ვაორგანიზებთ ყველა სახის ღონისძიებას: ქორწილები, იუბილე, წვეულებები, პრეზენტაციები, ბიზნესფორუმები და ა.შ.

b6c5b7f8-d628-44c1-9d93-33a13dd515d2-1714469220.jpg

- რა სტილი, ფერი, ყვავილი, სქოვილი და აქსესუარებია დღეს მოდური და მოთხოვნადი?

- საქართველოში, წინა წლებთან შედარებით, ძალიან გაიზარდა და დაიხვეწა ღონისძიების დიზაინის მოთხოვნა და გემოვნება. ვერ ვიტყვით, რომ გამორჩეულად, დომინანტი ან ფერებია ან რაიმე დიზაინი, თუმცა, მაინც სადა და დახვეწილ დიზაინს ანიჭებენ უპირატესობას, თეთრი და მწვანის კომბინაცია არ კარგავს აქტუალობას, ასევე უყვართ ბევრი სანთლებით გაფორმებული მაგიდები და დეკორაციები.

- ქართველი პატარძლები რას ითხოვენ ყველაზე ხშირად და პრეტენზიულები არიან თუ არა?

- ყველა პატარძალს სურს , მისი ქორწილი იყოს გამორჩეული და დახვეწილი. პრეტენზიულები არ არიან, თუმცა ზუსტად იციან რა უნდათ და შესაბამისად გთხოვენ მათი სურვილების ასრულებას. სულ ვიმეორებ და ახლაც ვიტყვი, მე რომ პატარძლები მხვდება, მთელს მსოფლიოში არ ჰყავს არავის, ძალიან თბილი, გემოვნებიანი და ლამაზი გოგოები გვყავს საქართველოში.

fde64505-3399-403d-9a6f-74cb3daf5d9a-1714469221.jpg857ab816-3e48-4bd7-8d95-af59cad921b3-1714469220.jpg46e55059-8feb-4ae8-899e-895159e628e7-1714469219.jpg

მერი ბლიაძე