ეს აღთქმა საკუთარ თავს დაუდო - ბავშვებს შორის კითხვისადმი სიყვარული უნდა გააღვივოს პენსიაზე გასული ყოფილი მასწავლებელი ფურგონიანი მანქანით იტალიის ყველაზე ღარიბ რეგიონებში მოგზაურობს და მოძრავ ბიბლიოთეკას დაატარებს. ეს აღთქმა საკუთარ თავს დაუდო - ბავშვებს შორის კითხვისადმი სიყვარული უნდა გააღვივოს.
ყოფილი მასწავლებელი ლა კავა 42-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ 2003 წელს გავიდა პენსიაზე. იმის მაგივრად, რომ სხვა მოხუცებივით საკუთარ ბაღჩაში ეფუსფუსა, ფურგონიანი მანქანა შეიძინა, საცხოვრებლად აქცია, 700 საბავშვო წიგნიც შეიტანა და ბორბლებიანი ბიბლიოთეკა გზას გაუყენა.
მას შემდეგ ყოველდღიურად თითქმის 500 კილომეტრს გადის. როგორც თავად ამბობს, უნდა, რომ ბავშვებს კითხვა შეაყვაროს, რასაც სკოლა ვერ ახერხებს.
"სკოლაში კითხვის ტექნიკას ასწავლიან, სიყვარულს - არა. ამიტომ ბავშვებს წიგნის დამოუკიდებლად წაკითხვის სურვილი არ უჩნდებათ, შესაბამისად, ვერც სიამოვნებას ღებულობენ", - ამბობს ანტონიო ლა კავა.
მას კარგად ესმის, რომ კომპიუტერზე ერთი დაკლიკებით ნებისმიერი წიგნის პოვნა შეიძლება, თუმცა ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვეულებრივი ნაბეჭდი წიგნის მომაჯადოებელ ძალას მაინც ვერაფერი შეედრება.