"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრის,დავით ქაცარავა დაკავებული და ნაცემია.ინფორმაცია თავდაპირველად ქაცარავას მეუღლემ სოფიო ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ცოტა ხანში კი ფოტოც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ნაცემი დავით ქაცარავას მეუღლე სოფო ხაჭაპურიძე "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი გამეტებით ცემა, იმ ე.წ. სისხლიანი 9 წლის დროსაც კი არ ახსოვს
სოფო ხაჭაპურიძე:
- დამირეკა რაღაც ნომრიდან და რომ ავიღე ხმაზეც კი ვერ ვიცანი, რომელი ბრძანდებით მეთქი და დათო ვარ შენი მეუღლეო, ხმაზე ვერ ვიცანი. გადავყავარ ინგოროყვაშიო, სასტიკად გამისწორდნენ, დალეწილი ვარო, ასე მითხრა პირდაპირ.
სერიოზული დაზიანებები აქვს თავის არეში, გამეტებით არის ნაცემი, ყბა-სახის, ყვრიმალის მოტეხილობა აქვს. "კატეც" გადაუღეს. გამეტებით მირტყამდა ძალიან ბევრი ადამიანიო. აქცია არ ჩაუდგია, სიცხიანიც კი იდგა აქციაზე, როდესაც სახეში შეასხეს სპრეი და შემდეგ ახალგაზრდები დაეხმარნენ, გამოიყვანეს მდგომარეობიდან. ერთი საათი მხედველობა არ მქონდაო. ეს იყო 30 აპრილს დარბევის დროს.
ყოველდღე იქ იყო, ყველამ იცის, რომ აქტივისტია, გუშინ და დღეს არ გაგვიგია ეს ამბავი. დღეს რატომ იყო განსაკუთრებული სამიზნე ჩემი მეუღლე ამას ვერ გეტყვით. უბრალოდ ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან არაადეკვატურად აგრესიულები. ჩვენ წლებია ყველანაირი ტიპის აქციაზე გამოვსულვართ, ყველანაირი ძალადობის გასაპროტესტებლად, მაგრამ მსგავსი გამეტებით ადამიანების ცემა, ე.წ. სისხლიანი ცხრა წლის დროსაც არ მახსოვს.
საბოლოო ჯამში ეს ხალხი ასეთი ძალადობით ამ ომს რომ წააგებს უნდა ხვდებოდნენ. ალბათ ბოლო წუთებს ითვლიან თავის ჩაბღაუჭებულ მდგომარეობას ხელისუფლებაზე, სკამებზე თუ ქონებაზე. წარმოუდგენელი ამბავია რაც ამჟამად ხდება. იმ ახალგაზრდების სულისკვეთება, რომლებიც არიან ამ წუთას ქუჩაში, გუშინაც ვნახეთ, იმის წინათ, სუფთა ხელებითა და გონებით, გახსნილი აზროვნებით, იმას როგორ ეხებიან საერთოდ წარმოუდგენელია, ვერც შეეხებიან ვერასოდეს. განაგრძეთ კითხვა