ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი გადაცემაში "შენი შუადღე" საუბრობს, როგორ ვისწავლოთ ჩვენი თავისადმი სიყვარულით მოპყრობა და რა მნიშვნელობა აქვს ამას:
- საკუთარი თავისადმი სიყვარულით მოპყრობა მნიშვნელოვანია. ეს ცოტა ფილოსოფიური და ხმამაღალი რამ არის. განსაკუთრებით, საქართველოში, როცა ადამიანებს ლმობიერებასა და თვითსიყვარულზე ველაპარაკები, დაბნეულები მისმენენ ხოლმე. არ მიკვირს, იმიტომ, რომ თავადაც ძალიან დაბნეული ვუსმენდი, როდესაც ამაზე დასავლელი ადამიანები მესაუბრებოდნენ. საქართველოში საკუთარი თავის მოყვარულ ადამიანებად არ გვზრდიან. მეტყვით, ამდენი ნარცისი დადის და როგორ შეიძლება, ასე იყოსო. თუმცა, ნარცისიზმი საკუთარი თავის უკიდურესი არსიყვარულია. ეს უბრალოდ რაღაც გარკვეული როლის თამაშია. ყველაზე მეტად, ვისაც შეიძლება საკუთარი თავი არ უყვარდეს, ეს არის ნარცისი. ჩვენი თავის არმოყვარულ ადამიანებად გვზრდიან. საკუთარ თავს არაფერს არ შევუნდობთ ხოლმე. ლმობიერებით არ ვეპყრობით... კრიტიკული შინაგანი ხმა გვაქვს და ამით ჩვენსავე თავს მუდმივად ვებრძვით. "რას იტყვის მეზობელი?" - ხანდახან ყველაზე აქტუალური ეს არის. თვითსიყვარული უნდა ვისწავლოთ. ჩვენს კულტურაში ეს შეიძლება არ იყოს, მაგრამ თვითსიყვარულს სწავლა სჭირდება. როგორ შეიძლება, ადამიანმა თვითსიყვარული მცირე, ელემენტარული ქმედებებით ისწავლოს? - თვითსიყვარულის გამოვლინება არის ის, რომ ადამიანმა თავის თავს აპატიოს და შეუნდოს, რომ მას რაღაც ტიპის ემოციები და განცდები აქვს. უიმედობა გაქვს? - რა მოხდა, მერე?! ნუ დასჯი ამისთვის. არა მხოლოდ არ დასაჯო შენი თავი, არამედ შეეცადე, რომ შენს თავს ამ უიმედობისა და დეპრესიის დროს ისე მოეპყრა, როგორც საუკეთესო მეგობარს ან ოჯახის წევრს მოექცეოდი. უსაყვარლესი მეგობარი, ოჯახის წევრი რომ წარმოიდგინოთ, რომელიც თქვენთან დეპრესიული და უიმედო მოვიდა და გადაწყვიტეთ, რომ მასზე იზრუნოთ, დარწმუნებული ვარ, ზრუნვის უამრავი ფორმა გექნებათ. იექსპერიმენტებთ, რომ მიაგნოთ იმას, რაც მას მდგომარეობას შეუმსუბუქებს. ეს მოდელი საკუთარ თავს მოარგეთ. ჩათვალეთ, რომ ახლა გჭირდებათ სიყვარული და მხარდაჭერა. ეს თვითსიყვარულის პირველი ნაბიჯებია.