საქართველოში 18-დან 27 წლამდე ასაკის ბიჭები ვალდებულნი არიან, სამხედრო სამსახური გაიარონ. თუმცა, ზოგი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ზოგიც სწავლისა თუ სხვა მიზეზების გამო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ვერ ახერხებს და შესაბამისად, ვერც ცნობას იღებს. ხშირად საუბრობენ, რომ არსებობს საჯარო სამსახურები, სადაც მამაკაცებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ აქვთ, არ დაასაქმებენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს:
"თავდაცვის კოდექსი არ ადგენს რაიმე სახის შეზღუდვას იმ პირის დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური არ გაუვლია."
მათივე თქმით, 27 წლის ასაკის შემდეგ მამაკაცები, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაუვლიათ, რეზერვში ირიცხებიან:
"თავდაცვის კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი და: ა) იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე, მაგრამ არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში; ბ) არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე, აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. აღნიშნულ პირზე გაიცემა რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი კატეგორიის პირები წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურს აღარ გაივლიან."
ასევე, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 17 წელს მიღწეული პირების სასწავლებელში ჩარიცხვისა და დასაქმების შემთხვევაში წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აუცილებელია. დოკუმენტის წარდგენის გარეშე დასაქმება ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა აკრძალულია.
"თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 17 წელს მიღწეული პირი ( გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში, არ ჩარიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში."
თამარ იაკობაშვილი