უკვე რამდენიმე დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, მოქალაქეები აპროტესტებენ და ფართომასშტაბიან აქციებს მართავენ. მომიტინგეთა დაშლას კი წყლის ჭავლითა და ე.წ. ცრემლმდენი საშუალებებით ცდილობენ, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაშავდა. აქციაზე განსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდები, ერთმანეთs ეხმარებიან, სოციალური ქსელებისა თუ პირადი კომუნიკაციით დაორგანიზებას, საჭირო დეტალების გათვალისწინებას ცდილობენ. ზოგიერთი მშობელი აქციაზე მისვლისაგან სხვადასხვა მიზეზით თავს იკავებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, შვილებთან ერთად დადგნენ და პროტესტი გამოხატონ. დღეს რამდენიმე ასეთ ადამიანს გაგაცნობთ და მათ მოსაზრებას გაგიზიარებთ:
ირმა იანტბელიძე, 6 შვილის დედა:
- ჩემს შვილებთან, ოჯახთან ერთად, შარშანდლიდან მოყოლებული, აქტიურად ვარ ჩართული. როგორც შემიძლია, პროტესტი აუცილებლად უნდა გამოვხატო იმის მიმართ, რომ ქვეყანა გარუსების გზას დაადგა. ეს კანონი კარგად შენიღბული იარაღია იმისათვის, რომ ძალიან მალე თავისუფალი სიტყვა და განსხვავებული აზრი აღარ ისმოდეს. ადამიანებს აღარ ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ ის დახმარება, რასაც ამდენი წლის განმავლობაში დასავლეთიდან უანგაროდ ვიღებთ. ძალიან ბევრმა არც იცოდა, რომ დაწყებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დახმარებით, დამთავრებული სოფლის მეურნეობით, მედიის თავისუფლებით, ვერ დაასახელებთ სფეროს, სადაც რაიმე სასიკეთო კეთდება და ამაში მათი წვლილი არ არის. თუ გამჭვირვალობა უნდათ, მაშინ თავიანთი საქმეებიდან დაიწყონ. მაგალითად, მაინტერესებს ღარიბაშვილის შვილი და ოჯახი რა სახსრებით გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში?! მოსამართლეები როგორ იშენებენ სასახლეებს?!. დაასაბუთონ თავიანთი დაუსაბუთებელი ქონება და სხვა სექტორებს გამჭვირვალობა მერე მოსთხოვონ. 6 შვილი მყავს, მხოლოდ პატარა არ მიმყავს აქციაზე, იმიტომ, რომ ამ მთავრობისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ისევე, როგორც წინა მთავრობისგან. დანარჩენი იქ ვართ... ისინიც მარბევდნენ და ეს მთავრობაც იმავე გზას ადგას. არ მგონია, ამ ქვეყანაში კიდევ არსებობდეს ადამიანი, რომელიც არსებულ საფრთხეს ვერ აანალიზებს. მეორე მხარეს რჩება ის ხალხი, ვისაც მხოლოდ პირადი ინტერესები აქვს, დასაქმებულნი არიან, რაიმე ბენეფიტით სარგებლობენ და შესაბამისად, პირად ინტერესს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ. ურჩევნიათ, დასჯერდნენ იმ სტატუსს, რაც ახლა აქვთ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აქციაზე საოცარი მუხტია. ჩემი შვილების თანატოლებს რომ ვუყურებ, გაოცებული ვარ. საოცრად თავისუფალი, ფერადი, ლაღი ადამიანები არიან, არაფრის ეშინიათ. თავისუფალ საქართველოში დაიბადნენ, ბევრი მათგანი ევროპასა და ამერიკაში ნამყოფია, ზოგი სწავლობს, ზოგიც მოგზაურობს, იციან, იქ როგორი ცხოვრებაა და არ სურთ, რუსეთში, საბჭოთა კავშირში. როცა ვიცი, რომ ჩემი შვილები და მათი მეგობრები იქ დგანან და საკუთარ ჯანმრთელობას სწირავენ, სახლში ვერ დავრჩები. მორალურად, მატერიალურად, ყველანაირად გვერდით ვუდგავარ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ოჯახი გვერდით ჰყავთ. ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ამ კანონს მიიღებენ იმიტომ, რომ ვეღარ აზროვნებენ, აგონიაში არიან. ეს ბოლო სტადიაა. ერთი კაცის ბოსტნად ქცევის მცდელობაა. მაგრამ, დიდი ბოდიში, მარო მაყაშვილი, 9 აპრილის გმირები, გიორგი ანწუხელიძე იმისთვის არ დაღუპულან, რომ ბიძინა ივანიშვილმა ის აკეთოს, რაც უნდა. თევდორე მღვდელსაც შეეძლო, სხვა გზა აერჩია, საკითხი თითოეული ადამიანის პირად პასუხისმგებლობაზე დგას. ამ მთავრობისგან კარგი მოლოდინები არ მაქვს, მათ ხალხთან კავშირი უკვე დიდი ხანია, გაწყვიტეს. რასაც ნაციონალური მოძრაობა ბოლო წლებში, სრულ აგონიაში აკეთებდა, ესენიც იმავეს იმეორებენ. მაგრამ ხალხი არ გაჩერდება, შეუძლებელია, ის ახალგაზრდები, რომლებსაც მე ვხედავ, რამით შეაშინონ.
