სულ მალე საჯარო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყება. ამ დროისთვის ბავშვი 2 წლის უნდა იყოს. შესაბამისად, 2 წლიდან ნებისმიერი ბავშვი შეიძლება გახდეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, თუმცა ბევრი სპეციალისტი მშობლებს ურჩევს, რომ პატარა სამი წლის ასაკიდან შეიყვანონ ბაღში.
რა არის ამ რეკომენდაციის მთავარი მიზეზი? ესაა "ბაღიდან მოტანილი ვირუსები", რომელთა გამო ბაღის აღსაზრდელები იმდენად ხშირად ავადობენ, რომ სანახევროდ შინ ატარებენ სააღმზრდელო წელიწადს. ამაში უცნაური არაფერია, თუმცა ხშირი ავადმყოფობა მაღალი სიცხეებით და გართულებული ხველით საკმაო სტრესია ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც.
საქმე იმაშია, რომ სწორედ 3 წლის ასაკისთვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას უკვე შეუძლია, გარედან შემოჭრილ ინფექციებს წინააღმდეგობა გაუწიოს. საერთოდ, ხალხმრავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 3 წლამდე ბავშვის ტარება სასურველი არ არის. ასეთი გამოცდილება ჯობია უფრო გვიან მიიღოს.
ანუ, საბავშვო ბაღში ბავშვის იმუნური სისტემა უცხო ინფექციებს ეჯახება. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ავად არ გახდება, ბავშვის ორგანიზმი შეიძლება ინფექციის მატარებელი იყოს და ფიზიკურად ეს არც გამოუვლინდეს.
რა თქმა უნდა, ყველა ბავშვის ორგანიზმი ხვდება საბავშვო ბაღში ახალ-ახალ ვირუსებს, თუმცა უფრო ძლიერი ორგანიზმი მათ უბრალო სურდოთი გადაიტანს, ზოგს კი მაღალი სიცხეებით მოუწევს ვირუსებთან ბრძოლა. ზოგ შემთხვევაში გართულებებიც მოჰყვება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გაივლის, თუმცა ხშირი ავადმყოფობა არც ერთი ორგანიზმისათვის არ არის სიკეთის მომტანი. ამიტომ ჯობს იმ ასაკში მიიყვანოთ ბაღში, როცა იმუნური სისტემა მეტნაკლებად მზადაა ახალ მიკროორგანიზმებთან შესაჭიდებლად.
ბავშვის ორგანიზმი ბაღის ჰიგიენურ გარემოსაც უნდა შეეჩვიოს. იქ იატაკი ისე სუფთა არ არის, როგორც სახლში, ჭურჭელსაც სხვა საწმენდი საშუალებებით ამუშავებენ, თეთრეულიც სხვა სარეცხთან ერთად ირეცხება, აღარაფერს ვამბობთ საკვებსა და მის მომზადებაზე. ამ ყველაფერს ბავშვის ორგანიზმი უნდა მიეჩვიოს. ადაპტაციის პერიოდი პატარ-პატარა ავადმყოფობებით მიმდინარეობს. თუმცა თუ ბავშვი სიძნელეებს ვერ უმკლავდება და დაავადებებიც რთულად მიმდინარეობს, ანტიბიოტიკების ჩართვაც ხშირად ხდება საჭირო, ბაღში სიარულის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება პედიატრთან შეთანხმებით უნდა მიიღოთ.