დიზაინერი, ჟურნალისტი, ბლოგერი და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელი მარგარეტ დაიაური ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"ხევსურეთში თუ რამე კარგი საქმე გაკეთებულა, 80% - ი სულ გრანტებით და უცხოური დაფინანსებებით, ერთადერთი შანსი რომ მთა განვითარდეს და როგორც ქართველებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მომხიბვლელი გახდეს, ადგილობრივი კულტურის ხელშეწყობა და განვითარებაა.
2 წლის წინ „აწარმოე საქართველოს” გრანტი რომ მოვიგე და ხევსურეთის სოფელ შატილში, ციხე-ქალაქში, სახელოსნო, სამკითხველო და საგამოფენო სივრცე მოეწყო, რომელიც კაფესთან ერთად ფუნქციონირებდა, საიდან დაფინანსებული იყო, თუ არა უცხოელი ინვესტორებისგან?! ხევსურეთში ინტერნეტიზაციის კამპანია რომ დაიწყო და დღეს ხალხს სოფლებში, სადაც იქამდე არასდროს ყოფილა ინტერნეტი და მობილური კავშირი, კილომეტრების გავლა რომ უწევდათ, ოჯახის წევრებთან დასარეკად და უბრალოდ, იმის სათქმელად, რომ ცოცხლები იყვნენ, ახლა რამდენიმე წელია გარესამყაროსთან წვდომის შესაძლებლობა და ინტერნეტი რომ აქვთ, საიდან თუ არა უცხოური დაფინანსებით?! ხევსურეთში, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ერთნაირი გადახურვა რომ გაკეთდა, საიდან დაფინანსდა, თუ არა უცხოური დაფინანსებით?! ხევსურეთის რამდენიმე სოფელში მზის დაფები რომ დაიდგა, სადაც ელექტროენერგია დღემდე არაა, საიდან დაფინანსდა თუ არა უცხოური დაფინანსებით?! პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთში საოჯახო სასტუმროები რომ გაკეთდა, რომელიც მოსახლეობის ძირითადი და ხშირ შემთხვევაში, ერთადერთი შემოსავლის წყაროა, საიდან დაფინანსდა თუ არა უცხოური დაფინანსებით?! აი, რომელი ერთი ჩამოვთვალო და ყველა ეს საქმე აგენტობა ან თუნდაც, უცხოური ქვეყნების ინტერესების გატარებაა?!ნებისმიერი წინსვლა ან მეტი განვითარება, პირდაპირ ამ უცხოურ გრანტებს და დაფინანსებებს უკავშირდება, რადგან მთავრობას საერთოდ არ აინტერესებს მთის განვითარება, ხელშეწყობა და წინსვლა, ათასში ერთხელ ან საარჩევნოდ, პირადი სარგებლის შემთხვევაში უწევს საქმის კეთება, ისიც თუ უკვე უმძიმესი მდგომარეობაა და რაღაცა თავზე ექცევათ ადამიანებს! ახლა ამ კანონის დამტკიცებით, ვინმეს ნებისმიერი კარგი იდეის განხორციელება როცა მოუნდება, გრანტის მოპოვება, საგანმანათლებლო სივრცის, სასტუმროს, პატარა საწარმოს ან რაიმე მსგავსის გაკეთება, აგენტი ერქმევა ან უცხოური ქვეყნების ინტერესების გამტარებელი და რისთვის?! ერთადერთი სურვილი და შანსი რომ აქვთ ადამიანებს, ახალგაზრდებს, საკუთარი კუთხე და ქვეყანა, კიდევ უფრო განავითარონ, წარმოაჩინონ და პოპულარიზაცია გაუწიონ?!კვდება ხევსურეთი! იცლება! და ამ კანონით, ერთადერთი შანსი ერთმევა ხალხს, რომ საკუთარი ძალებით თუ ვერ შეძლებენ, გრანტებით მაინც დაუბრუნდნენ ან იქ მყოფებმა, კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი კუთხე მეტი მოტივაციითა და შემართებით და პირველ რიგში, დაბრუნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მთას სიკვდილისგან იხსნიან! საქართველოს მთავრობა, თუ არაფერს აკეთებდით, იმის შანსი მაინც დაგეტოვებინათ მოტივირებული ადამიანებისთვის, ღირსეულად ეკეთებინათ თავისი საქმე, აეხდინათ ოცნებები და შეესრულებინათ თავისი მიზნები და არა აგენტები და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები გეძახათ! უცხო ქვეყნის კი არა, საკუთარი ქვეყნის და საკუთარი კუთხის ინტერესების გამტარებლები ვართ ჩვენ!!! თქვენ არაფრით განსხვავდებით რუსული მმართველობისგან და იმ რეჟიმისგან, რომელმაც 1951-1953 წლებში ხევსურები ჩამოასახლეს და თითქმის სრულად დაცალეს მთელი კუთხე! საქართველოს პარლამენტო, გახსოვდეთ! ხევსურეთს არ კლავენ ადამიანები, ვინც მთას ტოვებენ, ან ვერ ბრუნდებიან, ხევსურეთს კლავთ თქვენ, მათ რომ დაბრუნების და იქ ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევთ!!!