ეკა ზურაშვილი, 3 შვილის დედა:
- თავიდან, როდესაც გვინდოდა, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი შეგვეცვალა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვიყავი და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა, ახალი ძალა ქვეყნის მომავალს სასიკეთოდ წაიყვანდა. მაგრამ, ეს ოცნებები ძალიან მალე დაგვემსხვრა. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ სადაც საჭიროა და შევძლებ, საკუთარ აზრს ყველგან დავაფიქსირებ და მომავალი თაობის გვერდით დავდგები. 3 შვილის დედა ვარ. მყავს ორი სტუდენტი და ერთი აბიტურიენტი და ვფიქრობ, მათი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პოზიცია გამოვხატო და ვიდგე იქ, სადაც ჩემი შვილები არიან. ერთი შეხედვით, ეს კანონი დიდ ურჩხულად არ გვეჩვენება. მაგრამ, არის იმის საშიშროება, რომ მას სხვა ძალითა და შინაარსით გამოიყენებენ. ტოტალიტარულიი რეჟიმი მახსენდება, როდესაც განსხვავებულ აზრს სდევნიდნენ და ვინც არ ეთანხმებოდა, ყველას აგენტად და მტრად აცხადებდნენ. ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჯანსაღი ოპოზიციაც არ გვყავს. ახალგაზრდებსაც არ სურთ, ძველი პოლიტიკოსების კედლად დაყენება და არც ასპარეზზე უშვებენ. იმიტომაა, რომ ცოტა ქაოტური მდგომარეობა იქმნება, მაგრამ ამას ვერავინ შეაჩერებს. ძალიან დიდი მუხტია. არის ხალხი, რომელიც ვერ გამოდის, ვერ ტოვებს სამსახურებს, მაგრამ გვეუბნებიან, რომ მთელი გულით ჩვენთან არიან და ჩვენს პოზიციას იზიარებენ. ვფიქრობ, ეს ხანგრძლივი ბრძოლაა. მთავარია, არჩევნებამდე მივიდეთ, რომ მეტი დამკვირვებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთოს, რადგან მგონია, რომ არჩევნებსაც გააყალბებენ... როგორმე ხელი უნდა შევუშალოთ, რომ თავიანთი პოზიციები დათმონ და დემოკრატიული წესით ამ ახალგაზრდებს ჩვენი მომავალი გადააბარონ. ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. 9 აპრილის მომსწრეც ვარ, სულ ვიბრძვით და ალბათ, ეს დაუსრულებელი ბრძოლაა, რომელიც ყველა თაობამ უნდა გამოსცადოს. აქციები გაგრძელდება და მეც ჩემი შვილებისა და მომავალი თაობის სადარაჯოზე ვიდგები.
ხატია მიმინოშვილი, 4 შვილის დედა:
- სხვადასხვა ასაკის 4 შვილი მყავს, ყველას თავისი საჭიროება აქვს და აქციებს თავად აქტიურად ვერ ვუერთდები, მაგრამ ჩემი უფროსი შვილი სამსახურის შემდეგ, პრაქტიკულად, სულ იქ არის. დისტანციურად, მუდმივად კონტაქტზე ვარ და რჩევებს ვუზიარებ, ლოკაციებისა და საშიშროების შესახებ ვაფრთხილებ, ვეუბნები, რას უნდა მოერიდოს, რა გაითვალისწინოს. უსაფრთხოების კუთხით, რაც კი ხელმისაწვდომია, ვცდილობ, ყველაფერი წინასწარ შევიძინო. ჩანთას ვუმოწმებ და ისე ვუშვებ, რომ თან ყველა საჭირო ნივთი ჰქონდეს, რათა საკუთარი თავიც დაიცვას და გარშემო მყოფებიც. ყველანაირად ცდილობ, მხარი დავუჭირო. მაგალითად, გუშინ სახლში ყავის დიდი შეფუთვა გვქონდა და გავატანე, ვუთხარი, ცივი ყავის გაკეთების საშუალება თუ ექნებოდათ, გაეკეთებინათ, რომ ენერგია შეენარჩუნებინათ. ჩემი შვილის მეგობრები და ჩემი მეგობრის შვილებიც იქ არიან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელი საქართველო დამეგობრდა. მინდა, რომ ეს მუხტი დადებითი შედეგით დასრულდეს. როცა მე ვერ მივდივარ, გადავწერ პირჯვარს და ვუშვებ. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ვნერვიულობ, არ მეშინია... მაშინ, როცა, მაგალითად, კლუბშია ან სადმე სხვაგან, იმაზე უფრო მეტად ვნერვიულობ. იმიტომ არა, რომ იქ მეტი საფრთხეა, ვიდრე აქციაზე - ის, რომ ჩემი შვილი თავის თანატოლებთან ერთადაა, ყველა ერთმანეთს ეხმარება, ყველა ერთი იდეისთვისაა, ძალას მმატებს. ვფიქრობ, ეს დღეები თავის ქვეყანას კიდევ უფრო მეტად შეაყვარებს. ოპტიმისტური განწყობით ვარ, მაგრამ ცუდის მოლოდინიც მაქვს. ვხედავ, რომ უკან აღარაფერზე იხევენ. ახლა გაჩერება არ შეიძლება. უბრალოდ, თუ გავჩერდებით, სავალალო შედეგს მივიღებთ. ეს მუხტი არ უნდა ჩაქრეს, უკეთესი მომავლისთვის ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ.
თამარ იაკობაშვილი