ვისთან დარჩება ბავშვი განქორწინებისას და რა შემთხვევაში აშორებს სასამართლო შვილს დედას - იურისტი ვახტანგ მაჭავარიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკეტებებს განმარტებებს.
"სამართლებრივად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მშობელი დედაა თუ მამა. ორივეს ერთნაირი უფლებები და ვალდებულებები გააჩნიათ, თუმცა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსზღვრისას სასამართლო მოქმედებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სასამართლო წარმოებისას საქმეში ერთვება სოციალური სამსახური და მათი წარმომადგენლები იკვლევენ ბავშვის სავარაუდო საცხოვრებელს, ოჯახში არსებულ ატმოსფეროს, სწავლის თუ განვითარების საშუალებებს. ძირითადად, მათ დასკვნაზეა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა ბავშვებს, მით უმეტეს, მცირეწლოვნებს, დედებთან მიჯაჭვულობის მაღალი ხარისხი გააჩნიათ და ბავშვის დედისგან მოცილებისათვის უნდა არსებობდეს ისეთი არგუმენტირებული მიზეზი,
რომელიც არ მისცემს სასამართლოს დედისათვის ბავშვის აღზრდის მინდობის საშუალებას. ასეთი არგუმენტი შეიძლება იყოს ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ბავშვზე ძალადობა ან მისი ინტერესების უგულებელყოფა.
ასე რომ, დედასთან ბავშვის აღზრდა პრიორიტეტად რჩება, თუ დედას აქვს ბავშვის ნორმალურად გაზრდის საშუალება." - ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი.