მედიკო იაშვილი ცნობილი ქართველი პოეტის, პაოლო იაშვილის ქალიშვილი იყო. გამორჩეულად ლამაზი და როგორც მისი თანამედროვენი წერენ სოციალურ ქსელში, ქუჩაზე რომ ჩამოივლიდა, თვალს ვერ ვაშორებდით, ისეთი ლამაზი, კდემამოსილი და ამოუცნობი იყოო.
მედეას არ ჰქონდა საჯარო ცხოვრება და არც გამოჩენა უყვარდა დიდად. ცნობილია, რომ მამას გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა ქალიშვილთან და თვითმკვლელობამდე სწორედ მას დაუწერა წერილი, რომელიც დღეს საყოველთაოდ ცნობილია.
”ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.
არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.
შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა".
როგორც ცნობილია, პაოლო იაშვილმა 1937 წლის 22 ივლისს მოიკლა თავი მწერალთა სახლში. ამ ფაქტს ბევრი რამ უძღოდა წინ და პირველ რიგში, ბევრი წლით ადრე მისი ძმის ტრაგიკული ბედი - პაოლოს ოთხი ძმიდან ერთი ერთი ძმა 1924 წელს დახვრიტეს შორაპანში აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის გამო. სხვათა შორის, მეორე ძმასაც ერგო მძიმე ხვედრი - პაოლოს თვითმკვლელობიდან რამდენიმე წელში, 1940 წელს გადაასახლეს.
თავად პაოლოს კი თვითმკვლელობამდე ძალიან ავიწროებდნენ, დევნიდნენ მის თავისუფალ ლექსებს, „იდეოლოგიურ მავნებლობაში“ სდებდნენ ბრალს და მსჯელობდნენ პოეტის „მოღალატებრივ საქმიანობაზე“. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ „ხალხის მტრისა და დივერსანტის“ საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ - დაგვიმტკიცეო. იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე უარი თქვა ტიციან ტაბიძემ და ამის გამო თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი...
თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში მოიკლა თავი. მაშინ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: „ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა“. საბჭოთა ხელისუფლებამ მკვდარ პოეტს სასამართლო მოუწყო. აიკრძალა მისი სახელის ხსენება. პაოლო იაშვილის რეაბილიტაცია მოხდა მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ და 1955 წელს გამოიცა პირველი წიგნი.