გასულ კვირას, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში,33 წლის ქართველი ქალი ნათია გულბანი მოკლეს. პოლიციამ მალევე დააკავა მოკლულის მეუღლე 32 წლის კაცი, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 2 ივნისის ღამე მოხდა. ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.
შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლებს ბინიდან ჩხუბის ხმა მოესმათ, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.
ესპანური მედია წერს, რომ თავდაპირველად, გამოძიება სუიციდის ვერსიას განიხილავდა, მაგრამ მომხდარის ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებებით, ასევე თვითმხილველების მონათხრობითა და პირველადი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესაძლოა, ქალი ფემიციდის მსხვერპლი გახდა.
5 ივნისს, ბარსელონას სასამართლომ გარდაცვლილის პარტნიორი კაცი მკვლელობისა და გენდერულ ძალადობაში ბრალდებით დააპატიმრა.
როგორც ადგილობრივიმედია წერს, ქალი, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა, სავარაუდო სექსისტური დანაშაულის მსხვერპლი იყო. ქალთა მიმართ ძალადობის მე-4 სასამართლომ დაკავებულს დროებითი პატიმრობა შეუფარდა, გირაოს გამოყენების გარეშე.
საქმის მიხედვით, მსხვერპლს სხეულზე ჰქონდა სისხლჩაქცევები და ჭრილობები, რაც მუდმივმა ძალადობამ გამოიწვია, თუმცა ამის შესახებ გარდაცვლილს არავისთან უსაუბრია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ბინაში მყოფმა გარდაცვლილის ქმარმა და დედამთილმა განაცხადეს, რომ ქალმა თავი მოიკლა. თუმცა მოწმეები, მათ შორის მეზობელი, რომელმაც მომხდარი მოპირდაპირე ბინიდან ნახა, ამტკიცებენ, რომ მამაკაცმა კამათის შემდეგ ქალი აივნიდან გადააგდო. განაგრძეთ კითხვა